ავტორი:

"კისერს კისერზე რომ დამადებს და ფშვინვას იწყებს, ნეტარებისგან მეცხრე ცაზე ვარ" - ხათუნა ლაგაზიძის 11 ძაღლი და ცნობილი ექსპერტის სხვა ამპლუა

"კისერს კისერზე რომ დამადებს და ფშვინვას იწყებს, ნეტარებისგან მეცხრე ცაზე ვარ" - ხათუნა ლაგაზიძის 11 ძაღლი და ცნობილი ექსპერტის სხვა ამპლუა

ბიგლი ძაღლის ჯიშია, რომელიც დიდ ბრიტანეთში XIV საუკუნეში გამოიყვანეს. ვარაუდობენ, რომ ის ჰარიერის და ძველი ინგლისური მეძებრის შთამომავალია.

ბიგლი სხვადასხვა შეფერილობისაა, აქვს გრძელი ყურები, ნაზი ბეწვი, კარგად უძლებს სიცივეს თუ სიცხეს და მშვენივრად ეგუება სხვა ძაღლებს. საქართველოში უკვე ბევრს ჰყავს ბიგლი, თუმცა აქამდე არ დაფიქსირებულა ფაქტი, ძაღლს 10 ლეკვი გაეჩინოს. ცოტა ხნის წინ კი პოლიტიკის ექსპერტის, ხათუნა ლაგაზიძის ბიგლი, სახელად ლუნა-მთვარისა 10 ლეკვის დედა გახდა.

AMBEBI.GE-ს ამ ინტერვიუში ცნობილ ექსპერტს სხვა კუთხით დაინახავთ და გაიგებთ, როგორი დამოკიდებულება აქვს მას ოჯახის ოთხფეხა წევრთან:

- მთვარისა ერთი ათად გაგვიმრავლდა! ფილმიდან „ღვინის ქურდები“ დალოცვის არ იყოს, „ცხრა უღელი ხარი მოგცეს, გუთნეული გაგიგრძელოსო“, ზუსტად ეს დაგვემართა. ოღონდ, ჩვენი „ლუნა“ 9-ზე მეტად გამრავლდა, ამ დალოცვას გადავაჭარბეთ. სახლში 10 არაჩვეულებრივი ლეკვი გაჩნდა. მთვარისა რეკორდსმენია! საქართველოში მსგავსი არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა - ბიგლის ათი ლეკვი ჯერ არ გაუჩენია. ჩემი მთვარისა პირველია.

ნამდვილად გმირულად გადაიტანა ორსულობაც და მშობიარობაც. ორსულობისას დიდი და ფორმადაკარგული იყო. ექოზე რომ დაგვყავდა, გვეუბნებოდნენ, 7 ლეკვს გააჩენსო, ათს ვერავინ ვარაუდობდა.

მშობიარობა ძალიან გადაუცილდა, რაც ძალიან განვიცადეთ. 24 საათის განმავლობაში ახალგაზრდა ექიმის - გოგა კანაშვილის მეთვალყურეობის ქვეშ იყო. ამ საოცარ ლეკვებს 16 საათი მშობიარობდა. ექიმის გმირობის თუ სუპერპროფესიონალიზმის დამსახურებაა, რომ მძიმე მშობიარობას ყველა გადაურჩა, მიუხედავად იმისა, რომ ლეკვების მოგუდვის საშიშროება არსებობდა, ყველა ჯანმრთელი და ულამაზესია.

აქვთ ბიგლისთვის ტრადიციული შეფერილობა სამ ფერში. თან, ფაქტობრივად ძეობა გვქონდა - დაიბადა სამი გოგო და შვიდი ბიჭი.

- "ღვინის ქურდები“ ახლა მე გამახსენდა. იმ დალოცვის მეორე ნაწილია - „შვიდი შვილი ვაჟი მოგცეს, წვერი თეთრად დაგეფეროს“...

- კი, ხომ გეუბნებით ასეა-მეთქი... აქედან სამი ღია ქერა, ყავისფერი და თეთრია. სამივეს ულამაზესი მწვანე თვალები აქვს, რაც ასევე იშვიათობაა. დანარჩენი შვიდი - ყავისფერი, ჟღალი, თეთრი და შავია.

მოკლედ, ის დღეები ძალიან განვიცადეთ, შემდეგ კი ჩემი წყნარი და მოსიყვარულე მთვარისა საოცრად აგრესიული იყო, პირველი სამი დღე თავის ლეკვებს არ გვაკარებდა. მერე და მერე მიეჩვია, რომ შვილები ჩვენთან ერთად უნდა გაეზარდა. ეს 10 ლეკვი ულამაზესი კია, მაგრამ წარმოიდგინეთ, თბილისში, სამოთახიან ბინაში - დედა ძაღლი და 10 ლეკვი. სანამ მასთან იყვნენ და თვალი ახელილი არ ჰქონდათ, რა გვიჭირდა. მერე კი უნდა გენახათ, ყველა რომ დაბორიალობდა, თამაშობდა, რა ხდებოდა ჩვენთან.

მიუხედავად იმისა, რომ საოცრად დიდი შრომა უნდა მათ მოვლას, ეს ყველაფერი არნახული სიამოვნებაა. ამიტომ მათთან ურთიერთობა ერთ-ერთი ლამაზი და დაუვიწყარი პერიოდია ჩემს ცხოვრებაში. ჩემს სახლში 11 ოთხფეხა ანტიდეპრესანტი დარბოდა...

სხვათა შორის, ეს მათი მშობლებისთვის პირველი ქორწინება გახლდათ. მამა „უნოც“ ულამაზესი ძაღლია და ისიც რეკორდსმენია. მათმა შვილებმა კი დიდი ბედნიერება შეიტანეს პატრონების ოჯახებში, რადგანაც თითოეულს უკვე თავისი პატრონი ჰყავს. გავანაწილეთ და დავაბინავეთ, ოღონდ, ერთი ბიჭი "რიჩმონდი" ჩემმა მეუღლემ დაიტოვა.

- რით იზიდავს ეს ძაღლი ადამიანებს. როგორც ვიცი, ბევრი ფანი ჰყავს...

- კი, ბიგლების ფანკლუბი არსებობს. უპირველესად ალბათ იმიტომ, რომ ულამაზესები არიან. შეიძლება სუბიექტური ვიყო, მაგრამ ბევრი დამეთანხმება, რომ ყველაზე ლამაზი ლეკვები ჰყავთ, არიან თბილები და ზეხალისიანები. კისერს კისერზე რომ გადაგადებს და ფშვინვას დაიწყებს, ნეტარებისგან მეცხრე ცაზე ვარ ხოლმე.

ჩემი "მთვარისა" მშობიარობის შემდეგ ძალიან დასერიოზულდა, რასაც ვერ ვეგუები, არადა, ერთ-ერთი ყველაზე ცელქი ჯიშია, ამასთან, ჯიუტი, ხასიათების ძაღლია, აქვს პროტესტის გამოხატვის ინდივიდუალური ფორმები და ცდილობს, თავის ჭკუაზე გატაროს. ეს სიცელქე ერთი მხრივ დამაზიანებელია, რადგანაც "მთვარისას" ანგარიშზეა - ოთხი პულტი, ამდენივე სათვალე, სამი ტელეფონი...

ახლა მისმა ვაჟმა გადაიბარა ცელქობის ესტაფეტა, ოღონდ, გემოვნება განსხვავებული აქვთ. "მთვარისა" არასდროს ეტანებოდა კაბებს, მაისურებს, ფეხსაცმელებს, მაღალტექნოლოგიური ძაღლია, ძირითადად, პულტი, კაბელი და ტელეფონი იზიდავს. ამ პატარას ცოტა სხვანაირი გემოვნება აქვს - შეიწირა ჩემი ერთი კაბა, მეუღლის 2 მაისური, წინდებზე ხომ აღარაფერს ვამბობ. მოკლედ, ასე ვხალისობთ. ახლა ურეკში ჩვენს სასტუმროში ვართ და აქ დამსვენებლების ყურადღებასაც იქცევს, მასთან სურათების გადაღება ყველას უნდა...

- რას ურჩევდით მათ, ვისაც ბიგლის აყვანა უნდა?

- ამ 10 ლეკვზე რომ ვსაუბრობ, ვამბობ, სტაჟიანი ბებია ვარ-მეთქი... ვისაც უნდა, რომ მუდმივად სახლში ჰყავდეს „ბავშვი“, იყოს მხიარულად, ჰქონდეს თავსატეხები, იყოს ტონუსსა და ფორმაში, უნდა აიყვანოს ბიგლი! გარდა ამისა, როგორც გითხარით, ესენი მორბენალი ანტიდეპრესანტები არიან, სახლში საოცრად დადებით აურას აფრქვევენ.

მიუხედავად იმისა, რომ ბეწვს ყრიან, ლეკვობაში დისკომფორტს ქმნიან, რთულია, პირველ თვეებში შეაჩვიო გარეთ გასვლას და მოსაქმებას, მაგრამ ყველაფერი ამად ღირს. ბევრი დადებითი აქვთ. რაც მთავარია, მათ გარემოცვაში ბავშვები საოცრად კეთილშობილები იზრდებიან. ასე რომ, ვისაც აქვს სურვილი და შესაძლებლობა, უკან არ უნდა დაიხიოს, ეს პატარა განსაცდელი, თუმცა დიდი ბედნიერება სახლში უნდა შეიყვანოს.

"მმართველ გუნდს გამარჯვება ყველამ უნდა მივულოცოთ - ამერიკაში ტრამპიც იძახის გაყალბდაო, მაგრამ დაამტკიცოს" - მეუფე იოანე

"მე-16 საუკუნეში ნიაღვარს საძირკვლიანად და გაუბზარავად ბარში ჩამოუტანია" - ისტორია წმინდა გიორგის სახელობის ტაძარზე, სადაც სამასმა არაგველმა ფიცი დადო

"ხალხი, ყველაფრის მიუხედავად, ისევ არ ერიდება პანდემიას" -  ახალგაზრდა ექიმი, რომელიც ადამიანებს კორონავირუსთან გამკლავებაში ბლოგის საშუალებით ეხმარება