ავტორი:

"ოპერა რეგიონებში" - ირინა გაჩეჩილაძის საოპერო წარმოდგენების სერია მთელს საქართველოში

"ოპერა რეგიონებში" - ირინა გაჩეჩილაძის საოპერო წარმოდგენების სერია მთელს საქართველოში

11-დან 24 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს რეგიონებში მოსახლეობას საოპერო წარმოდგენების ადგილზე მოსმენის შესაძლებლობა ექნება.

პროექტის "ოპერა რეგიონებში" ფარგლებში აჭარის, სამეგრელოს, იმერეთის, კახეთის, ქართლის, სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა რეჟისორ ირინა გაჩეჩილაძის მიერ დადგმულ კამერულ ოპერას იხილავს. ჯან კარლო მენოტის „ტელეფონი" ახალგაზრდა ქართველმა რეჟისორმა ვენის "ფოლქსთეატრის" მცირე სცენაზე დადგა, მანამდე კი ირინა გაჩეჩილაძის სპექტაკლი ლონდონში "სალონურ ოპერაში" და ბრატისლავაში "ზიჩი პალასში" იყო წარმოდგენილი.

კამერული, ე.წ. სალონური ოპერა საქართველოში სიახლეა. სპექტაკლში რამდენიმე მუსიკოსი მონაწილეობს, მათ შორის არიან უცხოეთში მოღვაწე ქართველი მსახიობები და მომღერლები: სოპრანო რუსუდან ბარბაქაძე და პიანისტი გიორგი კაჩინსკი ვენიდან, ხოლო ჩელისტი ჰეზერ ლესლი ჰოლანდიიდან. საქართველოდან მონაწილეობენ ბარიტონი დიმიტრი შაფაქიძე, მსახიობი ფილიპე გრეჩულევიჩი და ჩელისტი გიორგი კიკაბიძე.

კამერული ოპერის გარდა, სპექტაკლის მეორე ნაწილში მუსიკოსები ასევე შეასრულებენ საოპერო და კლასიკურ ნაწარმოებებს.

საოპერო წარმოდგენები რეგიონებში 11 სექტემბრიდან დაიწყება. პირველი სპექტაკლი ქალაქ ბათუმში, ზაქარია ფალიაშვილის სამუსიკო სკოლის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. 14 სექტემბერს მუსიკოსები ზუგდიდში გადაინაცვლებენ და ადგილობრივი მოსახლეობის წინაშე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში წარმოადგენენ სალონურ ოპერას. ხოლო 15 სექტემბერს სპექტაკლი ჭიათურაში, ა. წერეთლის სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართება. 18 სექტემბერს საოპერო წარმოდგენა პანკისის ხეობაში, დუისის კულტურის სახლში შესრულდება. 19 სექტემბერს მუსიკოსები ნიქოზში, კულტურის ცენტრში, შიდა ქართლის სოფლებიდან დევნილი მოსახლეობისთვის გამართავენ წარმოდგენას. კამერული ოპერის რეგიონული ტური 24 სექტემბერს ახალქალაქში დასრულდება.

პროექტი "ოპერა რეგიონებში" მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას. პროექტი ემსახურება საოპერო ხელოვნების გაცნობას იმ მოსახლეობისთვის, ვისაც დედაქალაქში ჩამოსვლის და ოპერის თეატრში სპექტაკლებზე დასწრების საშუალება არ აქვს.

პროექტის ორგანიზატორია "ფონდი რედლაბი".

ჯან კარლო მენოტის კომიკური ოპერა „ტელეფონი“ (The Telephone, L’amour à Trois), პირველად ნიუ იორკში 1947 წელს დაიდგა. ის ტექნოლოგიის მზარდი როლის წინასწარმეტყველი აღმოჩნდა. ოპერის სიუჟეტის მიხედვით ბენი ესტუმრება თავის მეგობარ გოგონას, ლუსის, იმ განზრახვით, რომ ცოლობა სთხოვოს, მაგრამ მისი ყველა მცდელობა როგორმე ჩამოაგდოს ლაპარაკი ამ თემაზე წარუმატებლად მთავრდება, რადგან ლუსი განუწყვეტლივ ლაპარაკობს ტელეფონზე. ბენი ყველაფერს აკეთებს, რომ მიიპყროს ლუსის ყურადღება, მაგრამ ამაოდ. ბოლოს და ბოლოს ის ტოვებს ბინას, ტელეფონზე ურეკავს ლუსის და ისე სთხოვს ხელს.

ქართველმა რეჟისორმა წარმოდგენაში ინოვაცია შეიტანა, იმით რომ ტელეფონის როლს ცოცხალი მსახიობი ასრულებს. ასეთი სახით ლონდონში, ვენასა და ბრატისლავაში მის მიერ დადგმულ ოპერას დიდი წარმატება ხვდა წილად.

R

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება