ავტორი:

მამუკა ბახტაძე და არჩილ თალაკვაძე გუგუტიანთკარში წუხელ ღამით, ჟურნალისტების გარეშე ჩავიდნენ

მამუკა ბახტაძე და არჩილ თალაკვაძე გუგუტიანთკარში წუხელ ღამით, ჟურნალისტების გარეშე ჩავიდნენ

გუგუტიანთკარში, ე.წ ბორდერიზაციის პროცესის დაწყებიდან ორი კვირა გავიდა და საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ინციდენტის ადგილას პირველად წუხელ ჩავიდა.

პრემიერი სოფელ გუგუტიანთკარში, გოჩა მარღიშვილის ოჯახს ესტუმრა. ინფორმაცია გუგუტიანთკარში ბახტაძის ჩასვლის შესახებ პრემიერის პრესსამსახურმა გაავრცელა, ვინაიდან მამუკა ბახტაძის ადგილობრივებთან სტუმრობა მედიისთვის დაანონსებული არ ყოფილა და შესაბამისად, პრემიერ-მინისტრი საოკუპაციო ხაზთან ჟურნალისტების გარეშე იმყოფებოდა.

პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარში მცხოვრებმა გოჩა მარღიშვილმა პრემიერ-მინისტრს ტელევიზიის საშუალებით რამდენიმე დღის წინ მიმართა და შეხვედრა სთხოვა. ის პრემიერ-მინისტრს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლის საჭიროებებზე ესაუბრა.

მამუკა ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა რეგიონში მიმდინარე პროექტებზე და განმარტა, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების ტემპები კიდევ უფრო დაჩქარდება.

„ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი პროექტი განვახორციელეთ აქ, მაგრამ გვაქვს მიმდინარე პროექტებიც, რომელთა ტემპები კიდევ უფრო დაჩქარდება. მოსახლეობის თხოვნით მალე გადაიჭრება სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა, დავასრულეთ გზის მშენებლობა, მოვაწყეთ სარწყავი ინფრასტრუქტურა. ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით ადგილობრივი მოსახლეობა უზრუნველყოფილია”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ადგილობრივი ახალგაზრდების თხოვნით გუგუტიანთკარში ახალგაზრდებისთვის სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

პრემიერ-მინისტრმა ადგილობრივებთან საუბრის დროს ხაზი გაუსვა, რომ სოფელში შემოსავლის წყაროს გაჩენა მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„სოფლის მეურნეობის პროგრამები არის უმნიშვნელოვანესი. გპირდებით, რომ აუცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ახალგაზრდებს ჰქონდეთ რწმენა, რომ თავისი შესაძლებლობების რეალიზაციას აქ, თავის მშობლიურ სოფელში შეძლებენ. ძალიან მნიშვნელოვანია შრომა, მშვიდობიანი განვითარება და ერთსულოვნება. ასეთი გამოწვევები და განსაცდელები ჩვენ გვქონია საუკუნეების განმავლობაში და ერთსულოვნებით გადაგვილახავს. ყველაზე მიუღებელია ასეთ საკითხებზე სპეკულაცია“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

გუგუტიანთკარში შეხვედრას მთავრობის მეთაურთან ერთად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ესწრებოდნენ.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა სოფელ ახალუბანში ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული რვა ახალგაზრდა მოინახულა.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ დაკავებულების გათავისუფლების პროცესში პირველივე წუთებიდან „მთელი მსოფლიო თანამეგობრობა იყო ჩართული“.

სოფელ ახალუბანში მცხოვრები 7 და მეჯვრისხევში მცხოვრები ერთი პირი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 17 აგვისტოს გაიტაცეს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები