ავტორი:

"ჩემი დის გამო 3 ბიჭს ვცემე... მერე ისინი ჩემს შეჯიბრებაზე მოვიდნენ" - გაიცანით 21 წლის ქართველი გოგონა, რომელიც შერეული ორთაბრძოლების მებრძოლია

"ჩემი დის გამო 3 ბიჭს ვცემე... მერე ისინი ჩემს შეჯიბრებაზე მოვიდნენ" - გაიცანით 21 წლის ქართველი გოგონა, რომელიც შერეული ორთაბრძოლების მებრძოლია

21 წლის თეკლე იაგანაშვილი შერეული ორთაბრძოლების მებრძოლია. სამედიცინო კოლეჯის დამთავრების შემდეგ ერთხანს რეანიმაციაში მუშაობდა, მაგრამ რინგი და ორთაბრძოლა ყოველთვის აინტერესებდა და დაახლოებით 2 წლის წინ სპორტის ამ სახეობაში ვარჯიში დაიწყო. ამჟამად მწვრთნელია. ვიდრე მას გაგაცნობთ, მცირე ინფორმაციას სპორტის ამ სახეობაზეც გეტყვით.

- პატარაობიდანვე მოუსვენარი ვყოფილვარ, ყოველ შემთხვევაში, დედა ასე მეუბნება. სკოლაში თუ რამე სპორტულ შეჯიბრებას ჩაატარებდნენ, ყველაფერში ვმონაწილეობდი, გარდა ამისა, სისტემატურად ვვარჯიშობდი. ყოველთვის მომწონდა ორთაბრძოლები და ჩხუბი. როდესაც გადაწყვეტილება მივიღე, ვარჯიში დამეწყო, გამიჭირდა ჩემი ოჯახის წევრებისთვის ამის გამჟღავნება. არ ვიცოდი, რა რეაქცია ექნებოდათ მათ. დედა ძლივს დავითანხმე. 2 წელია, აქტიურად ვვარჯიშობ შერეულ ორთაბრძოლებში. მანამდე მკლავჭიდშიც ვცადე ბედი და წარმატებაც მქონდა - საქართველოს ჩემპიონატში პირველი ადგილიც მაქვს აღებული, მეორეც და მესამეც. მესამე ადგილი დაახლოებით ერთი თვის წინ ავიღე ბათუმში.

- დედა ძლივს დავითანხმეო, მითხარი. მაინც როგორ მოახერხე?

- რა თქმა უნდა, არ უნდოდა, გოგო ხარ და სახე დაგიმახინჯდებაო, ნერვიულობდა. ერთხელ ვუთხარი, წამოდი და შეჯიბრებას დაესწარი, სხვების ჩხუბს რომ უყურებ, მიხვდები, რომ საშიში საერთოდ არ არის-მეთქი. წავიყვანე და პირველად იქ ვაყურებინე ჩემს ჩხუბს. რა მექნა? სხვანაირად არ დამთანხმდებოდა წამოსვლაზე. ძალიან ცუდად კი იყო, მაგრამ რომ მოვიგე, გაუხარდა და შეეგუა.

- ოჯახის დანარჩენ წევრებს როგორი რეაქცია ჰქონდათ?

- 8 დედმამიშვილი ვართ - 5 და და 2 ძმა და სპორტს მარტო მე გავყევი. უფროსი 28 წლისაა, უმცროსი - 7 წლის. ახალგაზრდა მშობლები მყავს, როგორც ამბობენ, ბევრი შვილი უნდოდათ. ძალიან მაგარია, ბევრი დედმამიშვილი რომ მყავს. ჩემი ძმები თავიდანვე მგულშემატკივრობდნენ და უნდოდათ, რისი სურვილიც მქონდა, ის საქმე მეკეთებინა. ასე რომ, ორივემ მხარი დამიჭირა. საქართველოში რაც ტარდება, ყველა შეჯიბრებაზე მოდიან ხოლმე. ვიცი, იოლი არ არის ჩხუბის ყურება, როდესაც რინგზე შენი ახლობელია. როდესაც ვიცი, რომ ისინი დარბაზში არიან, ეს დიდი სტიმულია ჩემთვის, მაშინ მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობ.

- პირველი წარმატება?

- ვარჯიშის დაწყებიდან დაახლოებით 4 თვეში გავედი საბრძოლველად და მოვიგე. მერე კიდევ 6 თვე მოვემზადე და კიევში წავედი, სადაც 2 ბრძოლა ჩავატარე, ერთი მოვიგე, მეორე, სამწუხაროდ, მსაჯებმა წამაგებინეს. თავდაპირველად სანდაში ვვარჯიშობდი. სანდა, ანუ "არასანქცირებული ბრძოლა" ჩინური ორთაბრძოლის თავდაცვითი სისტემა, სპორტის საბრძოლო სახეობაა. თავიდანვე ჩინეთის ჯარისთვის იყო შემუშავებული და დაფუძნებული ტრადიციული კუნგ-ფუს სწავლასა და პრაქტიკაზე, თანამედროვე საბრძოლო ტექნიკაზე. ეს საბრძოლო ხელოვნება ითავსებს კიკბოქსინგის ილეთებს, ხელით და ფეხით დარტყმებს, ჭიდაობას, პარტერში ბრძოლას, გდებებს, მოცელვებს, დარტყმების დაჭერებს, ხოლო ზოგიერთ შეჯიბრებაში იდაყვითა და მუხლით დარტყმებსაც კი. MMA-სთან შედარებით სანდა ადვილი საბრძოლო ტექნიკაა და პირველად ამ შეჯიბრებაზე გამიყვანეს. როდესაც წარმატებით ვიასპარეზე და პირველი ადგილიც ავიღე, შემომთავაზეს, თუ სურვილი მექნებოდა, MMA-სთვის მავარჯიშებდნენ. ერთდროულად სპორტის რამდენიმე სახეობის დაუფლება გიწევს და, თავდაპირველად, რა თქმა უნდა, რთული იყო ალღოს აღება. თან, დარბაზში ჩემ გარდა გოგო არავინ ვარჯიშობდა და ბიჭებთან მიწევდა სპარინგი. დღესაც ბიჭების ნაკრებში ვარ და მათთან ერთად ვვარჯიშობ.

- ალბათ მაინც გინდობენ ხოლმე, ხომ?

- (იცინის) არა, თავიდანვე გამომიცხადეს, რაკი სპორტის ამ სახეობაში დაიწყე ვარჯიში, გოგოდ უკვე აღარ ითვლებიო. ამიტომაც არ მინდობენ.

- შიში არასდროს გიპყრობს ხოლმე?

- არასდროს, არც ერთ შეჯიბრებაზე არ გამჩენია შიში, რაც უნდა ძლიერი მოწინააღმდეგე მყავდეს. ბრძოლის წინ ვეცნობი ჩემი მოწინააღმდეგის შესაძლებლობებსა და მონაცემებს, ჩხუბის ვიდეოებსაც ვუყურებ ხოლმე, წარმოდგენა რომ მქონდეს მასზე. კიევში რომ ვიჩხუბე, ჩემზე ძლიერი მოწინააღმდეგეც იყო და ჩემზე გაცილებით მაღალიც, მაგრამ ერთი წუთითაც არ შემშინებია. კიდევ კარგი, სერიოზული ტრავმა არც ერთ ჩხუბში არ მიმიღია.

- რამდენი მოგებაა შენს ანგარიშზე?

- სანდაში 5 მოგება მაქვს და არც ერთი წაგება, MMA-ში კი 7 მოგება და ერთი წაგება. მარცხი არ მიყვარს, მაგრამ თუ არ წააგე, წინ ვერ წახვალ. წაგება მაძლევს სტიმულს, რომ შემდეგი ბრძოლისთვის უკეთესად მოვემზადო.

- ყველაზე დასამახსოვრებელი ბრძოლა?

- ლიტვაში იყო, დაუნდობლად ვცემე მოწინააღმდეგე და როცა დავინახე, ძირს როგორ ეგდო, შოკი მივიღე.

- რატომ?

- შემეცოდა, ფეხზე წამოვაყენე, მოვუბოდიშე და ვუთხარი, რომ ეს უბრალოდ სპორტია და ასე ხდება-მეთქი.

- შენი დღის რეჟიმი როგორია?

- დღეში ორჯერ 2 საათ-ნახევარი ვვარჯიშობ, საღამოს კი გოგონებს ვავარჯიშებ, ვისაც უნდა მოყვარულის დონეზე იცოდეს ჩხუბი. იდეალურ ფორმაში რომ ვიყო, მნიშვნელოვანია კვების რეჟიმი, ვიტამინები, დანამატები...წაიკითხეთ სრულად

"გთხოვთ მიუტევოთ ჩემს ნაც დაიკოს, რომ სულმთლად გაგიჟდა" - მიხეილ გრემელაშვილი მარიამ კუკუნაშვილის სკანდალურ ბრალდებას "ფეისბუქზე" პასუხობს

"განგაშის ზარია შემოსაკრავი... თბილისში ძაღლებში ცოფის შემთხვევები გამოჩნდა" - ამირან გამყრელიძე

"კოვიდი არ დამთავრდება დღეს, ხვალ, ზეგ, არც წლის ბოლოს... ქვეყნები ჩაკეტილი ვერ ვიქნებით" - ამირან გამყრელიძე