ავტორი:

დავით ქაცარავას სცემეს: "პოლიცია იქვე იყო და ვერ შეაჩერა თავდასხმა... მივდივარ საავადმყოფოში"

დავით ქაცარავას სცემეს: "პოლიცია იქვე იყო და ვერ შეაჩერა თავდასხმა... მივდივარ საავადმყოფოში"

დავით ქაცარავა ამბობს, რომ მას ხურვალეთის რაიონში სცემეს, სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერმა ამის შესახებ „ფეისბუქზე“ დაწერა. ქაცარავას მტკიცებით, ბობნევში მისი გამგზავრების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ შსს-ს ჰქონდა, სოფელში კი დაუდგენელი პირები დახვდნენ და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„მეგობრებო! ამ წუთას ვიმყოფები ბობნევში. წამლები მოვუტანე დათა პაპას. ჩემი აქაური ჩამოსვლის შესახებ არავინ იცოდა. ბუნებრივია შსს ს გარდა, რომელსაც ჩემს მოსვლამდე შევატყობინე წინასწარ. დათა პაპას სახლთან დამხვდა 4-5 კაციანი ტიტუშკების ჯგუფი. მოსვლისთანავე მომცვივდნენ და შეურაცხყოფის მოყენება დაიწყეს. ხელითაც შემეხნენ და ქვებსაც მესროდნენ. მოკლედ, ტიტუშკებით ბრძოლაზე გადავედით? გასაგებია. მივდივარ საავადმყოფოში. იქედან შეგეხმიანებით პოლიცია იქვე იმყოფებოდა და ვერ შეაჩერა მათი თავდასხმა. ხო, სხვათა შორის, ყბები როგორ გაქვთ?“

მოგვიანებით ქაცარავა სოციალურ ქსელში ლაივ ვიდეოთი ჩაერთო და აღნიშნა, რომ აქვს ტვინის შერყევის შეგრძნებები და სამედიცინო დახმარების მისაღებად გორის საავადმყოფოში მიემგზავრება.

მომხდარს „ფეისბუქზე“ ეხმიანება დავით ქაცარავას ცოლიც. სოფია ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ მოძალადეებს აუცილებლად უჩივლებენ.

„შსს, თქვენ სულ გადაირიეთ? დათა პაპასათ წასვლაზე მხოლოდ მე და თქვენ ვიცოდით. მარტო იყო მისული, წნევის წამალი მიუტანა. როგორ გაბედეთ და დაახვედრეთ პროვოკატორი მოძალადეები?. დათოს ცემა ადვილი არაა, მაგრამ ერთი მისი მუშტის მოქნევა ვიღაცას შესაძლოა სიცოცხლის ფასად დაუჯდეს. ამიტომ 5 თავდამსხმელს მოუყარეთ თავი,ხო? სირცხვილო!!!!! თქვე საცოდავებო!!!! მიძალადეებს ვუჩივლებთ და თქვენ კი პასუხს აგებთ ადრე თუ გვიან!!!!“