ავტორი:

რა ბედი ელის ასობით აბიტურიენტს, რომლებიც გამოცდების ჩაბარების მიუხედავად, უნივერსიტეტს გარეთ დარჩნენ

რა ბედი ელის ასობით აბიტურიენტს, რომლებიც გამოცდების ჩაბარების მიუხედავად, უნივერსიტეტს გარეთ დარჩნენ

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების მიხედვით, სტუდენტი 28 740 აბიტურიენტი გახდა. აბიტურიენტების 2% კი, რომლებმაც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ყველა საგანში გადალახეს, უნივერსიტეტებს მიღმა დარჩნენ - როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განმარტავენ, ამის მიზეზი არასწორად გაკეთებული არჩევანია.

AMBEBI.GE-ს რესპოდენტი 18 წლის გიორგია, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი უნდა გამხდარიყო, თუმცა ჩაბარებული გამოცდების მიუხედავად უნივერსიტეტს გარეთ დარჩენილთა იმ 2%-ში მოხვდა.

"ეს ძალიან დიდი სტრესია. ვფიქრობ იმაზე დიდი სტრესიც კი, როდესაც ზღვარს ვერ გადალახავ და ისე დარჩები სტუდენტის სტატუსის გარეშე. მაშინ იცი რომ ვერ გადალახე ზღვარი და არ დაგიმსახურებია სტუდენტობა. ახლა კი ვუყურებ ჩემი ქულების ბარათს და გული საშინლად მწყდება.

არ ვფიქრობ, რომ სულ ტყუილად ვისწავლე, რადგან მხოლოდ უნივერსიტეტში მოხვედრისთვის არ ვსწავლობ, მაგრამ უსამართლობის განცდა ნამდვილად მაქვს. ოთხივე საგანში 40 და მეტი ქულა ავიღე, ეს ზღვარის გადალახვაზე მეტია, თუმცა, მაინც ვერ მოვხვდი.

სამედიცინოზე ყოველთვის მაღალი კონკურსია. ქულების გაგების შემდეგაც არ შემიცვლია არჩევანი, რადგან სამედიცინოს მიმართულებით დიდი არჩევანი არ არის. კერძო უნივერსიტეტებში კი გადასახადი ძალიან მაღალია და ჩემი მშობლები მაინც ვერ გადაიხდიდნენ ამ თანხას. მეწერა სახელმწიფო უნივერსიტეტი და ეტყობა ჩემი შკალირებული ქულა რომელიც 2100-ია, საკმარისი მაინც არ აღმოჩნდა. ვფიქრობ რომ ეს უსამართლობაა" - ამბობს ჩვენთან საუბარში გიორგი.

ჩვენი რესპონდენტის მსგავსი პრობლემა აბიტურიენტების საერთო რაოდენობის 2% აქვს, რაც ციფრებში დაახლოებით 600 აბიტურიენტია. საკითხთან დაკავშირებით AMBEBI.GE-მ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართა..

"ეს კონკურსია - გასულ წლებშიც იყო დაახლოებით მსგავსი მაჩვენებელი და ბუნებრივია, მომავალშიც იქნება... ეს მოხდა ძირითადად იმ შემთხვევებში, როცა პროგრამაზე მაღალი კონკურსი იყო, ან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გაზრდილი იყო.

მოგეხსენებათ, რომ აბიტურიენტებს შესაძლებლობა ეძლევათ საკუთარი ქულების გაგების შემდეგაც კი შეცვალონ (წაშალონ, დაამატონ ან შეცვალონ) მათ მიერ არჩეული საგანმანათლებლო პროგრამების სია და ამ გზით გაზარდონ შანსი სხვა პროგრამაზე მოსახვედრად... ასევე, შეუძლიათ შეუზღუდავად აირჩიონ ფაკულტეტები. როგორც ჩანს, ამ აბიტურიენტებმა გადაწყვიტეს, რომ მხოლოდ კონკრეტულ მიმართულებებზე სურდათ სწავლის გაგრძელება და არა სხვა პროგრამებზე. რაც საბოლოო ჯამში გახდა მიზეზი იმისა, რომ ვერ გააგრძელეს სწავლა ვერც ერთ უმაღლეს სასწავლებელში" - განუცხადეს AMBEBI.GE-ს სამინისტროში.

რაც შეეხება კითხვას, დაუშვებენ თუ არა გამონაკლისს მეორადი ჩარიცხვების სახით, სამინისტროში გვითხრეს რომ ჯერჯერობით აღნიშნულზე საუბარი არ არის.

"თუ რამე შეიცვლება გაგაგებინებთ" - აცხადებენ ბატიაშვილის უწყებაში.

MANIFEST.GE-ზე უკვე განთავსდა ონლაინპეტიცია, რომელიც ითხოვს გარეთ დარჩენილ აბიტურიენტებს მიეცეთ უფლება ჩაირიცხონ იმ უნივერსიტეტებში სადაც, აკმაყოფილებენ საკონკურსო ქულებს.

"შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტების 2% უმაღლესი სასწავლებლების გარეთ დატოვა, რაც უსამართლობაა. ჯერ ერთი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (naec.ge) გამოქვეყნებულ 2019 წლის საგამოცდო ცნობარში საერთოდ არ არის მოცემული რეგულაცია, თუ რა შედეგი უნდა მოჰყვეს, როცა აბიტურიენტი ვერ გააკეთებს შესაბამის არჩევანს სარეიტინგო ჩამონათვალში და დააკლდება საკონკურსო ქულები. აღნიშნული კი ეწინააღმდეგება კანონის განსაზღვრულობის პრინციპს.

მეორეც, დაბალი საკონკურსო ქულების მქონე ვაკანსიებზე ჩარიცხვით მოგებული იქნება ყველა მხარე - აღნიშნული 2 % სტუდენტებისა, რომელთაც გამოცდები ჩააბარეს, აკადემიურ სწავლას გააგრძელებენ, ასევე უნივერსიტეტები და სახელმწიფო, რომელიც დამატებით შემოსავლებს მიიღებს ბიუჯეტში.

გთხოვთ, აღნიშნული აბიტურიენტების 2%-ს მისცეთ შესაძლებლობა იმავე ან სხვა დაწესებულებაში გააგრძელონ სწავლა აბიტურიენტსა და დაწესებულებას შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე" - აცხადებს პეტიციის ავტორი დავით ბესტავაშვილი.

პეტიციისთვის 3 000 ხელმოწერაა საჭირო. ამ დროისთვის მოთხოვნაზე 2 870 ხელმოწერა ფიქსირდება.

ავტორი: ეკა წივწივაძე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ