ავტორი:

ბრიტანეთის საბჭოს საერთაშორისო კონკურსში ქართულმა სტარტაპმა „საპომ“ გაიმარჯვა

ბრიტანეთის საბჭოს საერთაშორისო კონკურსში ქართულმა სტარტაპმა „საპომ“ გაიმარჯვა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის არტ ინკუბატორის წევრი სტარტაპი „საპო“ ბრიტანეთის საბჭოს პროექტისა და კონკურსის „შემოქმედებითი ნაპერწკლის“ საერთაშორისო კატეგორიის გამარჯვებული გახდა. კონკურსში 7 ქვეყნის 90 ინსტიტუცია მონაწილეობდა. გამარჯვებული პროექტის ავტორები არტ ინკუბატორის წევრები ნაილი ვახანია და თენგიზ კავკასიძე არიან.

სტარტაპი „საპო“ ამზადებს ნატურალური ინგრენდიენტებისგან ხელნაკეთ საპონს, რომელსაც აქვს ცხოველების ფორმა. იდეა მდგომარეობს შემდეგში: დამზადებული საპნების საშუალებით ბავშვებს შეუყვარდეთ ხელის დაბანა. ყველა საპონს რომელსაც აქვს ცხოველის ფორმა, მოყვება საკუთარი ზღაპარი, სადაც აღწერილია ამ პერსონაჟის თავგადასავალი, თუმცა ყველა თავგადასავალს აკლია ბოლო გვერდი, რომელიც გრაგნილის სახით არის დახვეული და დამალულია საპონში. ზღაპრის ბოლოს ბავშვებს შეხვდებათ წარწერა რომ თუ გსურთ ამბის დასასრულის გაგება რაც შეიძლება ხშირად უნდა დაიბანოთ ხელი და ამბის დასასრულს საპონში იპოვით.

როგორც ნაილი ვახანია განმარტავს, მათთვის ეს კონკურსი უდიდესი გამოცდილება იყო და სამომავლოდ სტარტაპის მართვასა და განვითარებას უკეთესად შეძლებენ.

„პროექტი „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ ძალიან დაგვეხმარა გვესწავლა, თუ როგორ შეიძლება ვიპოვნოთ გზები, რომ სწორედ მივაწოდოთ ჩვენი პროდუქტი მომხმარებელს, როგორ შევძლოთ შეცდომების გაანალიზება და ამ შეცდომების გამოსწორებით მოტივაციის ამაღლება. ვისწავლეთ, როგორ გადავლახოთ დაბრკოლებები ძალიან მცირე დროში. ძალიან დასამახსოვრებელი იყო ჩვენთვის ის მომეტი, როდესაც მენტორებმა მოგვცეს დავალება, მოგვეფიქრებინა შეკითხვები და გავსულიყავით ქუჩაში, უცხო ადამიანებთან გვესაუბრა და მათი მოსაზრებების მოსმენის შემდეგ შეგვეტანა ცვლილებები ჩვენს იდეებში. რაც მთავარია, გავაანალიზეთ რომ დამარცხებაც და გამარჯვებაც არის მხოლოდ და მხოლოდ ნაბიჯები, რომლებსაც ვდგამთ და რაზეც ვსწავლობთ თუ როგორ განვვითარდეთ,“ - განმარტავს სტარტაპერი.

მისივე განმარტებით, მოგებული თანხით შეიძენენ დანადგარებს, რითიც შევძლებენ პროდუქცია უფრო მრავალფეროვანი გახადონ და საერთაშორისო ბაზარზე გავიდნენ.

რაც შეეხება პროგრამას „შემოქმედებითი ნაპერწკალი“, ის 7 ქვეყანაში: საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უზბეკეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში ტარდება. „საპო“, რომელიც ჯერ საქართველოს, შემდეგ კი საერთაშორისო გამარჯვებული გახდა, არტ ინკუბატორის ერთ-ერთი სტარტაპია. თავად არტ ინკუბატორი თბილისის კრეატიულ ცენტრში ფუნქციონირებს, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და მსოფლიო რეიტინგის 20 საუკეთესო სამეწარმეო ცენტრს შორის დასახელებული ბრიტანული Henley Center for Entrepreneurship-ის ერთობლივი პროექტია.

თბილისის კრეატიული ცენტრი შესაძლებლობას აძლევს კრეატიულ ინდუსტრიებში მომუშავე პირებს, შექმნან სტარტაპები, მოიძიონ საერთაშორისო პარტნიორები, გაიუმჯობესონ ბიზნეს ინგლისურის ცოდნა, მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტების მიერ გამართულ ვორკშოპებში, ასევე მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო კონკურსში და მოახდინონ საკუთარი სტარტაპების კომერციალიზაცია მსოფლიო ბაზარზე.

სტარტაპებს განვითარებასა და კომერციალიზაციაში მნიშვნელოვნად ეხმარება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი. როგორც უნივერსიტეტის დეკანი ნინო ენუქიძე განმარტავს, სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარება და სტუდენტებისთვის სტარტაპების შექმნასა და ადგილობრივ თუ საერთაშორისო ბაზრებზე გასვლაში ხელშეწყობა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„პროექტი „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ ერთი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში. მის ფარგლებში დაფუძნდა თბილისის კრეატიული ცენტრიც და სწორედ ამ ცენტრის ბენეფიციარია ჩვენი გამარჯვებულიც. მოხარულები ვართ, რომ საქართველოში ამდენი ახალგაზრდა ქმნის სტარტაპს და მათი საქმიანობა პოზიტიურად ფასდება არა მხოლოდ აქ, არამედ საზღვრებს გარეთაც. ჩვენ ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობით დავეხმარებით „საპოს“ განვითარებასა და საერთაშორისო ბაზარზე გასვლაში,“ - აცხადებს ნინო ენუქიძე.

აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტში „შემოქმედებითი ნაპერწკალი“ საერთო ჯამში მონაწილეობა 300-ზე მეტმა პროექტმა მიიღო, რომელთაგან 53 საქართველოდან იყო.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი