ავტორი:

"ჩემმა დამ აფხიკა სოკო და გულისრევა დაეწყო" - როგორ ჩნდება იატაკზე სოკო და რა უნდა გააკეთოთ მის მოსაშორებლად

"ჩემმა დამ აფხიკა სოკო და გულისრევა დაეწყო" - როგორ ჩნდება იატაკზე სოკო და რა უნდა გააკეთოთ მის მოსაშორებლად

რაჭის ერთ-ერთი სოფლიდან შეწუხებულმა მოქალაქემ მოგვმართა - "ჩემს სოფელში, რაჭაში, ორი წელია, თითქმის ყველა სახლის პირველ სართულზე ხის იატაკს სოკო გაუჩნდა. მთლიანად დაფარულია იატაკები და თანდათან ემატება. ვცვლით მეტლახით, მაგრამ ვერაფერი ვუშველეთ. გვინდა ამ სოკოზე რაიმე გავიგოთ, რა აჩენს, რამდენად საშიშია ადამიანისთვის, როგორ დავამუშაოთ ნიადაგი...

ძალიან გვაფიქრებს ეს ამბავი, რადგან ადრე მსგავსი არაფერი ყოფილა. ვფიქრობ, მიზეზი იმაშია, რომ სოფელში მუდმივად აღარავინ ცხოვრობს, მხოლოდ ზაფხულობით ჩადიან მცირე ხნით, წლებია, არანაირი შინაური ცხოველი და ფრინველი არ არსებობს... ჩემმა დამ აფხიკა ის სოკო და გულისრევა, თავბრუსხვევა დაეწყო... ალბათ, ტოქსიკურიცაა. ეს სოკო მხოლოდ პირველ სართულებზეა, მიწასთან ახლოს" - გვწერდა ქალბატონი.

იმის გასარკვევად, თუ რასთან გვაქვს საქმე, როგორ ჩნდება იატაკზე სოკო და როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ პრობლემას, AMBEBI.GE არაერთ ნიადაგმცოდნეს დაუკავშირდა, საბოლოოდ აგრარული უნივერსიტეტის ვ. გულისაშვილის სახელობის სატყეო ინსტიტუტის ტყის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, დოქტორ არჩილ სუპატაშვილს გავესაუბრეთ.

"საერთოდ, სოფლებში, სახლების პირველ სართულებზე ძალიან ხშირი შემთხვევაა, რომ იატაკს თითქმის მიწაზე აგებენ. სოკოები კი ნესტიან ადგილებსა და გარემოში ვითარდება. ფოტოებზეც ეტყობა, არ არის გამჭოლი ჰაერი, აერაცია და სოკოც განვითარდა. სიმშრალე რომ ყოფილიყო, ეს არ მოხდებოდა. როგორც ჩანს, სინესტემ დაიბუდა, სოკო გამრავლდა, რომელსაც ჰქვია Serpula lacrymans და merulius lacrymans.

ეს ორი სოკო, როგორც ტყუპი, ისე გვანან ერთმანეთს და როგორც ვთქვი, როცა სივრცე არ ნიავდება, საოცარი ტემპით ვითარდებიან. ამ პირობებში ძალიან ლაღი განვითარების საშუალება ეძლევათ. ვერანაირ წამლობას ვერ ჩაუტარებ, მოდებულია მერქანზე, ანუ იატაკის ფიცარზე. ამიტომ იატაკი უნდა გამოიცვალოს და სერიოზული აერაცია გაუკეთდეს, რომ სინესტეში ისევ არ დაიბუდოს.

- ქალბატონი იმასაც გვწერს, რომ როდესაც იატაკის ზედაპირიდან სოკოს აფხეკა დაიწყეს, ღებინება და თავბრუსხვევა დაეწყოთ. ტოქსიკურია სოკოს ნაყოფსხეული?

- შეიძლება ასეც იყოს, ტოქსიკურობა გამოამჟღავნოს, შესაძლოა, სოკოზე თავად ადამიანს ჰქონდეს ალერგია, არ იცოდეს და ეს მასთან შეხებისას გამოვლინდეს... შესაძლებელია, ის ვინც იატაკი გაასუფთავა, ალერგიულია სოკოს მიმართ, ან სწორედ მის გამო ჩამოუყალიბდა ალერგია.

- საპრევენციოდ რა ღონისძიებას უნდა მიმართონ ადამიანებმა?

- უპირველესად უნდა გამოიცვალოს იატაკი და ისე დაიგოს, რომ აერაცია ჰქონდეს. მაგალითად, ჩემი მეუღლის სახლში, ყაზბეგში, იატაკი მიწასთან ახლოს იყო დაგებული და დალპა. ამიტომ, 30 სანტიმეტრზე მიწა ამოვიღეთ და ხრეში მოვაფინეთ, იატაკი კი ისე დაიგო, რომ 30-40 სანტიმეტია ხრეშის დონიდან ზემოთ, ჰაერი მოძრაობს.

ვიმეორებ, თუ იატაკი მიწასთან ახლოსაა, სოკო მაშინვე ამოდის. საზღვარგარეთ ამ ყველაფრისგან თავს ასე იზღვევენ: ფიცრებს სპეციალურ ქიმიურ ხსნარში ყრიან, სადაც რამდენიმე დღე აჩერებენ. მას არც მავნებელი ეკარება და არც - სოკო. ჩვენთან ასეთი რამ არ ხდება.

- ამ დღეებში ჩვენს მეზობლად, ეკოლოგიურმა სამსახურმა ფიჭვები მოჭრა, რადგანაც წიწვები გამხმარი ჰქონდა. თქვეს, რომ - ეს იყო ხის სოკო. რატომ ხმება დედაქალაში წიწვოვნები?

- თბილისში არაერთგანაა გამხმარი ფიჭვები. ამ ხეების ხმობასთან დაკავშირებით საკითხებზე მერიის აკრედიტირებული ექსპერტი ვარ, თემასთან აქტიური შეხება მაქვს... იქიდან დავიწყებ, რომ როგორც ადამიანს აქვს წლოვანება განსაზღვრული, რომ მაქსიმუმ 100 წელი ცოცხლობს, ქალაქში ხელოვნურად დარგულ მცენარეებსაც აქვს სიცოცხლის პერიოდი განსაზღვრული.

თბილისის ხელოვნური გამწვანება გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ამ დროისთვის თავი ამოწურეს. ამას დაემთხვა მსოფლიოში გლობალური დათბობა, ეს სერიოზულად ასუსტებს ხეებს. ხე როგორც კი დასუსტდება, ყველანაირი მავნებელი ეხვევა, ავადმყოფობს და როგორც იტყვიან - გაჭირვებულს ქვა აღმართში დაეწევაო, - ეს სიტუაციაა.

სოკო ბოლო სტადიაა... თავიდან ხე სუსტდება. მეუბნებიან, მავნებლებისგან არისო. ერთხელ ერთგან, ამ მოტივით გადაბელეს - ეშველებაო, არადა, წიწვოვან ხეებს საერთოდ არ ვაბელინებთ. რა თქმა უნდა, არ უშველა. მერე ქერქი შევამოწმე და მავნებელი იქ მართლაც არ იყო. ეს არის ხის ჩვეულებრივი ხმობა.

ფოტო: კოკა კვირკველია

- ე.ი. მას ჯერ სხვადასხვა დაავადებება ემართება და ბოლოს სოკო?

- შეიძლება მავნებელია, მაგრამ, ხომ გეუბნებით, მას თავის დრო ამოწურული აქვს და ხმობისკენ მიდის, მაგრამ ზოგიერთი, რომელიც ცოტა ახალგაზრდა ხეა, სუსტდება, მავნებელი ესევა და სოკო გადააქვს. სოკო ჰაერს და ქარსაც გადააქვს, ასევე ადამიანის ხელს ხერხით, ნაჯახით და ასე ვითარდება. ბოლოს კი ხელში შეგრჩება დამპალი ხე, რომელიც იქცევა და ამას სოკოს აბრალებენ.

- რა საფრთხის შემცველია სოკო, რომელიც ნიადაგში არსებობს...

- ანალიზები რომ ჩავატაროთ, რამდენიმე სოკო გამოვლინდება, მაგრამ ზოგი სოკო პათოგენურია, რომელიც ხეს ახმობს და არის არაპათოგენური სოკოებიც, რომლებიც არ ახმობენ, მაგრამ ყველგან ბუდობენ. თუ მათი სტიმულირება არ ხდება, არიან თავისთვის: მერქანში, ხეში, ნიადაგში, მაგრამ როგორც კი სასურველი პირობები შეიქმნება გარემოდან, უკვე განვითარდება. ისე, ნიადაგში უფრო ადვილად ვითარდება, იმიტომ რომ ნიადაგს მეტი სინესტე აქვს...

- ზოგადად რა უნდა ვიცოდეთ, როდესაც ხიდან, ნიადაგიდან, მერქნიდან სოკოს გამო გარკვეული პრობლემები გვექმნება?

- ამისთვის არის წამლობის საშუალებები, რომლებიც ნიადაგში ისხმება და სოკოებს იზოლაცია უკეთდება. ზოგი სოკო მაგალითად, ბზის კიბოს რომ ვეძახით, მას თითქმის არაფერი შველის და საქართველოში კოლხური ბზა მოსპო.

საერთოდ კი თავის სიმპტომები აქვს, როცა შეატყობთ ამ სიმპტომებს, ან უნდა დამუშავდეს ნიადაგი, ანდა, ხეზე თუ არის გადასული, ის ხე უნდა მოიჭრას...

ამირან გამყრელიძე განმარტავს, რატომ გაიზარდა ბოლნისში ინფიცირებულთა რიცხვი ერთ დღეში 15-ით

მაია ჯაბუას უცნობი შვილი, რომელიც ცნობილი მსახიობისგან ჰყავს - "თორნიკე 3-4 წლის იყო, როცა აფხაზეთიდან წამოვედით"

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 667-მდე გაიზარდა