ავტორი:

"ექიმები მარწმუნებენ, რომ არაფერი მჭირს, მაგრამ ეს ფობია მმართავს" - რატომ უჩნდებათ სიმსივნის შიში ჯანმრთელ ადამიანებს?

"ექიმები მარწმუნებენ, რომ არაფერი მჭირს, მაგრამ ეს ფობია მმართავს" - რატომ უჩნდებათ სიმსივნის შიში ჯანმრთელ ადამიანებს?

ფობია - აკვიატებული შიში, რომელსაც რეალური საფუძველი არ გააჩნია, საკმაოდ გავრცელებული ფსიქიკური დარღვევაა. უამრავი სახის ფობია არსებობს და თითოეულს ინდივიდუალური გამომწვევი მიზეზი აქვს.

სიმსივნური დაავადებების გახშირებასთან ერთად აქტუალური პრობლემა გახდა კანცეროფობია (Cancerophobia), იგივე სიმსივნის შიში - ადამიანს ზოგჯერ იმდენად მოიცავს ფიქრები დაავადების შესახებ, რომ წარმოდგენილს რეალურისგან ვერ არჩევს და იჯერებს, რომ კიბო ნამდვილად სჭირს.

სპეციალისტები ამბობენ, რომ აკვიატებული აზრები, შიშები შეიძლება დასჩემდეთ ფსიქიკურად ჯანმრთელ ადამიანებსაც გადაღლის, უძილობის ან გადატანილი შიშის შემდეგ.

რესპოდენტი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა AMBEBI.GE-ს საკუთარი პრობლემის შესახებ უყვება:

"დედაჩემი თავის ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა, როცა სამი წლის ვიყავი. სწორედ ამას ვუკავშირებ ჩემს აკვიატებებს. ალბათ, ქვეცნობიერად ჩარჩენილი მაქვს შიში, რომ ეს გენეტიკურად მომყვება და როგორც კი ელემენტარულად წამომტკივდება რამე, მაშინვე ვიწყებ იმაზე ფიქრს, რომ სიმსივნე მაქვს.

გადმოსაცემად რთულია, რამხელა ტანჯვაა ეს მდგომარეობა... ღამეები არ მძინავს, ვფიქრობ, წარმოვიდგენ რა მოყვება ამას. ოჯახის წევრებს ვერ ვუმხელდი თავიდან, მერიდებოდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს მდგომარეობა სრულიად უკონტროლო გახდა, ყველამ გაიგო. გარკვეული პერიოდულობით მიმწვავდება ეს შიშები. არის პერიოდები, რომ მეღიმება, რა ტყუილად ვტეხდი განგაშს-მეთქი, მაგრამ შემდეგ ისევ თავიდან იწყება ეს კოშმარი...

წავიყვან ქმარს, მოვივლით კლინიკებს, მთელ დანაზოგს იქ ვტოვებთ. მარწმუნებენ ექიმები, რომ არაფერი მჭირს, რომ მკურნალობა უფრო ფსიქოთერაპიული მიმართულებით მჭირდება, რომ ეს ცრუ შიშები დავძლიო, თუმცა მე ამის იმდენად მჯერა იმ მომენტში, რომ ჩემი გადარწმუნება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. შემდეგ ამაზე ვესაუბრები ყველას, ჩემდაუნებურად ვახვევ თავს ამ შიშებს, მოკლედ, მთლიანად მმართავს ეს ფობია", - გვიყვება რესპონდენტი.

რა იწვევს კანცეროფობიას და როგორ შეიძლება მისი მართვა? - ამ საკითხზე AMBEBI.GE ფსიქოთერაპევტ ნინო კერესელიძეს ესაუბრა:

"სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, მაგალითად: ექიმის მიერ დასმული არასწორი დიაგნოზი, ან თუნდაც ე.წ. პაციენტის შეშინება ანალიზების დროს, დამოკიდებულება, რომელსაც პაციენტი იღებს სამედიცინო დაწესებულებაში; ასევე შესაძლებელია იყოს აკვიატებული აზრებიდან წამოსულიც. გასათვალისწინებელია გარემოც, რომელშიც ვცხოვრობთ, უეცრად ვინმეს გარდაცვალება ან სხვისთვის დადგენილი კიბოს დიაგნოზიც ხდება მაპროვოცირებელი.

ამ დროს ადამიანი, როგორც წესი, იწყებს ინფორმაციის მოძიებას, ანალიზების ჩაბარებას და ხშირ შემთხვევაში ექიმებთან ქაოტურ ვიზიტებს. შესაძლებელია კანცეროფობიის ნიადაგზე განვითარდეს დეპრესიაც.

რაც შეეხება მასთან გამკლავების გზებს, ნებისმიერ ფობიასთან ბრძოლისას რეკომენდირებულია, ფსიქოთერაპევტთან მუშაობა, რადგან მოხდეს ადამიანის ცნობიერების დონის გაზრდა.

რეკომენდაციის სახით შემიძლია გითხრათ: გარემოსთან და საკუთარ თავთან კონტაქტი მნიშვნელოვანია, წელიწადში ერთხელ ზოგადი გამოკვლევების ჩატარება პრევენციის მიზნით - უნდა დარწმუნდნენ იმაში, რომ ნამდვილად არაფერი ჭირთ და ნახონ, საიდან მოდის ეს აზრები. თუმცა, ფსიქოთერაპევტთან ვიზიტის გარეშე პრობლემის მოგვარება ძნელად წარმოსადგენია. ვინაიდან ფობიის დროს ადამიანს არ აქვს რესურსი, რომ გაუმკლავდეს მას. ფსიქოლოგი კი რესურსების აღმოჩენაში ეხმარება", - ამბობს ნინო კერესელიძე.

ფსიქიატრი რეზო კორინთელი კანცეროფობიის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად დანაშაულის გრძნობას მიიჩნევს:

"ეს შეიძლება გამოიწვიოს შიშმა - არ დავისაჯო ჩემი დანაშაულების გამო. მაგალითად, დოსტოევსკი აღწერს დაავადებას, რომელიც არის ტაბუთი გამოწვეული.

ერთ-ერთ ქალს გაუმწვავდა პნევმონია და ფიქრობდნენ, რომ ის მოკვდებოდა და ამას მოჰყვა ის ამბავი, რომელმაც ქალს დანაშაულის გრძნობა გაუღვივა - სწორედ იმ ოთახში, სადაც იწვა, მან უღალატა ციხეში მყოფ ქმარს. ანუ დაარღვია ტაბუ, რომელიც შიგნით ჰქონდა და ამას სასჯელი მოჰყვა მის ფსიქიკაში.

შეიძლება ფობიის მიზეზი ისიც იყოს, რომ კიბო მჭირდება, ჩემს ცხოვრებაში რაღაცის შესაცვლელად. კანცეროფობია ხომ ურთიერთობებს ცვლის ოჯახში - თუ ის ადრე უვლიდა ყველას, ახლა მას უვლიან, იხარჯება მეუღლე, დაყავს სხვადასხვა ქალაქში, ექიმებთან, ანუ ის ხდება ზრუნვის საგანი. თითქოს გარკვეული ფსიქოლოგიური სარგებელი აქვს ამ დაავადებას ქვეცნობიერად" - საუბრობს რეზო კორინთელი აზროვნების აკადემიის პროექტ "სალონურ საუბრებში" სტუმრობისას.

თავის მხრივ, ონკოლეგებიც ეხმაურებიან კანცეროფობიას და ამბობენ, რომ კიბო დიაგნოზია და არა სასიკვდილო განაჩენი. კიბოს ეფექტური მკურნალობისთვის მთავარი დაავადების ადრეულ სტადიაში გამოვლენაა, ვინაიდან ამ შემთხვევაში სრული განკურნების შანსი 90%-ია. მესამე-მეოთხე სტადიაშიც კი, სიცოცხლის ხარისხის ამაღლებისა და გახანგრძლივების რეალური შესაძლებლობები არსებობს.

მეცნიერები პროგნოზირებენ, რომ არცთუ შორეულ მომავალში, თანამედროვე მსოფლიოსთვის კიბო ისეთივე სრულად განკურნებადი სენი იქნება, როგორიც სხვა ფიზიოლოგიური დაავადებებია. სწრაფი ტემპით მიმდინარეობს მედიკამენტური და რადიოლოგიური მკურნალობის ახალი მეთოდების დანერგვა.

ძალიან მნიშვნელოვანია, გაიფანტოს მითი, რომ კიბო უკურნებელი სენია. ამასთან აღსანიშნავია, რომ კიბოსთან ბრძოლაში უდიდეს როლს ასრულებს რწმენა და ფსიქოლოგიური განწყობა. ცნობილია უამრავი შემთხვევა, როდესაც ადამიანმა რწმენით, თვითშეგნებით დაამარცხა დაავადება თუ დაავადების შიში.

ამიტომ, ნუ დაიმძიმებთ ფსიქიკას ზედმეტი ნეგატიური ფიქრებით და გახსოვდეთ, რომ ფიქრებს იმაზე მეტი შეუძლია, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია...

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ