ავტორი:

"მძიმე სურათი იყო, შეიძლებოდა ყველაფერი მომხდარიყო" - რას ჰყვებიან მაშველები, რომლებმაც სამტრედია ძლიერ აფეთქებას გადაარჩინეს

"მძიმე სურათი იყო, შეიძლებოდა ყველაფერი მომხდარიყო" - რას ჰყვებიან მაშველები, რომლებმაც სამტრედია ძლიერ აფეთქებას გადაარჩინეს

სამტრედიის მუნიციპალიტეტი დღეს დილით ძლიერ აფეთქებას გადაურჩა. ნაჩხატაურის უბანში არსებულ ნავთობბაზაზე ცეცხლი გაჩნდა. აღნიშნული ნავთობბაზა არის ყველაზე დიდი საწვავის ტერმინალი დასავლეთ საქართველოში და არსებობდა მისი აფეთქების საშიშროება, რაც საფრთხეებს შეუქმნიდა როგორც სამტრედიას, ასევე მიმდებარე რაიონებს.

ადგილზე 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 70-მდე მეხანძრე-მაშველი და სპეციალური ტექნიკა მუშაობდა. მეხანძრეების სწორი და დროული რეაგირების შედეგად, ხანძრის ლიკვიდირება მალე მოხერხდა. ხანძრის ამსახველი ფოტოები მოგვიანებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა თავად გაავრცელა. ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს მეხანძრე-მაშველი, რომელსაც ხელში ბაჭია უჭირავს. როგორც აღმოჩნდა, მძიმე სამუშაოს მიუხედავად საფრთხეში მყოფი ცხოველი მათ არ გამოპარვიათ.

AMBEBI.GE იმ მეხანძრე-მაშველებს ესაუბრა, რომლებიც ადგილზე პირველები მივიდნენ. რა მდგომარეობა იყო ნავთობბზაზე და რა რისკები ახლდა ხანძარს, ამის შესახებ სამტრედიის სახანძრო სამაშველო განყოფილების უფროსი ვლადიმერ კოპალეიშვილი გვიყვება:

"დილის 06:55 წუთზე შემოვიდა შეტყობინება, რომ სამტრედიაში მდებარე ნავთობბაზაზე ხანძარი იყო. ორი ავტოცისტერნა და ეკიპაჟები დაუყოვნებლივ მივედით ადგილზე, მძიმე სურათი დაგვხვდა. აქ ჩვიდმეტი დიდი ავზია, თითოეულში მილიონ ლიტრამდე საწვავია. ჩვენ რომ მივედით, იღვრებოდა საწვავი და იყო ღია ცეცხლი, რომელიც გადადიოდა სხვა ავზებზე. პირველ რიგში ონკანებზე ჩავაქრეთ ცეცხლი და შემდეგ საწრეტ არხში დაგროვილ საწვავზე გაჩენილი ცეცხლის ქრობა დავიწყეთ. ჩვენი ძალებით ვერ გავუმკლავდებოდით, ამიტომ ჯიხაიშისა და ქუთაისის განყოფილებებიდან დამხმარე ეკიპაჟები გამოვიძახეთ. სულ იმერეთიდან და სამგრელოდან ოცდაორი ერთეული ავტოცისტერნა იყო, ქაფით ვმუშაობით," - განაცხადა ვლადიმერ კოპალეიშვილმა.

- აქამდე თუ გიმუშავიათ მსგავსი მასშტაბის ხანძარზე?

- ასეთი მასშტაბის ხანძარზე ამ დრომდე არ გვიმუშავია. რაც შეეხება შიშს, ჩვენთან ყველა პროფესიონალი მუშაობს და როდესაც ასეთ სამუშაოზე მოვდივართ, ვიცით, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. უნდა ჩავაქროთ და უნდა გადავარჩინოთ, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზარალი მიადგეს მოსახლეობასა და გარემოს. ასე რომ, არანაირი შიში არ გვქონია. ცივი გონებითა და საღი აზროვნებით დავადგინეთ პრიორიტეტები - სად უნდა გვემოქმედა პირველად. თავის ქებასავით გამომდის, მაგრამ ფაქტი ასე იყო. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა და ხანძარი ლოკალიზებულია.

ვლადიმერ კოპალეიშვილი და ნიკოლოზ ჩხაიძე

სამტრედიის განყოფილებაში შესული შეტყობინებიდან ზუსტად ორ წუთში გამოიძახეს ჯიხაიშის სახანძრო-სამაშველო განყოფილება. როგორც განყოფილების უფროსი ნიკოლოზ ჩხაიძე იხსენებს, ადგილზე მალევე მივიდნენ და სამუშაო პროცესს შეუერთდნენ.

"ქალაქიდან სამი ჯგუფი მივედით, ორი - სამტრედიის და ერთი - ჯიხაიშის. ადგილზე ორი რეზერვუარი ცეცხლში იყო გახვეული და ცეცხლმოკიდებული საწვავი მიედინებოდა საწრეტ არხებში. მოვაცილეთ ცეცხლი და გავაგრძელეთ ქრობა. თან გამოვიძახეთ იმერეთის ყველა ქაფიანი მანქანა. ვხედავდით, რა მდგომარეობაც იყო და მეხანძრე-მაშველებს ვამაგრებდით, რომ ერთობლივად გაგვეგრილებინა ავზი და არ აფეთქებულიყო... საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. ოცდახუთი წელია ვმუშაობ და შიში დიდი ხანია გადალახული მაქვს მეც და სხვებსაც, ამიტომ ეს გრძნობა არ გვქონია... ვიცოდით, ჩვენი საქმე უნდა გვეკეთებინა. საფრთხე დიდი იყო. რაიონის გამგეობა და პოლიციის უფროსი გაფრთხილებული იყვნენ და შემთხვევის ადგილს იცავდნენ. საბედნიეროდ მოსახლეობის ევაკუაცია არ გახდა საჭირო. ამ დროისთვის მშვიდობაა", - განაცხადა ნიკოლოზ ჩხაიძემ.

სომხური მხარე „საპარტნიორო ფონდს“ პანდემიის დროს გამოხატული თანადგომისთვის მადლობას უხდის

ვინ არის ბერა ივანიშვილის სიდედრი და უცნობი ცოლისდა, რომელიც მაღალჩინოსნის რძალია

მარნეულში მძღოლმა მგზავრებს პირბადეები დაურიგა და ჩასვლისას უკან დააბრუნებინა