ავტორი:

"ლოცვანის" შემდეგ ახლა უკვე "ფსალმუნნი" - სპეციალურად მარიამობის დღესასწაულისთვის

"ლოცვანის" შემდეგ ახლა უკვე "ფსალმუნნი" - სპეციალურად მარიამობის დღესასწაულისთვის

26 აგვისტოს, სპეციალურად მარიამობის დღესასწაულისთვის გამოვიდა "ფსალმუნნი", რომელიც გამომცემლობა „პალიტრა L-მა” მოამზადა.

როგორც გამომცემლობაში განმარტავენ, ცოტა ხნის წინ მათ მიერ გამოცემულ „ლოცვანს“ ძალიან დიდი და პოზიტიური გამოხმაურება მოყვა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს, ამჯერად, „ფსალმუნნი“ გამოეცათ. ამ იდეას ერთჯერადი სახე არ ექნება და სამომავლოდ, სხვა საეკლესიო წიგნების გამოცემაც იგეგმება.

„ეს გამოცემა შედგენილია წესისამებრ, ტრადიციული ფსალმუნის ენით. არის მცირე დეტალები, რომელთა გათვალისწინება კომფორტულს გახდის ჩვენ მიერ გამოცემული „ფსალმუნების“ კითხვას: ყოველ კანონში წასაკითხი „დიდება“ განსხვავებული ზომისა და ფერის შრიფტით არის გამოყოფილი. „დიდების“ ადგილას წასაკითხი ლოცვა მკვეთრად არის გამოყოფილი და ადვილად მისაგნებია ყველასთვის. როდესაც ფსალმუნებს მიცვალებულთა სულის საოხად კითხულობენ, „დიდების“ ადგილას იკითხება მცირე ლოცვა მიცვალებულთათვის: „მოიხსენე, ქრისტე ღმერთო“. დამწყებ მლოცველებს ყოველთვის უჭირთ ხოლმე ამ ლოცვის პოვნა წიგნში, სწორედ ამიტომ, ისიც ცალკე გამოვყავით და შესაბამისი გვერდიც მივუთითეთ,“ - განმარტავენ გამომცემლობაში.

რაც შეეხება ფსალმუნების შეფუთვასა და დიზაინს, ის ისეთივე მაღალხარისხიანია, როგორიც წინა გამოცემა - ტყავის ელვაშესაკრავიანი გარეკანით, რათა ტარებისას არ გაიცვითოს. ასევე მაღალი ხარისხისაა პოლიგრაფია და ქაღალდი, ფურცლები ოქროსარშიიანია.

„ფსალმუნნის“ გამოცემას სიხარულით ხვდებიან როგორც სასულიერო პირები, ისე მათი მრევლი.

დეკანოზი ლევან მათეშვილი: „ფსალმუნნი“ არის უფლისა და ადამიანის საურთიერთობო სივრცე, წიგნი, რომლითაც ადამიანი ღმერთს ესაუბრება. ეს არის იმ ადამიანის დაწერილი წიგნი, რომელმაც განვლო უსასრულო გამოცდილება ცოდვით დაცემიდან უფალთან ამაღლებამდე და საუკეთესო გზა აირჩია უფალთან ურთიერთობის - ამ სიტყვებით ახლაც ადიდებს, ევედრება და ჰმადლობს მას. შესაბამისად, „ფსალმუნნში“ არის ყველაფერი ის, რაც ადამიანს ეხმარება უფალთან მეგობრობაში - დაცემული მდგომარეობიდან ამაღლებისათვის.“

„ფსალმუნნი“ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოიცა და მის შეძენას მკითხველი სპეციალურ ფასად - 13 ლარად შეძლებს.

“ქართველები მსოფლიო ისტორიაში “ - წიგნი, რომელიც უცნობი ქართველების შესახებ შთამბეჭდავ ისტორიებს მოგვითხობს

"ბიბლია განმარტებებით " - მესამე ტომი უკვე ხელმისაწვდომია

"ბრიმ თბილისში" ჰარვარდის სამედიცინო გზამკვლევის წარდგენა გაიმართა