ავტორი:

ემიგრაციაში მოსმენილი ამბები და საზღვარგარეთ ცხოვრების ტვირთი - ახალი ქართული რომანი „ოდისევსის სინდრომი“

ემიგრაციაში მოსმენილი ამბები და საზღვარგარეთ ცხოვრების ტვირთი - ახალი ქართული რომანი „ოდისევსის სინდრომი“

ემიგრაცია საზღვარგარეთ და დევნილობა აფხაზეთიდან - ეს ის ორი თემაა, რომლებზეც ახალგაზრდა ავტორი, ნანი მანველიშვილი თავის სადებიუტო რომანში, „ოდისევსის სინდრომში“, საუბრობს. პროფესიით ისტორიკოსი საინტერესო ადამიანური ისტორიების ძიებაშია, რის შემდგომაც ეს ყველაფერი საკუთარ შემოქმედებაში გადააქვს.

ნანი 24 წლისაა და ეს მისი პირველი რომანია, რომელმაც კონკურსში „გახდი ბესტსელერის ავტორი 2019“ გაიმარჯვა. მკითხველს მისი წაკითხვის საშუალება შემოდგომაზე ექნება.

„ბავშვობიდან ვწერ, ადრეულ ასაკში ლექსებს ვწერდი ხოლმე. ჩემი ბაბუა პოეტი იყო და 12-მდე კრებული აქვს გამოცემული. მისი დიდი დამსახურებაა, რომ წერა დავიწყე და მალე ჩემი წიგნიც გამოიცემა. ბაბუას რამდენიმე ლექსი ჩემს რომანშიც გამოვიყენე, როგორც ერთ-ერთი პერსონაჟის გულისთქმა. რომანს ჩემი ბავშვობის მოგონებებსა და ამ მოგონებებში ყველაზე ძვირფას ადამიანებს, ბებიებსა და ბაბუებს ვუძღვნი. მოზრდილობის ასაკში უკვე ჩანახატების წერა დავიწყე. ამ მიმართულებით გარდამტეხი აღმოჩნდა საბერძნეთში გატარებული რამდენიმე თვე. ერთი სემესტრის განმავლობაში ათენში ვსწავლობდი და სწორედ იქ ნანახმა და გაგონილმა ისტორიებმა მომცა სტიმული, რომ წიგნი დამეწერა,“ - ასე იხსენებს ნანი მანველიშვილი ბავშვობასა და წერის პირველ მცდელობას.

საბერძნეთში მოსმენილი ისტორიები რა ფორმით გადმოეცით რომანში? ნაწარმოები სრულად რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული?

ათენში ქართველ ემიგრანტებთან ერთად ვცხოვრობდი. ესენი იყვნენ ძირითადად ქალები, რომლებიც სამუშაოდ იყვნენ წასულები. აქედან ეს ყველაფერი სხვაგვარად ჩანს. რეალობა კი სრულიად განსხვავებული და ბევრად უფრო რთულია და მინდოდა ეს ფართო საზოგადოებისთვისაც დამენახვებინა. ვისმენდი განსხვავებულ ისტორიებს, რომელთაც რაღაც საერთო ჰქონდა. ჩემი რომანის ფაბულა იმ ისტორიებიდანაა აღებული, მაგრამ არა პირდაპირ გადმოტანილი. მკითხველს ამ ისტორიების ჩემეული ვარიანტი შევთავაზე.

მთავარ გმირს, კატერინასაც ჰყავს პროტოტიპი, რომელმაც მომიყვა თავისი ისტორია, მაგრამ მისი ცხოვრების ბევრი დეტალი შევცვალე.ემიგრაციის პარალელურად, რომანში აფხაზეთის თემასაც ვეხები. ამ ისტორიებშიც მყავს პროტოტიპი, რომელიც პატარა იყო, როდესაც სოხუმიდან უკანასკნელი თვითმფრინავით გამოფრინდა.

რომანს „ოდისევსის სინდრომი“ ჰქვია. რა დატვირთვა აქვს მას?

რომანის სახელზე ძალიან დიდი ხანი ვფიქრობდი, საბოლოოდ კი „ოდისევსის სინდრომი“ გადავწყვიტე. ქართველი ემიგრანტები დავუკავშირე ანტიკურ ოდისევსს, რომელიც ტოვებს სამშობლოს, მოგზაურობს ზღვებზე და დაბრუნებას ვერ ახერხებს. ჩემი რომანის მთავარი იდეაც ესაა, რომ ადამიანებს საშობლოში დაბრუნება უნდათ, მაგრამ ვერ ახერხებენ. ბრძოლას სამშობლოში დაბრუნებისთვის სხვადასხვა ხიფათი ახლავს, მაგრამ საბოლოოდ ოდისევსი მაინც ახერხებს ამას. ასოციაციურად, ყველა ემიგრანტის ცხოვრება ოდისევსისას ჰგავს, ისინი განიცდიან მონატრებას და სწამთ, რომ ოდესმე აუცილებლად დაბრუნდებიან საშობლოში.

რომანი სპეციალურად კონკურსისთვის დაწერეთ თუ უკვე დაწერილი გქონდათ?

კონკურსის გამოცხადებამდე ერთი წლით ადრე უკვე მინდოდა ამ რომანის დაწერა, მაგრამ თითქოს მზად არ ვიყავი. კონკურსის გამოცხადების შესახებ გავიგე თუ არა, მაშინვე გადავწყვიტე მონაწილეობა. კონკურსი რომ არა, ამ რომანს ოდესმე აუცილებლად დავასრულებდი, რადგან ძირითადი სიუჟეტი უკვე მქონდა, მაგრამ კონკურსმა წერის პროცესი უფრო დააჩქარა.

კონკურსში ხალხის რჩეული გახდით. ამას რამდენად ელოდით და რას ნიშნავს ავტორისთვის, რომ ის მკითხველის რჩეულია?

ხალხის რჩეულობას ნამდვილად არ ველოდი. თან პირველ ტურში სხვა ავტორები იყვნენ დაწინაურებული. მკითხველს რომანის დასაწყისი აქვს წაკითხული და ასე მომცა ხმა, შესაბამისად დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა - მათ ხომ საკუთარ წარმოდგენაში კარგ ნაწარმოებს მისცეს ხმა და ახლა სწორედ ასეთის გამოცემას ელიან.

სხვა რომანზეც ხომ არ მუშაობთ?

ჯერ ბევრი ისტორია უნდა მოვისმინო, დავაგროვო ამბები და მერე ეს ყველაფერი რომანად ვაქციო. ახლაც არის ჩემს ცხოვრებაში რამდენიმე საინტერესო ადამიანი, რომელთა ისტორიიდანაც საინტერესო ფაბულა შეიქმნება. აფხაზეთის თემაზეც ვფიქრობ ერთი რომანის დაწერას...

ზოგადად, წერის გარეშე ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია. ამიტომ მე სულ ვწერდი და დავწერ მომავალშიც. შეიძლება ისინი არც დაიბეჭდოს, მაგრამ მე ჩემთვის მაინც დავწერ.

პროფესიით ისტორიკოსი ხართ. რატომ ისტორია და პროფესია წერაში თუ გეხმარებათ?

ჩემი გადაწყვეტილება, რომ ისტორიის ფაკულტეტზე ჩამებარებინა, არავის მოეწონა, მაგრამ მე ძალიან მინდოდა და ჩავაბარე. ზოგადად ადამიანური ისტორიები მიყვარს, ისტორიასაც ვუყურებ, როგორც ადამიანთა ისტორიებს და არა სახელმწიფოების ან სამხედრო ისტორიებს. სამაგისტრო კვლევის დროს, ჩემი თემა შეეხებოდა ქართველი ქალების მდგომარეობას საბჭოთა კავშირში, ჩემი მიზანი იყო, ფართო საზოგადოებისთვის დამენახვებინა უცნობი ქალები, რომლებიც იბრძოდნენ, თუნდაც საკუთარი თავისუფლებისთვის კონკრეტულ ეპოქაში.

დოქტურანტურაში სწავლის გაგრძელებას ვაპირებ და ჩემი კვლევა, სავარაუდოდ, ამ მიმართულებით გაგრძელდება. თუმცა კიდევ ერთი საკითხია, რომელიც ძალიან მაინტერესებს და რომელსაც ჩემი საბაკალავრო კვლევა ეხებოდა.ეს არის ზვიად გამსახურდიას პერიოდი და აშშ-ის პოლიტიკა. ამ საკითხის კვლევის დროსაც გამოიკვეთა საინტერესო დეტალები. აღნიშნულ დოკუმენტებს გრიფი „საიდუმლო“ ადევს, რაც კვლევის პროცესს ცოტა ართულებს. ზოგადად, დოკუმენტებზე ეს გრიფი 30 წლის მერე იხსნება ხოლმე. მეც ვცდილობ, ამ პერიოდს დავამთხვიო ჩემი კვლევა.

იქიდან გამომდინარე, რომ ეს თემაც მაინტერესებს, 2018 წელს მონაწილეობა მივიღე კონკურსში „დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი", სადაც პირველი ადგილი ავიღე და პრეზიდენტის რჩეული გავხდი. ესეის ერქვა "ფენიქსური ასწლედი".

საბოლოოდ კი, ისტორია და, განსაკუთრებით, ჩემი კვლევები საინტერესო პერსონაჟების შექმნაში ძალიან მეხმარება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი