ავტორი:

"...ეს ჩემი მარცხი და მოუშუშებელი ტკივილია" - ედუარდ შევარდნაძის ოთხი მოგონება პრეზიდენტის მემუარებიდან

"...ეს ჩემი მარცხი და მოუშუშებელი ტკივილია" - ედუარდ შევარდნაძის ოთხი მოგონება პრეზიდენტის მემუარებიდან

2006 წელს გამომცემლობა "პალიტრა L"-მა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მემუარები გამოსცა.

წიგნის - "ფიქრი წარსულსა და მომავალზე" ავტორი ედუარდ შევარდნაძე, საქართველოს გადამდგარი პრეზიდენტი, მანამდე სსრკ-ის გადამდგარი საგარეო საქმეთა მინისტრი, უფრო ადრე, 1972 წლიდან საქართველოს პარტიული ლიდერი - დიდი პოლიტიკური მოვლენებისა და ბრძოლების უშუალო მონაწილე და მოწმე იყო.

თუმცა, ეს წიგნი არ განეკუთვნება მხოლოდ მემორიალურ ჟანრს, რადგან საარქივო მასალებსა და სამეცნიერო ლიტერატურაზე დაყრდნობით, შევარდნაძე არამარტო აღადგენს გარდასულ წლებს, არამარტო აანალიზებს განვლილსა და მომხდარს, არამედ მომავლის პროგნოზებსაც აკეთებს.

AMBEBI.GE გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს შევარდნაძის მემუარებიდან - "ფიქრი წარსულსა და მომავალზე":

***

"თვითმფრინავის ბიჭების" ტრაგედია და ედუარდ შევარდნაძე

1983 წლის ნოემბერი: ახალგაზრდების ჯგუფმა, თბილისის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ, სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა. მათი გულუბრყვილო ჩანაფიქრით, ეს იყო საბჭოთა კავშირიდან გაქცევის რეალური საშუალება, რომელსაც მსხვერპლი არ უნდა მოჰყოლოდა. ეს ახალგაზრდები საკმაოდ შეძლებული ოჯახებიდან იყვნენ. სტუდენტური, პიროვნული კარიერაც წარმატებული ჰქონდათ. მათთვის, პრივილეგირებული ოჯახების შვილებისთვის, უცხოეთში წასვლა არ უნდა ყოფილიყო ძნელი - ერთი მათგანი ჩემი მეგობრის, აკადემიკოსის შვილი გახლდათ, მეორე - სახალხო მხატვრის შვილიშვილი, მესამე და მეოთხე - ცნობილი ექიმის, სამედიცინო კლინიკის მთავარი ექიმის შვილები, მეხუთე - მსოფლიოში ცნობილი კინორეჟისორის შვილი, თავად შესანიშნავი მსახიობი, რამდენიმე ფილმის მთავარი გმირი.

მათ საბჭოთა კავშირში ცხოვრება აღარ სურდათ და ალბათ, ცალ-ცალკე წასვლასაც შეძლებდნენ, მაინც ასე, ერთად მოინდომეს წასვლა, ქორწილის იმიტაციით, ხმაურით, თვითმფრინავის გატაცებით. კინოფილმივით იყო მათი წასვლა ჩაფიქრებული და სამწუხაროდ, ყველაზე ტრაგიკული ფილმივით განვითარდა - ადამიანთა დიდი მსხვერპლით და თავად რამდენიმე გამტაცებლის დაღუპვით.

შემდეგში ამას მოჰყვა გადარჩენილი გამტაცებლებისა და ორგანიზატორის სასამართლო პროცესი და მათი დახვრეტა.

გამტაცებლებმა ვერ მოახერხეს საბჭოთა კავშირის სივრცის დატოვება და თვითმფრინავი კვლავ თბილისის აეროპორტში დაეშვა, სადაც მას შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფებმა შემოარტყეს ალყა. მე მივედი თვითმფრინავთან, ვთხოვე გამტაცებლებს, გაეთავისუფლებინათ მძევლები და დაეტოვებინათ თვითმფრინავი, მაგრამ უშედეგოდ. ამ დროისთვის თვითმფრინავში უკვე იყო მსხვერპლი - ბორტგამცილებელი, მგზავრი... შემდეგ ერთმა გამტაცებელმა თავი მოიკლა. ამასობაში საქმეში მოსკოვიდან სასწრაფოდ ჩამოყვანილი "სპეცნაზი" ჩაერია, რამაც კიდევ უფრო გაზარდა დახოცილთა რიცხვი.

საბჭოთა მართლმსაჯულება (ისევე როგორც საერთაშორისო) ამ შემთხვევაში ძალიან მკაცრი იყო. იგი თვითმფრინავის გამტაცებლებს, ორგანიზატორებსა და მგზავრთა მკვლელებს მკაცრად სჯიდა. დღესაც ასეა...

მართალია, მაშინ ბევრმა მომმართა თხოვნით, სასიკვდილო განაჩენი ამერიდებინა მათთვის, ვინც ეს ჩაიდინა, მაგრამ უძლური აღმოვჩნდი - მე არაფერი შემეძლო. არაფერი შემეძლო, როგორც თანამდებობის პირს და როგორც მოქალაქეს. მათი ქმედების გამო ხომ ადამიანები დაიხოცნენ, უმიზეზოდ და უგუნურად დახოცილთა მხარეს, მათი ჭირისუფლების მხარესაც ხომ იყო მწარე სიმართლე. როგორც ვთქვი, ამ ახალგაზრდებიდან ერთი შესანიშნავი მსახიობი იყო, მეორე ალბათ დიდი მხატვარი დადგებოდა. საერთოდ, ყველა რაღაცით გამორჩეულად ნიჭიერი გახლდათ, მაგრამ უმიზეზოდ დაცოხილი მგზავრებიც ხომ იყვენენ განუმეორებლები, თუნდაც თავიანთი ახლობლებისთვის?

ამ ტარგედიის თავიდან აცილება მე ვერ შევძელი, მივედი მათთან, ვცადე დავლაპარაკებოდი, მაგრამ, ეტყობა, ვერ მოვძებნე შესაბამისი სიტყვები, მათ კი ჩემი მოსმენა არ ისურვეს. ვერ შევძელი ისინი დამერწმუნებინა, შეგუებოდნენ დამარცხებას და ჩაბარებულიყვნენ... ვერ შევძელი....

მერე უკვე აღარაფერი შემეძლო... მოვლენებს მე აღარ ვმართავდი... ეს ჩემი მარცხი და მოუშუშებელი ტკივილია...

მახსენდება, არა მხოლოდ საკუთარი მარცხის გამო, არამედ იმ ტკივილის გამოც, რომელიც მათ მოუტანეს ქვეყანას, საზოგადოებას, კონკრეტულ ადამიანებს. ამ კონფლიქტების მასშტაბები და ხარისხი სხვადასხვანაირი იყო. ისინი ერთნაირი სიმძაფრითა და სიძლიერით აღიბეჭდა ჩემში. ჩამრჩა გულში და დანაშაულის გრძნობას მიღვივებენ. არადა, ღმერთმანი, ძალა არ დამიშურებია, რომ ისინი ჩამეცხრო, მაგრამ ობიექტურ და სუბიექტურ მიზეზთა გამო, ვერ შევძელი. ბოლოს და ბოლოს, ადამიანის შესაძლებლობასაც ხომ აქვს საზღვარი.

***

ფილმ "მონანიების" შესახებ

ერთხელ მირეკავს კინო-რეჟისორი თენგიზ აბულაძე და მეუბნება, მოსვლა მინდაო. დრო დავუნიშნე - დღის ბოლო. თენგიზი დანიშნულ დროს მოვიდა და მაგიდაზე ნაბეჭდი ქაღალდების დასტა დამიდო: ეს არის ჩემი ახალი ფილმის სცენარი. ძალიან მინდა, რომ წაიკითხოთ. უფრო პრაგმატულად შეხედავთ ყველაფერს, ძალიან რთული ფილმი იქნებაო. "მონანიების" სცენარი იყო…

ვკითხულობ, ვკითხულობ და სული მეხუთება. წარმოვიდგინე, რა იქნებოდა ეს ეკრანზე და რა შთაბეჭდილებას მოახდენდა იგი ჩვეულებრივ ადამიანებზე, რა განცდებთან გვექნებოდა საქმე. ნანულიმ შემატყო, რომ შიგადაშიგ სული ყელში მებჯინებოდა და მკითხა - "ასე რამ აგაღელვაო?" - სცენარი მივეცი. წაიკითხა და ისიც ჩემს დღეში ჩავარდა.

ბატონი თენგიზი ერთი-ორი დღის შემდეგ შემეხმიანა. თვითონ არ დავურეკე, რადგან ჯერ კიდევ ვფიქრობდი, რა მომავალი ექნებოდა ამ ფილმს, ნახავდა თუ არა მზის სინათლეს, როცა გაკეთდებოდა? თანაც არ მინდოდა, ცუდ ხასიათზე დამეყენებინა თენგიზი, იმიტომ, რომ სიმართლე უნდა მეთქვა. თვითონ დამირეკა - არ მინდა ზედმეტად შეგაწუხოთ და როდესაც გეცლებათ, დღეს, ხვალ, ზეგ, იქნებ ერთმანეთს შევხვდეთო.

შეხვედრა მეორე დღეს დავუნიშნე. ვუთხარი: "ორი დიდი პრობლემა იქმნება. პირველი ის, რომ ამ სცენარს მოსკოვში კინოკომიტეტი არ მიიღებს, ე.ი. დაფინანსების საკითხი; და მეორე - ვთქვათ, დავარწმუნეთ და გადაიღე კიდეც - ეს ფილმი რამდენიმე წელი მზის სინათლეს მაინც ვერ ნახავს, თაროზე უნდა იდოს. ამისთვის ხარ განწირული, ამ აზრს უნდა შეეგუო, მაგრამ ეს ფილმი რომ არ გადაიღო, დამნაშავე იქნები საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე, და არამარტო ქართველი ხალხის წინაშე".

შეწუხდა.

– აბა რა გამოსავალია, რა გავაკეთო? – მკითხა

– კიდევ შევხვდეთ ხვალ-ზეგ, ვიცი, რა გზებიც არსებობს, მთავარია ფილმი გადავიღოთ. მერე ვნახოთ, რა როგორ იქნება…

კინოსტუდიის დირექტორის, რეზო ჩხეიძის აზრით, გამოსავალი ერთი იყო - "მონანიების” სატელევიზიო ფილმად გადაღების დაწყება. თუ არ ვცდები, 600 მანეთი ვსთხოვე, გადაღების დასაწყებად, საკავშირო ტელე-რადიოკომიტეტის თავჯდომარეს, სერგეი ლაპინს. ამ კაცმა თანხა ისე გამოგვიყო, რომ სცენარი არც მოუთხოვია.

დაიწყო მუშაობა. ფინანსები ტელე-რადიოკომიტეტის ბიუჯეტში იჯდა, მაგრამ კინოსტუდიის ბაზაზე იღებდნენ. სწორედ ეს იყო გონივრული გადაწყვეტილება.

მოსკოვში ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა ცენტრალური კომიტეტის კულტურის განყოფილების გამგესთან, შაუროსთან, აბსოლუტურად მენდობოდა ყველაფერში. მოსკოვში ყოფნისას შევხვდი და ვუთხარი, ისეთი უნიკალური სცენარია, რომ შეიძლება ეპოქალური ფილმი გამოვიდეს-მეთქი. ისიც ვუთხარი: "თუ გნებავთ, გამოგიგზავნით სცენარს, მაგრამ რუსულად არ გვითარგმნია. მერწმუნეთ, ცოდვაა ტელეფილმად მისი გადაღება და უნდა დამეხმაროთ, რომ კინოკომიტეტში სცენარის წაკითხვის გარეშე მოგვცენ ფილმის გადაღების უფლება და დაგვაფინანსონ". მაშინვე, ჩემი თანდასწრებით, დაურეკა კინო-კომიტეტის ხელმძღვანელს და უთხრა: "ჩემთან ედუარდ შევარდნაძეა, თქვენ იცით ჩემი დამოკიდებულება მისდამი, როგორ ვენდობი. გადაღება უკვე დაწყებული აქვთ, ტელეფილმად აკეთებენ, მაგრამ მე არ მინდა ეს ტელეფილმი იყოს, სჯობია, კინოფილმად გადავიღოთ".

მგონი, მხოლოდ ერთხელ გამოიძახეს თენგიზი რაღაც გასაუბრებაზე. მერე, მეორე წელს, ჩვენი ფილმი ჩაჯდა კინოსტუდიის გეგმაში.

დაიწყო გადაღება. გადაღებული მასალის გასინჯვაზე დამპატიჟეს. ფილმი ვნახე, სიმართლე გითხრათ, შინ რომ დავბრუნდი, აღელვებული ვიყავი. ფილმმა ჩემზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. ადამიანი უცნაურსაც და არაჩვეულებრივსაც ადვილად ეჩვევა, მაგრამ ის პირველი შთაბეჭდილება წარუშლელი იყო.

მოკლედ გადაღება დამთავრდა, ფილმი მზად არის ეკრანზე გასაშვებად, მე კი ამ დროს მოსკოვში გადამიყვანეს საგარეო საქმეთა მინისტრად. ეტყობა თბილისში ცოტა იჩქარეს, ზუსტად არ ვიცი, რა მოხდა. როგორც ჩანს, საქართველოს მაშინდელი ხელმძღვანელობის უჩუმრად ფილმი საზოგადოებას აჩვენეს. ერთი ალიაქოთი ატყდა. რამდენიმე კაცი მოხსნეს სამსახურიდან, რამდენიმეც, მგონი, პარტიიდან გარიცხეს. შედეგად ფილმი თაროზე დაახლოვებით ორი-სამი წელი დაიდო. მოსკოვში ჩასვლისთანავე, მე ვერ მივიდოდი გორბაჩოვთან და ვერ ვეტყოდი, საქართველოში ასეთი ფილმი გვაქვს-მეთქი, მიმაჩნდა, რომ მომწიფდებოდა დრო, როცა ამ თემაზე ლაპარაკს დავიწყებდი.

"პერესტროიკა" უკვე დაწყებულია, მინდა დემოკრატიზაციის პროცესი ცოტა უფრო გაღრმავდეს და მერე უფრო იოლი გადასაწყვეტი იქნებოდა ეს საკითხი. უფრო იოლი სათქმელიც, თუნდაც იმიტომ, რომ ეს ფილმი ერთ-ერთი არგუმენტი უნდა ყოფილიყო იმ პროცესების მხარდასაჭერად, იმ ხანად საბჭოთა კავშირში რომ მიმდინარეობდა.

მერე ისე მოხდა, რომ საქართველოს კომპარტიის მაშინდელი ცეკას პირველი მდივანი, ჯუმბერ პატიაშვილი მივიდა გორბაჩოვთან და უთხრა, ასეთი და ისეთი ფილმი არსებობს და უხერხულ მდგომარეობაში ვარ. ორი თუ სამი წელია თაროზე დევს, როგორც სპეციალისტები ამბობენ, კარგი ფილმიაო და მისი ეკრანზე გაშვებაში დახმარება სთხოვა. ვნახოთ, უთქვამს გორბაჩოვს. მართლაც, გორბაჩოვმა და მისმა მეუღლემ, რაისა მაქსიმოვნამ, ფილმი იმ ღამესვე ნახეს.

მეორე დღეს გორბაჩოვმა დამირეკა:

– რატომ არ მითხარი, ასეთი ფილმი თუ იყო საქართველოში? (სხვათა შორის, გორბაჩოვი ქართული კინოს შესანიშნავი მცოდნე იყო)

– არ გითხარით, რადგან შესაფერის დროს ველოდი, ახლა კი, მგონი დადგა დრო, ამ ფილმის გაშვებაზე უნდა ვიფიქროთ. მისი თაროზე დატოვების ყოველი დღე დანაშაულია. ხალხმა უნდა ნახოს იგი. ფილმს ტირაჟირება სჭირდება, კიდევ ათასი რამ არის გასაკეთებელი.

– მე და რაისას ფილმი განსაკუთრებით მოგვეწონა. ალბათ, უნდა გავუშვათ, მაგრამ მინდა პირადად გთხოვო, მიხვიდე ლიგაჩოვთან და მას მოელაპარაკო.

მივედი ლიგაჩოვთან:

– ძალიან უცნაურ საკითზე მოვედი. მე საგარეო საქმეთა მინისტრი ვარ და ფილმებისათვის არ მცალია, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ეს საქმე ჩემი მონაწილეობით არის დაწერილი და მიმაჩნია, რომ ხელოვნების დიდ ნიმუშზეა ლაპარაკი, ნამდვილ შედევრზე. თუმცა აქვე ისიც უნდა ითქვას - იდეოლოგიურად ძალიან ბევრი შემოგვედავება, რომ კომუნიზმსა და სოციალიზმს არ ამშვენებს ის, რაც იქ არის ნაჩვენები.

– რა გნებავთ, გინდათ, რომ ფილმი ვნახო?

– დიახ, მინდა.

– კარგი, ამაღამ მე და ჩემი მეუღლე ვნახავთ ფილმს…

ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს მან ყველაფერი უკვე იცოდა, თუმცაღა, ჩემთვის ამას არანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. ფილმმა მათზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. რა თქმა უნდა, ლიგაჩოვს ჰქონდა თავისი იდეოლოგიური შეხედულებები, მაგრამ მაინც ვერ გაუძლო. მერე გავიგე, მისი მეუღლის ოჯახიც რეპრესირებული ყოფილა. თურმე ფილმის ნახვისაც უტირია. მეორე დღეს დამირეკა ლიგაჩოვმა და მითხრა, თუ გორბაჩოვი წინააღმდეგი არ არის, გაუშვათო.

ამავე აზრის იყო ფილმის დიდი ქომაგი, ალექსანდრ იაკოვლევიც - "პერესტროიკის” ერთ–ერთი ლიდერი და იდეოლოგი. დავურეკე გორბაჩოვს. ფილმი ტირაჟირებისთვის ჩამოიტანეს მოსკოვში და დაიწყო ჩვენება.

ატყდა ერთი აურზაური პრესაში. რა თქმა უნდა, ის თაობა, ის ადამიანები, რომლებიც "პერესტროიკის" მხარეზე ვიყავით, ფილმს მივესალმებოდით, მაგრამ პრესაში გამოჩნდა ისეთი წერილებიც, რომლებიც არ წაიკითხებოდა - "იდეოლოგიურად საშიში ფილმი" - ასეთი იყო მათი შეფასება.

გორბაჩოვმა მითხრა: "ამ ამბავს აუცილებლად უნდა მივადევნოთ თვალყური, ჩვენ ზომიები მაინც უნდა მივიღოთ".

მართლაც, მოვძებნეთ რამდენიმე თანამოაზრე ჟურნალისტი და მათ გამორჩეულად კარგი სტატიები მოამზადეს "მონანიებაზე".

ამის შემდეგ უკვე მე ვიზრუნე, რომ ფილმი კანის ფესტივალზე მოხვედრილიყო. კინოკომიტეტის თავჯდომარეს ვუთხარი, რომ თუ ფილმი კანის ფესტივალზე არ მოხვდებოდა, დანაშაული იქნებოდა. კინო კომიტეტშიც ამ აზრზე იყვნენ, სხვა უკეთესიც არ ჰქონდათ, რა უნდა წაეღოთ?! ამავე დროს, ამ ფილმს იდეოლოგიურადაც დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. იგი საბჭოთა კავშირში მიმდინარე პროცესების სრულ ილუსტრირებას ახდებდა, ადასტურებდა, რომ კინო, კინოხელოვნება თავისუფალია. ასეთი ფილმი საბჭოთა კავშირში რომ გადაიღეს, ეს თვითონ "პერესტროიკის" სასარგებლოდ მუშაობდა, ჩვენი პოლიტიკის სასარგებლოდ.

პოლიტბიუროს წევრებს ფილმი წინასწარ უჩვენეს და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდა ერთსულოვნად, რომ "მონანიება" კანის ფესტივალზე წარდგენილიყო.

მერე იყო ტრიუმფი - მსოფლიო მაშტაბით ფილმის საყოველთაო აღიარება და საბჭოთა შეცდომების გამო შეძრწუნება.

მე, როგორც პიროვნებას, და გნებავთ, როგორც მოქალაქეს, მართლა მჯერა, რომ ამ "მონანიების" გარეშე ცხოვრების გაგრძელება ჩვენს საზოგადოებას და პირადად მეც, გაგვიჭირდებოდა.

სხვათა შორის, მოგვიანებით, უკვე თავისუფალ საქართველოში, ბატონ თენგიზს სურდა ახალი ჩანაფიქრი განეხორციელებინა - გადაეღო "მონანიება 2″. მანამდე ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ამგვარი ფილმის გადაღება ვინმეს აზრად მოუვიდოდა. "დამოუკიდებელი" ქვეყნების რეალობა ხელოვანისთვის არანაკლებ შემზარავი აღმოჩნდა, ვიდრე "ტოტალიტარიზმის კოშმარი". ფილმის გადაღება მან ვეღარ მოახერხა. ვერ მოასწრო - ამ ქვეყნიდან უდროოდ წავიდა.

***

როგორ აღმოაჩინა ჩეკისტმა მდინარის ფსკერზე ლავრენტი ბერია?

ლავრენტი ბერიასი, სიცოცხლეში კი არა, მისი სიკვდილის შემდეგაც რომ ეშინოდათ, ესეც ცნობილი ამბავია. ედურად შევარდნაძე თავის მემუარებში ერთ ამბავს იხსენებს, რომელიც, როგორც თავად წერს, საკავშირო მნიშვნელობის ანეგდოტად იქცა.

"ის ამბავი, რაც ახლა უნდა მოგითხროთ, ბერიას დახვრეტიდან დიდი ხნის შემდეგ მოხდა. ჩემი უახლოესი მეგობარი, უბრწყინვალესი ქართველი მწერალი ნოდარ დუმბაძე თავის აგარაკზე, შავი ზღვის სანაპიროზე ისვენებს.

"ერთ დღეს მის მეზობლად მცხოვრები რუსი მწერალი კონსტანტინე სიმონოვი ურეკავს და ეუბნება, მოსკოვიდან ორი მეგობარი ჩეკისტი მესტუმრა და უნდა გავუმასპინძოლდეო, მოკლედ, ღვინო სთხოვა. ნოდარს ღვინო არ აღმოაჩნდა, მაგრამ შესთავაზა, აქვე სოფელი მერხეულია, შესანიშნავი რესტორნით და სტუმრები საპურმარილოდ იქ წავიყვანოთო.

"აფხაზეთის სოფელი მერხეული კარგი რესტორნის გარდა იმითაც იყო ცნობილი, რომ ლავრენტი ბერიას მშობლიური სოფელი გახლდათ და ჩეკისტების იქ მასპინძლობა ამ მხრივაც ერთგვარ "სიმბოლურ" აზრს ატარებდა.

"კონსტანტინე სიმონოვს ეს წინადადება მოეწონა. ოთხივე მერხეულში წავიდა. ლაზათიანად მოულხინეს, ერთმა ჩეკისტმა დაიჩემა, მდინარეში უნდა ვიბანაოო. ვერ გადაათქმევინეს. გაიხადა და წყალში ჩავიდა, მაგრამ ამოყვინთვით ვეღარ ამოყვინთა.

"იქვე მყოფი სოფლელები მდინარეში შეცვივდნენ და ცოცხალმკვდარი "კაგებეს" ოფიციერი ნაპირზე გამოათრიეს, ვაი-ვაგლახით მოიყვანეს გონზე. თვალი როგორც გაახილა, მეგობარ ჩეკისტს უხმო და ჩურჩულით ეუბნება, "მდინარის ფსკერზე ლარენტი ბერიაა".

ყველა გაშტერებული უყურებს ერთმანეთს, რაღაც ვერ იყო კარგად - დიდი ხნის დახვრეტილი იყო ლავრენტი პავლოვიჩი. ჩეკისტმა კიდევ ორჯერ გაიმეორა ეს ფრაზა და გული წაუვიდა. რესტორნის დირექტომა რომ ნახა, საქმეს ცუდი პირი უჩანდა, ნოდარ დუმბაძე გვერდით გაიხმო და საიდუმლო გაანდო.

"აქ, რესტორნის ახლოს, ბერიას ძეგლი იდგა, როცა დაიჭირეს, ავიღე და მდინარის ფსკერზე დავმალე, რა ვიცი, ხვალ რა მოხდება, დღეს კი ლანძღავთ, მაგრამ იქნებ დრო მოვიდეს, თქვათ, დიდი კაცი იყო, ხალხის ერთგული შვილიო. ჯაჭვით მყავს დაბმული, მდინარემ რომ არ წაიღოს. ამ უბედურმა წყალში რომ ჩაყვინთა, ეტყობა, ძეგლი დაინახა და ამიტომ არის შეშინებულიო".

***

მერაბ მამარდაშვილის დამოკიდებულება ზვიად გამსახურდიას მიმართ

"თუ ხელისუფლებაში მოვა გამსახურდია, მე იძულებული ვიქნები წავიდე ჩემი ხალხის წინააღმდეგ" - თქვა ჩემმა თანამემამულემ, დიდმა მოაზროვნემ, დიდმა მეცნიერმა, ფილოსოფოსმა მერაბ მამარდაშვილმა, ამის თქმა შეეძლო დიდ ფილოსოფოსს და არამც და არამც დიდ პოლიტიკოსს.

ჭეშმარიტების გაცხადება ფილოსოფოსისთვის არა მხოლოდ პროფესიული ვალია, არამედ მისი ყოფიერების არსიც. რისი გულისთვისაც იგი მზადაა სიცოცხლეც კი შესწიროს. აკი შეეწირა კიდეც. მამარდაშვილის ისედაც მორყეულმა ჯანმრთელობამ ვერ გაუძლო თავის ხალხთან, უფრო სწორად მის რადიკალურ ნაწილთან დაპირისპირებით გამოწვეულ ზეადამიანურ დაძაბულობას.

1990 წლის ნოემბერში იგი პარიზიდან (მოსკოვის გავლით) ბრუნდებოდა თბილისში, სადაც გამსახუდია და მისი მომხრეები გამარჯვებას ზეიმობდნენ. გულის მოულოდნელი შეტევით გაშეშებული, იდგა იგი მოსკოვის აეროპორტში თვითმფრინავის ტრაპთან და გულის ტკივილზე მეტად მისი სული შეაძრწუნა იქ მყოფ თანამემამულეთა მტრულმა გამოხედვამ. იგი ხომ მათი კერპის ანტიპოდი იყო. კაცი, რომელმაც გაბედა, ხალხს გამოწვევა ესროლა სიტყვებით - "ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას". იგი, იქვე აეროპორტში გარდაიცვალა. თვისტომთა მძულვარებით გარემოცული, თავისი ჭეშმარიტებით გაუზიარებელი.

მე ფილოსოფოსი არ გახლავართ, რომელიც მზადაა მოკვდეს თავისი იდეებისთვის. თავისი იდეებისთვის პოლიტიკოსმა უნდა იცოცხლოს, რომ განახორციელოს ისინი. ჩემი წარმოდგენით, უფრო ხშირად, ვიდრე ამას შეამჩნევს დაუინტერესებელი მზერა. პოლიტიკოსი ვალდებულია, მუდმივად აღდგეს მკვდრეთით, რომ იცოცხლოს იდეეისთვის, რომელსაც იწამებს.

"მერაბიშვილის მინისტრობის დროს ერთ წელიწადში მოხდა 2160 ყაჩაღობა, წელს გვაქვს 135 შემთხვევა - ეს ხალხი გვეუბნება, რომ დაბრუნდა 90-იანი წლები" - გომელაური

როგორ ცდილობს ვანესა რედგრეივი ედუარდ შევარდნაძის აცეკვებას - უნიკალური კადრები 90-იანების თბილისიდან

"როდესაც მედლის ერთი მხრიდან ქვეყანამ შეწყვიტა მოძრაობა, მე მედალი შემოვატრიალე" - რას ჰყვება ახალგაზრდა, რომელმაც პანდემიისას 160 სერთიფიკატი მოიპოვა