ავტორი:

ხაჯიმბა თუ კვიცინია? - როგორ ეხმაურებიან "საპრეზიდენტო არჩევნების" შედეგებს აფხაზები

ხაჯიმბა თუ კვიცინია? - როგორ ეხმაურებიან "საპრეზიდენტო არჩევნების" შედეგებს აფხაზები

აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 8 სექტემბერს გაიმართება. დე-ფაქტო ხელისუფლების "ცენტრალური საარჩევნო კომისიის" მონაცემებით, "საპრეზიდენტო არჩევნებში" მოქმედი "პრეზიდენტი" რაულ ხაჯიმბა ლიდერობს.

მას ამომრჩეველთა ხმების 23,85% აქვს. პარტია „ამცახარას“ წარმომადგენელმა ალხას კვიცინიამ კი 21,97% მიიღო. ხაჯიმბას ხმა მისცა 20 544 ადამიანმა, კვიცინიას - 19 032-მა, ხოლო ოლეგ არშბას 18 931-მა.

"ჩვენ იქამდე განვაგრძობთ ბრძოლას, ვიდრე მეორე ტურში დამაჯერებლად არ გავიმარჯვებთ", - განაცხადა ე.წ. არჩევნების პირველადი შედეგების დათვლის შემდეგ ალხას კვიცინიამ.

თუმცა, ე.წ. ცესკოს თავმჯდომარის თამაზ გოგიას ინფორმაციით, "ჯერჯერობით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ორ ლიდერს, ხაჯიმბასა და კვიცინიას შორის ორ კვირაში მეორე ტური იქნება".

abkhaz-auto.ru-ს ინფორმაციით, ყოფილი ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ოლეგ არშბა, რომელიც მესამე ადგილზე გავიდა, მიმდინარე პროცესებს გამოეთიშება. ვინ არის ალხას კვიცინია, რომელმაც 56%-იან აქტივობაში თითქმის იმდენივე ხმა მოაგროვა, რამდენიც მოქმედმა "პრეზიდენტმა", რომელსაც პუტინი უპირობოდ უჭერს მხარს.

"აფხაზეთის ომის ვეტერანების" მიერ დაარსებული პოლიტიკური პარტია "ამცახარას" სოხუმის განყოფილების ხელმძღვანელი ალხას კვიცინია, თავის თანაგუდელბეთან ერთად, პრაქტიკულად ყველა "ხელმძღვანელობას" აკრიტიკებდა. აფხაზი ინტერნეტმომხმარებლები წერენ, რომ გაოცებული დარჩნენ ამ შედეგებით.

ვიდრე გაირკვეოდა, რომ "არჩევნების" პროცესს ოლეგ არშბა გამოეთიშა, აფხაზები არშბას გულშემატკივრობდნენ, თუმცა, აზრი მის მხარდამჭერთა შორისაც გაიყო.

ერთი ნაწილის თქმით, არშბა აფხაზეთში ნავთობის მოპოვებისა და მისი გაყიდვის მხარდამჭერია, "რაც ქვეყანას დაღუპავს". სხვების თქმით, მას უძრავი ქონების გაყიდვის უფლებაზე ძალიან ჯანსაღი აზრი ჰქონდა, რადგან ვიდრე ხელმძღვანელობა და მოსახლეობა ოპტიმალურ გამოსავალს იპოვის, ეს ქონება, კონკრეტულად, ქართველების მიერ დატოვებული საცხოვრებელი სახლები, რომლებიც დღემდე გამოუყენებელია, ბოლომდე განადგურდება.

სხვების თქმით, დიდი მოლოდინი ჰქონდათ, რომ ხმათა საკმარის რაოდენობას მოაგროვებდა ადგილობრივი ახალგაზრდა "კანდიდატი" დიმიტრი დბარი, რომელიც ალექსანდრე ანქვაბის ახლობელია, თუმცა, მათ შორის შეთანხმება ვერ შედგა - ანქვაბმა მის დახმარებაზე უარი თქვა და დბარმა ხმათა რაოდენობის ძალიან მცირე ნაწილი მოაგროვა.

აფხეზები ინერნეტში წერენ, რომ კვიცინიას ომის მონაწილეებმა და ახლანდელი "ხელისუფლების" მიმართ რადიკალურად განწყობილმა ნაწილმა დაუჭირა მხარი - მათ, ვინც ხაჯიმბასა და მის კლანთან საერთო ვერ იპოვა. არსებობს კიდევ ერთი კატეგორია, რომლის მოსაზრებითაც, ხაჯიმბა მეორე ტურში უპირობოდ გაიმარჯვებს, რადგან მის უკან რუსეთი დგას.

კვიცინიას საკმაო მხარდამჭერები ჰყავდა გალშიც, რაც მისი მხრიდან ადრე გაკეთებული განცხადებების დამსახურებაა. "წინასაარჩევნო" შეხვედრების დროს, კვიცინია ამბობდა, რომ გალელების მიმართ ხაჯიმბას გუნდის დამოკიდებულება მიუღებელია. ცნობისთვის, მათმა დიდმა ნაწილმა "დოკუმენტების" არქონის გამო, "არჩევნებში" ხმა ვერ მისცა.

"ძალიან უღირსი საქციელია გალის მოსახლეობის მიმართ ასეთი დამოკიდებულება და მოქალაქეობის გარეშე მათი დატოვება. შესაძლოა, ბევრს არ მოსწონს ჩემი აზრი, მაგრამ ეს არის რაიონი, რომელიც აფხაზეთის ეკონომიკას აცოცხლებს და ამ დროს გალში დაბადებულ ბავშვს მოქალაქეობის მიღების უფლებას არ აძლევენ. სად უნდა იცხოვროს? არ შეიძლება ასე მოექცე საკუთარ მოსახლეობას", - ამბობდა ის, რომლის თქმითაც, მისი "ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ამ საკითხს სხვანაირად გადაწყვეტდა - ისე, რომ გალელებისთვის მოქალაქეობის გამო, პრობლემები არ შეექმნა.

აფხაზების თქმით, არ არის გამორიცხული, კვიცინიამ გალელების მხარდაჭერის ხარჯზე მოაგროვა ამდენი ხმა. "თუ ვინმეს ჰგონია, რომ კვიცინია ამ პრობლლემას მოაგვარებს, ძალიან ცდება, რადგან თუ გაიმარჯვა, იმაზე დიდი პრობლემები დახვდება, ვიდრე გალელების მოქალაქეობაა" - წერს abkhaz-auto.ru-ისთვის მომზადებული სტატიის კომენტარებში ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი "იასონ აფხაზი".

სხვების თქმით, "8 სექტემბრამდე ვაჭრობა და სპეკულაციები, ასევე მუქარა და დაშინებები წავა".

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი