ავტორი:

"სად და როგორ წახვიდეთ უფასოდ, ან 2-3 ლარად, მე მიგასწავლით!" - მოგზაურის რჩევები მშობლებისთვის

"სად და როგორ წახვიდეთ უფასოდ, ან 2-3 ლარად, მე მიგასწავლით!" - მოგზაურის რჩევები მშობლებისთვის

ჟურნალისტი და მოგზაური თინათინ მოსიაშვილი თბილისში შვილებთან ერთად დარჩენილ მშობლებს სთავაზობს ადგილებს, რომლის მოსანახულებლადაც აგვისტო შესანიშნავი დროა. როგორც მოსიაშვილი „ფეისბუქზე“ წერს, თბილისსა და შემოგარენში მოგზაურობა უფასოდ, ანდა - მინიმალური თანხითაც არის შესაძლებელი :

"მშობლებო, იარეთ შვილებთან ერთად!

მამებო, თუ ქალაქიდან ვერ გაგყვათ ბავშვები, ტელევიზორის წინ წამოგორებას და პოლიტიკოსების გინებას, ცოლ-შვილთან ერთად თბილისის შემოგარენში იარეთ.

დედებო, თქვენც ნუ იბუზღუნებთ და ამ ბუზღუნით ნუ დაღლით შვილებს, რომ ყველა წავიდა დასასვენებლად, თქვენ კი - ვერა.

ვიყოთ ბედნიერები იმით, რაც გვეძლევა.

აგვისტოს თბილისს კიდევ სხვა ხიბლები აქვს.

მთავარია ის არის, რომ ბავშვებს სჭირდებათ მშობლებთან ერთად სიარული! რასაკვირველია კარგია უცხოეთში წასვლაც, ძვირადღირებულ სასტუმროებში დასვენებაც, მაგრამ ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ერთად ყოფნაა!

თქვენ მოინდომეთ და სად და როგორ წახვიდეთ უფასოდ, ან 2-3 ლარად (ანუ 1 კოლოფი სიგარეტის ან ერთი ქილა ლუდის ფასად) მე მიგასწავლით!

თბილისის მუზეუმები ზოგი უფასოც არის (რომელია უფასო, მოდი ამას მაინც დაგიზუსტებთ და ისე დავდებ), სხვა მუზეუმებშიც სკოლამდელი ასაკის ბავშვებს უფასოდ შეიყვანთ, სასკოლო ასაკის ბავშვებს - უმეტესად 50 თეთრად, უფროსების ბილეთი 1-2-დან 7 ლარამდე მერყეობს.

მუზეუმში თუ გიდის აყვანა ვერ შეძელით, არა უშავს, ექსპონატებს ხშირად აქვთ ანოტაცია, ან წინაწარ ვებგვერდზე ნახეთ მასალა და თქვენ აუხსენით ბავშვს, ან მერე მოძებნეთ ინტერნეტში (ამით მოზარდს მიაჩვევთ, რომ ინტერნტი მხოლოდ თამაშისთვის არ არის მოგონილი).

უფასოა:

თბილისის ზღვა და დენდროლოგიური პარკი (ზღვაზე ვარკეთილის მხრიდანაც მიდის ტრანსპორტი და თემქის მხრიდანაც );

ზღვასთან საქართველოს დიდების მემორიალი (როგორც გოგოებმა მომწერეს, 60 ნომერი ყვითელი ავტობუსი ადის ღრმაღელის მეტროდან);

ნარიყალა - მთაწმინდის ბილიკი;

ნარიყალა - ლეღვთა ხევი - თაბორის მთა (ამ მარშრუტზე კრწანისი ბრძოლის ამბებიც შეიძლება უამბოთ ბავშვს);

კუს ტბა - მთაწმინდის პარკი (ახლა „ბომბორა" ვიცი რომ საკმაოდ ძვირია, მაგრამ შეგიძლიათ ბავშვს აუხსნათ, რომ ამჯერად სალაშქროდ წამოხვედით, საქანელები სხვა დროს იქნება);

კუს ტბა (თუ ეთნოგრაფიულ მუზეუმში შეხვალთ, იქ ბილეთის ფული კი დაგჭირდებათ. საბაგიროთი ასვლა 1 ლარი ღირს);

ბოტანიკურში შესვლაც არ დაგიჯდებათ ერთ კოლოფ სიგარეტზე ძვირი;

კოჯრის ციხე და უძოს მთა (მგზავრობა ყვითელი ავტობუსით 50 თეთრია, სკოლის მოსწავლეებისთვის უფასო. ავტობუსი გადის ორბელიანის, ანუ კოლმეურნეობის მოედნიდან);

წავკისი - შინდისი - ტაბახმელა - კიკეთი - 50 თეთრი და ყვითელი ავტობუსები ისევ ორბელიანის მოედნიდან;

ბეთანიაში ცოტა მეტი მოგიწევთ სიარული, მაგრამ ღირს. შეგიძლიათ გაყვეთ კიკეთის ან კოჯრისკენ მიმავალ ავტობუსს და მძღოლი მიგასწავლით, სად ჩახვიდეთ;

მცხეთა (სვეტიცხოველი, ანტიოქია, სამთავრო);

არმაზი;

ბაგინეთი;

ზედაზენი (მცხეთისა და საგურამოს სარეისოები დადის დიდუბიდან და 1 ლარი ღირს. მძღოლი გეტყვით, სად ჩახვიდეთ და მერე მონასტრამდე 5,5 კილომეტრია);

შიო-მღვიმის მონასტერი (სამთავროდან ან ძეგვის რკინიგზის სადგურიდან ფეხით შეგიძლიათ იაროთ);

თხოთის მთა და ქსნის ციხე (აი, ავთომ გამახსენა და ტრასაზე კასპი-გორისკენ მიმავალ ნებისმიერ ტრანსპორტს გაყევით);

გრაკლიან-სამთავის-ქვემო ჭალა-სხვილოს ციხეც მშვენიერი მარშრუტია (2-2,5 ლარი ეღირება გზა);

წილკანი და ძალისი (დუდუბიდან გადის წილკნისკენ სარეისო და 1,5 ლარი ღირს მგზავრობა);

მუხრანის ტაძარი და შატო-მუხრანი (თუ რამე ღონისძიება არ აქვთ, ტერიტორიაზე უპრობლემოდ და უფასოდ შეგიშვებენ);

მარტყოფის მონასტერი (ნორიოს სარეისო გადის სამგორიდან და 1,5 ლარი ღირს, ბოლო გაჩერებიდან 4-5 კილომეტრის გავლა მონასტრამდე ფეხით მოგიწევთ);

შავნაბადა (ფონიჭალიდან ან თელეთიდან ფეხით ადით);

ბირთვისი (ფარცხისამდე გაყევით თერიწყაროს სარეისოს სამგორიდან, 3 ლარი ღირს);

თუ ღამისთევით წახვალთ, საღამოს კოცონთან მწვადს თუ არა კარტოფილს ან სიმინდს შეწვავთ და კარავში გაათენებთ ღამეს, მერწმუნეთ, აბსოლუტურად სხვანაირი ურთიერთობით დაბრუნდებით.

ეს თქვენს შვილებს ძალიან სჭირდებათ და, მერწმუნეთ, მათზე მეტად თქვენ!

ჰო, მეზობელ ბავშვებს რომ ვუყურებ, აქ თბილისური და თბილისის შემოგარენის მარშრუტები დავწერე, თორემ ყველა ქალაქსა და სოფელს მოეძებნება ისეთი ადგილი, სადაც ოჯახი ერთად შეიძლება გავიდეს და დაისვენოს.

არ იყენებდე ბოტანიკური ბაღის, თბილისის ზღვისა და შემოგარენის რესურსს, მე დანაშაული მგონია!

P.S. ჰო, ჩვენ კი დაგვყავს ასეთი ბავშვები, მაგრამ რადგან ამ პოსტს ბევრი გამზიარებელი გამოუჩნდა, მათ შორის ისეთებიც თუნდაც 5-10 ლარის შემოწირვას რომ მოახერხებენ (მარინას 50 ლარი გვაქვს) ჩემს თბილისში მყოფ სტუდენტებს შეუძლიათ ასეთი ბავშვებისთვის რამე მოიფიქრონ.

კი, ბატონო, თუ შემწირველები გამოჩნდებით, ასეთი ბავშვებისთვის რამდენიმე ტური გავაკეთოთ."

ქორწილი კარანტინის დროს - ნეფე-დედოფალი და მაყარი თბილისის ქუჩებში ველოსიპედებით სეირნობენ (ვიდეო)

"რა ხდება როცა კორონა გიდასტურდება და ამ სიგიჟეებს პალატიდან კითხულობ..." - რას წერს ქართველი გოგონა, რომელიც გამოჯანმრთელებული 139 პაციენტიდან ერთ-ერთია

"გამარჯობა სიცოცხლე... ცრემლები მომდის ამას რომ ვწერ, მე გამოვიარე ჩუმი სიკვდილი" - რას წერს ქართველი ქალი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა