ავტორი:

"ხელისუფლება იწყებს ძალის დემონსტრირებას... ეს არის წინასაარჩევნო მინისტრთა კაბინეტი" - ექსპერტები გახარიას წარდგენაზე

"ხელისუფლება იწყებს ძალის დემონსტრირებას... ეს არის წინასაარჩევნო მინისტრთა კაბინეტი" - ექსპერტები გახარიას წარდგენაზე

ივანიშვილი დაიღალა, რომ მთელი ტალახი მიდის მასზე და ფაქტობრივად, ის ცდილობს ამოეფაროს გახარიას და ეს ნეგატივი მასზე გადაიტანოს მთლიანად, - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი სამთავრობო ცვლილებებს.

ხუხაშვილის თქმით, ჯერ უნდა მომხდარიყო პრემიერ-მინისტრის წარდგენა და შემდეგ პრემიერ-მინისტრს უნდა წარედგინა მთლიანად მინისტრთა კაბინეტი.

„პროცედურა ცოტა სხვანაირია, წარდგენა უნდა მომხდარიყო პრემიერ-მინისტრის და პრემიერ-მინისტრმა ამის შემდეგ უნდა წარმოადგინოს მთლიანად მინისტრთა კაბინეტი, მაგრამ როგორც ჩანს, იჩქარეს. ესეც რაღაც ინსტიტუციურ არეულობაზე მეტყველებს იმიტომ, რომ პრემიერ-მინისტრისა და მინისტრების ერთად წარდგენა, როგორც წესი, არ ხდება“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, „ეს არის წინასაარჩევნო მინისტრთა კაბინეტი, სადაც ბიძინა ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ეს კონფიგურაცია ამ საარჩევნო ციკლში, 2020 წლის არჩევნებამდე მისთვის არის ოპტიმალური“.

„ფაქტია, რომ მთავარი თემა, მთავარი ტექნოლოგია იქნება უცვლელი, შუას გაკრეფა, ისე უზრუნველყოფა, რომ არ გაჩნდეს ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრები, ისევ ის მარტივი ნარატივი, რომ ვართ ჩვენ და არის „ნაციონალური მოძრაობა“ . „ნაციონალური მოძრაობა“ არის მტერი, ვინც ჩვენთან არ არის, ყველა არის მტერი, ანუ „ნაციონალური მოძრაობა“. ეს იქნება მთავარი სქემა წინასაარჩევნოდ. გასაგებია, რომ, ერთი მხრივ, გახარიამ აკრიფა ნეგატივი, მაგრამ, მეორე მხრივ, შუას გაკრეფისთვის, ასე ვთქვათ, ანტიგმირის ჩანაცვლებისთვის კრიტიკული ელექტორატისთვის, ის არის ოპტიმალური ფიგურა ბიძინა ივანიშვილისთვის. ივანიშვილი დაიღალა, რომ მთელი ტალახი მიდის მასზე და ფაქტობრივად, ის ცდილობს ამოეფაროს გახარიას და ეს ნეგატივი მასზე გადაიტანოს მთლიანად. წყალი რომ აიმღვრევა და თუ მოხერხდა ეს შუას გაკრეფა და ორპოლუსიანობის შენარჩუნება, ამ შემთხვევაში, პრინციპში, ის თვლის, რომ შანსი, რომ ის მოგებული დარჩეს ამ სიტუაციიდან, არის მაღალი, მაგრამ მთელ ნეგატივს შეისრუტავს გახარია და თვითონ დარჩება „თეთრ სახლში“, ამის იმედი აქვს“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძე კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება იწყებს ძალის დემონსტრირებას. მისი თქმით, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით, მათ შორის შს მინისტრის გაპრემიერების თაობაზე მოლოდინები უკვე დიდი ხანია არსებობს. პოლიტოლოგის განმარტებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საუბარი 20-21 ივნისის მოვლენებამდეც იყო და „საზოგადოებისთვის ემოციურად ეს თემა მოხარშულია“, რის შედეგადაც ახლა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მასობრივ პროტესტს არ გამოიწვევს.

ამასთან, პოლიტოლოგი იმედოვნებს, რომ გიორგი გახარიას კანდიდატურა პარლამენტში მხარდაჭერას მიიღებს.

„ქართული ოცნება“ ცდილობს, აჩვენოს, რომ მას შეუძლია არა მარტო გადაწყვეტილების მიღება, არამედ აღსრულებაც და რომ ქვეყანაში არის ძლიერი, მოქმედი პრემიერი, რომელიც აღკვეთს ყველანაირ ზღვარგადასულ თუ ზღვართან მიახლოებულ პროტესტს. ჩემი აზრით, ეს მაინც გათვლილია 2020 წლის არჩევნებზე. ე.ი. თუ მიუღებელი იქნა ამ არჩევნების შედეგები და ამას მოჰყვა პროტესტი, ყველამ იცოდეს, რომ გახარიას გადამჭრელი ზომების მიღება შეუძლია. ქვეცნობიერად ალბათ, ამას უკავშირდება. ვნახოთ, თუ ხელისუფლებას აქვს რაღაც რეალური პროექტი, რომელიც ამ 1 წლის განმავლობაში შედეგს დადებს, მაშინ ეს იქნება წარმატებული გადაადგილება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვბრუნდებით ჩვეულებრივ იმ კალაპოტში, რომელშიც ამ 30 წლის განმავლობაში ვიმყოფებით. როდესაც ხელისუფლება სულ გვაშინებდა შს მინისტრით ან პრემიერით... ხელისუფლება სულ გვაშინებდა, რომ ის გამოიყენებს ძალას და იქნება მკაცრი და შეუვალი. ვნახოთ, რა როგორ განვითარდება,“ - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ამასთან, მან ისაუბრა ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის თაობაზე და აღნიშნა, რომ ისიც „იმ კატეგორიის პოლიტიკოსია, რომელიც ხისტი დამოკიდებულებებით გამოირჩევა.“

„ამ მხრივაც იგივე კონტექსტი ფიგურირებს, რაზეც ვისაუბრე. ხელისუფლება იწყებს ძალის დემონსტრირებას. რა მოყვება შედეგად, ჯერჯერობით ვერ გეტყვით, მაგრამ დღემდე ამ მცდელობებს ხელისუფალთათვის მნიშვნელოვანი შედეგი არ მოუტანია,“ - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

რეინკარნაცია მოხდა იმ სახეების და იმ ღირებულებების, რა სახეებით და ღირებულებებითაც წარსდგა „ქართული ოცნება“ 2012 წელს, - ასე აფასებს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე „ინტერპრესნიუსთან“ სამთავრობო ცვლილებებს.

პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მინისტრთა კაბინეტის ამ სახეებით თავის „ძირძველ ამომრჩეველს“ დაანახა, რომ მათი დაპირებები ძალაში რჩება.

„ამ საკადრო ცვლილებებით, „ქართულმა ოცნებამ“ აქცენტი გააკეთა იმ ამომრჩეველზე, რომელიც თვლის, რომ მისი ძირძველი ამომრჩეველია და მინისტრთა კაბინეტში ღარიბაშვილის და გომელაურის დაბრუნებით, ფაქტობრივად, მესიჯი გაუგზავნა, რომ ეს ისევ ის ძველი „ოცნებაა“, ძირძველი ღირებულებებით, რომლის გარშემოც ეს ამომრჩეველი დაირაზმა 2012 წელს. დაანახა, რომ ისევ ის დაპირებებია ძალაში, რაც იყო. რეინკარნაცია მოხდა იმ სახეების და იმ ღირებულებების, რა სახეებით და ღირებულებებითაც წარსდგა „ქართული ოცნება“ 2012 წელს. დღევანდელი მინისტრთა კაბინეტის სახეები არის ყველაზე ნათელი მესიჯი, რომ ამითი „ოცნებამ“ თავისი ამომრჩევლის სეგმენტი მოხაზა“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

მისივე თქმით, „ოცნებამ“ პროპორციულ არჩევნებზე ხელისუფლების დაკარგვის შიშით, „ძლიერი ხელის პოლიტიკას“ და რაციონალიზმს მიმართა.

„რატომ გაკეთდა აქცენტი გახარიაზე, მიუხედავად იმ ფონისა, რაც შექმნილი იყო, მე ვფიქრობ, რომ აქ ორ ვერსიას აქვს თანაბრად არსებობის საშუალება. პირველი არის ის, რომ პროპორციული არჩევნების შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ თვალნათლივ დაინახა, რომ ის დიდი ალბათობით, 2020 წელს დაემშვიდობებოდა ხელისუფლებას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფინანსური ჯგუფი დაინტერესდა ახალი პოლიტიკური ძალის შექმნით, ძალიან ბევრი მედიასაშუალების შექმნა დაანონსდა. „ქართულმა ოცნებამ“ დაინახა, რომ პროპორციული არჩევნები ამ პირობებში იყო გზა ხელისუფლებასთან დამშვიდობების - დიდი ალბათობით, ამიტომაც, როგორც ჩანს, გადაწყვიტეს მიმართონ „ძლიერი ხელის“ პოლიტიკას, როგორც ოპონენტებთან ურთიერთობაში, ისე „ქართული ოცნების“ წევრებს და საზოგადოებას დაანახონ, რომ „ქართული ოცნება“ 2020 წლის არჩევნებისთვის არამც თუ ჩამოშლას არ აპირებს, არამედ ისეთი ძლიერი იქნება, როგორც არასდროს. ასევე საკუთარი ამომრჩევლების იმ ნაწილს, რომელსაც „ძლიერი ხელის“ ნოსტალგია აქვს და „ქართულ ოცნებას“ უსუსურობას და უხერხემლობას საყვედურობდა, სურთ დაანახონ რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან 7-8 წლის შემდეგ, პარტია დაადგა „ძლიერი ხელის“ პოლიტიკის გზას.

რაც შეეხება მეორე ვერსიას, არამარტო ძლიერი, არამედ რაციონალური ხელი სჭირდება „ქართულ ოცნებას“ იმ გამოწვევების წინაშე, რომლის წინაც დადგება 2020 წელს და ასეთი არაერთი იქნება. არ გამოვრიცხოთ ის, რომ თუკი გავრცელებული ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ გახარია არ იყო 20 ივნისის ავტორი, თუ ეს ინფორმაციები რეალობას შეესაბამება, ასეთ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილმა აქცენტი გააკეთა მასზე და პრემიერად მოიყვანა ის ადამიანი, რომელიც გამოწვევების წინაშე, ემოციებს და აფექტებს არ აჰყვება. ოღონდ ამ ვერსიას, არსებობის საშუალება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გახარია არ იყო 20 ივნისის ავტორი, რაზე ინფორმაციები ვრცელდებოდა. შესაბამისად, სწორედ იმიტომ, რომ კრიზისულ სიტუაციაში ნაკლებად აფექტური იყო გახარია, შეიძლება ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილების ერთ-ერთი მოტივატორი, სწორედ ეს იყო - „ძლიერი ხელი“ და რაციონალიზმი“, - განაცხადა ლაგაზიძემ „ინტერპრესნიუსთან“.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე შს მინისტრი გიორგი გახარია წარადგინა. შესაბამისი განცხადება პარტიის ოფისში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

გიორგი გახარიას მთავრობის მეთაურად დანიშვნის თაობაზე გადაწყვეტილება დილიდან „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოსა და უმრავლესობის სხდომებზე შეთანხმდა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები