ავტორი:

გაიცანით გერმანელი სამხედრო მზარეული, რომელიც ქართველ მეუღლეს ომში დაკარგულების მოძიებაში ეხმარება - "მეგის ჰობი ჩემთვის საამაყოა"

გაიცანით გერმანელი სამხედრო მზარეული, რომელიც ქართველ მეუღლეს ომში დაკარგულების მოძიებაში ეხმარება - "მეგის ჰობი ჩემთვის საამაყოა"

გერმანიის შეიარაღებულ ძალებში ლოჯისტიკის სამსახურში მოხვედრამდე ძალიან გრძელი გზა გაიარა რადგან გერმანიაში, როგორც ნებისმიერ დეტალს, ამასაც უდიდესი ყურადღებით ეკიდებიან. ხანდახან იმ ქართველ სამხედროებთანაც უწევს ურთიერთობა, რომლებიც ავღანეთის საერთაშორისო მისიებში წასვლამდე გერმანიაში შესაბამის მომზადებას გადიან. გერმანიის შეიარაღებული ძალების სერჟანტი რობერტ გიუნტერი, კიდევ ერთი რამით არის ჩვენთვის საინტერესო, მას ქართველი მეუღლე ჰყავს, რომელიც წლებია უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველი მეომრების მოძიებაზე მუშაობს. მას ამ საქმეში გერმანელი მეუღლე ეხმარება.

- გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში დავიბადე. ჩემი ქალაქი, კემნიცი, იმ ზონაში მოხვდა და ბევრი არაფერი მახსოვს, მაგრამ მშობლებისგან გადმოცემით ვიცი, რომ სამუშაო ადგილები იყო. ახლა ჩვენს ხალხში უმუშევრობამ იმატა და ეს ადგილობრივ მოსახლეობას არ მოსწონს. თუმცა, იმ წლებში სხვა შეზღუდვებთან ერთად ისიც იყო, რომ აღმოსავლეთი და დასავლეთ გერმანია ბერლინის კედლით გაიყო.

არაერთი შემთხვევა ვიცი, როდესაც ბერლინში ადამიანების სახლებიც კი გაყვეს, ერთ მხარეს ერთი ნაწილი მოყვა, მეორე მხარეს- მეორე... აღმოსავლეთ გერმანიას ინფრასტრუქტურას, ქუჩებსა და მშენებლობასაც კი დღემდე ეტყობა საბჭოური კვალი. ეს თავად ბერლინის აღმოსავლეთ ნაწილსაც კი ეტყობა, თუმცა ბოლო დროს მაინც ცდილობენ მისი კვალის წაშალონ. საერთოდ, დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიის მოსახლეობის მენტალობაც კი განსხვავდება, ისევე როგორც მათი შემოსავალი.

- სად უფრო უკეთესი ანაზღაურება აქვთ?

- დასავლეთ გერმანიაში ყოველთვიური შემოსავალი უფრო მაღალია. ადრე ასე არ ყოფილა, ჰიტლერის დროს ვინ გაბედავდა შემოსავლების მიხედვით დაყოფას. თუმცა, ამის მიუხედავად, უფრო თაობას მაინც აქვს გარკვეული ნოსტალგია. ამბობენ, რომ მაშინ ამდენი კრიმინალი არ იყო და არც ამდენი უცხო ადამიანი ცხოვრობდაო...

- პროფესიაზეც გკითხავთ, მზარეულის კურსები გაიარეთ?

- დიახ. გურმანი ვარ და კერძების მომზადება ყოველთვის მეხერხებოდა, მაგრამ სამწლიანი კურსები გავიარე და სწავლის პერიოდში, კიდევ უფრო მეტად მომინდა, ბევრი რამ დამეგემოვნებინა... 2008 წელს სავალდებულო სამხედრო სამსახურში ვიყავი. კოსოვოში მინდოდა წასვლა. ეს იყო ქვეყნის სამხრეთით, ალბანეთთან ახლოს. მაშინ უფრო ახალგაზრდა ვიყავი და მაინტერესებდა, იქ რა ხდებოდა. ეს იყო პირველი კოშმარი ჩემს ცხოვრებაში. ჩრდილოეთ კოსოვოში, მიტროვიცის სამხედრო ბანაკში ვიყავი. იქ ნანახი არასდროს დამავიწყდება.

ერთხელ, მაშინ, როდესაც ამერიკელები პატრულირებას აკეთებდნენ, ცეცხლი გაუხსნეს... არ ვიცი, ვინ ესროდა, მაგრამ ძალიან შევშინდი, რადგან ეს იყო პირველი ბრძოლა რომელსაც თავად შევესწარი... პრობლემა სხვა რამეებთან ერთად ისიც იყო, რომ იქ ძალიან ბევრი რელიგიური მიმდინარეობაა... მუსლიმები, ქრისტიანები და ისინი ერთმანეთს ებრძოდნენ.

ადგილობრივ მოსახლეობას ძალიან უჭირდა. უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდნენ. ქუჩებში სიბინძურე იყო, ყველგან ნაგავი ეყარა. საყოფაცხოვრებო ნარჩენებს იქვე, სახლებთან წვავდნენ. ხალხი შიმშილობდა... უმძიმესი სურათი იყო. ხალხი რაღაცნაირად იმედით გვიყურებდა, რომ ორმხრივი ცეცხლი შეწყდებოდა და მშვიდობა იქნებოდა.

გარკვეული დროის განმავლობაში სამოქალაქო სფეროში მზარეულად ვიმუშავე. შემდეგ შესაბამისი ფიზიკური მომზადება და ფსიქოლოგიური განათლება მივიღე, რათა საჭირო სტანდარტები დამეკმაყოფილებინა. შეიარაღებულ ძალებში მოსახვედრად საკმაოდ რთული გზის გავლა მომიწია, ფსიქოლოგი სპეციფიურ კითხვებს მისვამდა. მაგალითად, ავღანეთში ხარ სამშვიდობო მისიით, შენს წინ დგას ბავშვი, რომელსაც ხელში იარაღი უჭირავს, უნდა ესროლო თუ არაო...

- რა უპასუხეთ?

- გააჩნია სიტუაციასა და საბრძოლო პოზიციას ანუ შენი და შენი ჯარისკაცების სიცოცხლეს საფრთხე თუ ემუქრება, უნდა ესროლო-მეთქი. მსგავსი კითხვები კიდევ იყო. ასევე გავიარეთ, სამსაათიანი კომპიუტერული ტესტი, ზოგადი უნარები გვქონდა ჩასაბარებელი და გერმანული და ინგლისურის ენის გრამატიკა, ფიზიკა. ახლა უფროსი სერჟანტი ვარ, გერმანიის შეიარაღებულ ძალებში ლოჯისტიკის სამსახურში ვმუშაობ. ჩემი ფუნქცია ჯარისკაცების გამოკვებაა.

როდესაც ყაზარმულზე მიდიან ან წვრთნებზე ქალაქგარეთ, ტყეში, ან სულაც საზღვარგარეთ სწავლებებზე გადიან, მე და ჩემი კოლეგები მათთან ერთად ვართ. როდესაც ყაზარმულზე გავდივართ, უფრო მკაცრი რეჟიმი გვაქვს და საველე პირობებში ვართ. ზოგჯერ საკვებიც სხვანაირია. თუმცა, თუ განსაკურებული წვრთნებია, ან სულაც მარშბრაკოსები აქვთ, პაკეტების საკვები მიაქვთ თან, ეს დისტანცია 12-დან 25 კილომეტრია. სნაიპერების ეკიპირებაც განსხვავდება და მათი მომზადებაც.

- გერმანელი ჯარისკაცის მენიუ როგორია?

- მათი მენეუ ნატოს სტანდარტებით არის შედგენილი - პური, ძეხვი, კარაქი, ყავა, ჩაი, ხორცი, ბოსტნეული, ხილისა და ბოსტნეულის წვენი – ეს არის საველე პირობებში დილის საუზმე. სადილზე ჩვენს მიერ მომზადებულ საკვებს, ჯარისკაცების ილაგებენ პაკეტებში, უმეტესად სენდვიჩებს, რის მომზადებაშიც დრო არ დაეკარგებათ. ასევე, წყალი, ლიმონათი, შოკოლადი. ჩვეულებრივ დროს მათთვის ნოყიერ და კალორიულ საკვებს ვამზადებთ.

მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება. ნორმატივებს ჩვენც ვაბარებთ. გერმანიის შეიარაღებულ ძალებში ძალიან დიდია ქალების აქტივობა, თუმცა მათი უმეტესობა სამედიცინო დეპარტამენტშია განწესებული. საბრძოლო მოქმედებებში ძალიან ცოტა ქალი მონაწილეობს.

- ქართველ ჯარისკაცებთან თუ გქონიათ ურთიერთობა?

- კი, არაერთხელ. სამშვიდობო მისიებში წასვლამდე, მათ სამხედრო გადამზადება აქ ხდება. ისინი საკმაოდ კარგ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მომზადებას გადიან გერმანიაში, მინახავს, როგორი მონდომებით ეუფლებიან ამ ცოდნას. ჩვენს ჯარებს ავღანეთში ძალიან კარგი გამოცდილება აქვთ და მას ქართველებს უზიარებენ.

- ვიცი, რომ საქართველოში არაერთელ ხართ ნამყოფი. როგორც პროფესიონალი მზარეული რას იტყვით ქართულ სამზარეულოზე?

- საქართველოს ყველა კუთხეს თავისი ტრადიციული კერძები აქვს და რაც მთავარია, ცოცხალ, ანუ ახლადმომზადებულ კერძებს მიირთმევთ. თუმცა, ზოგადად, ევროპული კერძების ფონზე, ჩვენთვის ცოტა არ იყოს ცხიმიანი საკვები გაქვთ, მაგრამ მრავალფეროვანია და საინტერესო. ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყანაა, ხილიც კი ძალიან ბევრნაირი გაქვთ, თუმცა ყველაზე მეტად მაინც სტუმართმოყვარეობას გამოვარჩევდი, ალბათ მხოლოდ თქვენთან შეიძლება ადამიანმა ასეთი კომფორტულად იგრძნოს თავი უცხო საზოგადოებაში.

როდესაც მეკითხებიან მირჩევთ თუ არა საქართველოში წასვლას ვპასუხობ, ეს არის ქვეყანა, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო. ჩემს ერთ მეგობარს, რომელმაც მსოფლიო ტურნე მოიწყო სამჯერ იყო საქართველოში და მითხრა, რომ მასზე წარუშლელი შთაბეჭდილება დარჩა.

- ქართველი მეუღლეზე რას გვეტყვით?

- ის თარჯიმნად მუშაობს, თუმცა მისი ჰობი ძალიან საამაყო ჩემთვის, მეგი დამოუკიდებელი ძალებით ეძებს მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულ ქართველ მეომრებს, რომელთაც ოჯახები წლების განმავლობაში უშედეგოდ ელოდნენ. ძალიან ბევრ ოჯახს აპოვნინა ოჯახის წევრი, ახლობელი და ნათესავი. ვნახე მათი ემოციები. ძალიან თბილი და გულისხმიერი ხალხი ხართ ქართველები თუნდაც უცნობი და წლების წინ დაკარგული უფროსების მიმართ დამოკიდებულებით, ბევრი რამის ახსნა შეიძლება. როდესაც მეგი ამ საქმის გაკეთებას შეუდგა, მას შემდეგ მხარს ვუჭერ.

განათლების სამინისტროს განმარტება VII-XII კლასებში სასწავლო პროცესის საკლასო ოთახში განახლებასთან დაკავშირებით

ხელვაჩაურში მაშველებმა მეწყერში მოყოლილი მოზარდის ცხედარი იპოვეს

საქართველოში 25 000 კილო დაავადებული კარტოფილი შემოვიდა - შემოსავლების სამსახურის ცნობით, ის ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნდება