ავტორი:

"თქვენი ღიმილის მესმის - ეს სიმწრის ღიმილია" - მელიას პირველი გამოსვლა პარლამენტში მას შემდეგ, რაც "სამაჯურით შეამკეს"

"თქვენი ღიმილის მესმის - ეს სიმწრის ღიმილია" - მელიას პირველი გამოსვლა პარლამენტში მას შემდეგ, რაც "სამაჯურით შეამკეს"

ბევრი დრო არ დარჩა, რაც აქ, ამ შენობაში, ამ დარბაზში, ამ სანოტარო ბიუროს ნაცვლად განთავსდება საქართველოს პარლამენტი, - ამ სიტყვებით მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ნიკა მელიამ პრემიერობისა და მინისტრობის კანდიდატებს სხდომათა დარბაზში, სიტყვის გამოსვლისას.

მელიას თქმით, საკანონმდებლო ორგანოში დროის მოკლე მონაკვეთში ქართველი ხალხის ნება და სურვილი შევა.

„ბევრი დრო არ დარჩა, რაც აქ, ამ შენობაში, ამ დარბაზში, ამ სანოტარო ბიუროს ნაცვლად განთავსდება საქართველოს პარლამენტი, ქართველი ხალხის მიერ გამორჩეული, მისი ნამდვილი წარომადგენლებით, საქართველოს ის პარლამენტი, რომელიც ჩვენი ეროვნული ორგანო იქნება და არა რომელიმე ოლიგარქის ხუშტურებს დამორჩილებული, ღირსება აყრილი, გაბაიბურებული რაღაც კანტორა. სულ ცოტა დრო რჩება, სანამ ქართველი ხალხი დაიბრუნებს თავის პარლამენტს და მისი მეშვეობით დაიბრუნებს თავის ქვეყანას. სულ ცოტა დრო რჩება, სანამ ქართველი ხალხი შემოვა აი, აქ, ამ დარბაზში, ამ შენობაში, თავის შენობაში, თავის დარბაზში, შემოვა, როგორც სუვერენული ხალხი, როგორც ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი, შემოვა, როგორც მომავლის უპირველესი განმსაზღვრელი, შემოვა, როგორც ამ ქვეყნის მთავარი ამწყობ-დამწყობი. რამდენიმეს გეღიმებათ, თქვენ წარმოიდგინეთ, მესმის ამ ღიმილისაც - ეს არ არის გულწრფელი ღიმილი, ეს უფრო სიმწრის ღიმილია. დიახ, იმაზე მალე შემოვა ხალხის ხელისუფლება და ნება პარლამენტში, ვიდრე თითოეულ თქვენგანს ეს ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც კი წარმოგიდგენია,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელიას თქმით, მმართველი გუნდი საქართველოს ისტორიაში დარჩება უბნელეს მხარეს. მისივე თქმით, ქვეყანა აუცილებლად გაიმარჯვებს.

„დღეს, საქართველოში დასრულებული სახე მიეცა რუსული რეჟიმის ჩამოყალიბებას და ეს რა თქმა უნდა, პირველ რიგში გამოიხატება ქართული სახელმწიფოს მკვლელობით, საქართველოს მოქალაქის თავისუფლებისა და საქართველოს სახელმწიფოს თავისუფლების მკვლელობის სახელით. ივანიშვილი თქვენი მეშვეობით აყალიბებს და განამტკიცებს რუსულ რეჟიმს ქართულ მიწა წყალზე ყველა თავისი ატრიბუტით. დიახაც, მტკივნეულია ამის მოსმენა, მაგრამ ეს არის ფაქტი, რითიც ივანიშვილი თქვენი მეშვეობით, თუ თქვენ ივანიშვილის მეშვეობით, რა მნიშვნელობა აქვს, ერთნი ხართ და ერთ მიზანს ემსახურებით, კიდევ ერთხელ ფეხქვეშ თელავს ქართულ სხელმწიფოს, მის სადამფუძნებლო ღირებულებებს, მის კონსტიტუციას, ინსტიტუტებს, დაწერილ თუ ტრადიციულ კანონებს, მოქალაქეობრივ პრობლემებს, მაგრამ ყველზე მთავარს თელავთ ფეხქვეშ - თელავთ იმ მრავალსაუკუნოვან ერთობლივ ბრძოლის მონაპოვარს, რომელსაც ჩვენი საერთო სამშობლო ჰქვია. დიახაც, თელავთ იმ საერთო სამშობლოს, რომელიც მხოლოდ დამოუკიდებელი უნდა იყოს და მხოლოდ დამოუკიდებლად უნდა იხსენიებოდეს. იმ სამშობლოს, რომელიც დამოუკიდებელი უნდა იყოს და დამოუკიდებლად უნდა მოიხსენიებოდეს, ივანიშვილი და თქვენ აბრუნებთ რუსული კოლონიისა და რუსული გუბერნიის შემადგენლობაში. დიახაც, აბრუნებთ იქ, საიდანაც ჩვენ გამოვედით, გამოვაღწიეთ დიდი ტკივილით, გმირობებით, მსხვერპლით და მაინც მთავარი გამარჯვებით, გამოვაღწიეთ იმ გამარჯვებით, რომელიც მრავალსაუკუნოვანია, იმ გამარჯვებით, რომელიც სწორედ აქ, ამ დარბაზში დაგვირგვინდა, როდესაც ზვიად გამსახურდიამ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შესახებ ამცნო მთელ ქვეყანას და მთელს მსოფლიოს. დიახაც, თქვენ ემორჩილებით რუსული რეჟიმის წარმომადგენლებს აქ, ქართულ მიწა-წყალზე. ვინაიდან, უარს ამბობთ საკუთარ პიროვნულ მოქალქეობრივ სუვერენობაზე და თანხმდებით რუსეთის, კრემლის ინტერესების პირდაპირ გამტარებლის, ივანიშვილის მარიონეტობაზე, მაგრამ ამას თანხმდებით თქვენ და არ ვთანხმდებით ჩვენ, თანხმდებით თქვენ და არ თანხმდება ქართველი ხალხი, თანხმდებით თქვენ და არ თანხმდება ჩვენი ქვეყანა.

დიახაც, მე ძალიან კარგად მესმის, თქვენს ადგილზე, რომ ვიყო მეც არ მესიამოვნებოდა ამ ყველაფრის მოსმენა, მაგრამ ის, რომ თქვენს ადგილზე არ ვარ, ამისთვის ღმერთმა დამიფარა და ასიათასობით ქართველი ამავე დროს. დიახაც, არცერთი ფაქტი არ არსებობს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, როდესაც მოღალატეს უთქვამს, რომ ის არის მოღალატე, როდესაც შადიმანს უთქვამს, რომ ის არის შადიმანი. რამდენი მოღალატეობრივი ფაქტის შესახებ გსმენიათ და უსწავლებიათ სკოლებში თქვენთვის სკოლებში და სხვა სასწავლებლებში, რამდენი ადამიანის სახელი და გვარი იცით, რომლებსაც ზურგი უქცევია სამშობლოს ინტერესებისთვის, მაგრამ გახსოვთ რომელიმე მათგანს, მაინც თანამედროვეობაში, იმ წუთიერად ეთქვას, რომ ის არის მოღალატე, პირიქით, თქვენსავით ქილიკობდნენ და ასე ცდილობდნენ საკუთარი დანაშაულებების დაფარვას. დიახაც, რაც არ უნდა ეცადოთ ჩემი სიტყვის წარმოთქმაში ჩვენი ბრძოლა გრძელდება და გავიმარჯვებთ კიდევაც. გავიმარჯვებთ, მაგრამ თქვენი ადგილი ისტორიის უბნელეს მხარეს რჩება, თქვენი ადგილი რჩება ცხაკაია-ორჯონიკიძესთან, თქვენი ადგილი რჩება როდიონოვ-ლებედთან, თქვენი ადგილი რჩება გავრილოვ-პუტინთან, თქვენი ადგილი რჩება ივანიშვილ-გახარიას ანაბარა“, - განაცხადა მელიამ.

ნიკა მელია პარლამენტში დღეს მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის პირველი სხდომა მას შემდეგ, რაც „სამაჯურით შეამკეს“. ნიკა მელიას სიტყვით გამოსვლა “ქართული ოცნების“ დეპუტატების შეძახილების ფონზე მიმდინარეობდა.

ხელისუფლების მისამართით მელიას კრიტიკამ უმრავლესობის ზოგიერთი წევრის გაღიზიანება გამოიწვია. “იტყუები“, “მიიხედ-მოიხედე, ვის გვერდით ზიხარ“, “სირცხვილია“ - ამ რეპლიკებით მიმართეს ადგილიდან ნიკა მელიას.

მას შემდეგ, რაც მელიამ სიტყვით გამოსვლა დაასრულა, თანაფრაქციელებთან ერთად, პლენარულ სხდომათა დარბაზი დატოვა.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები