ავტორი:

"სვეტის" მიერ დაზარალებული 2 500 ოჯახი ბინებს მიიღებს - მერიამ პროექტები "m2"-ს გადააბარა

"სვეტის" მიერ დაზარალებული 2 500 ოჯახი ბინებს მიიღებს - მერიამ პროექტები "m2"-ს გადააბარა

კომპანია „სვეტის“ თბილისში მდებარე სამ შეჩერებულ პროექტს m2 გადაიბარებს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტსა და დეველოპერულ კომპანია "m2 უძრავი ქონებას“ შორის დღეს გაფორმდა.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყონ სამშენებლო კომპანია "სვეტის“ მიერ დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებას, დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების გზით.

"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საინიციატრივო ჯგუფს, სამშენებლო კომპანია m2-ს, პროკურატურას, ფინანსთა სამინისტროს, ფინანსურ პოლიციას. ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო უწყებების ჩართულობით, ერთობლივად პრობლემის მოგვარება, რომელიც აწუხებდა 2500-მდე ოჯახს. ერთი ანდაზის შთაგონება მაქვს, რომელიც ამას წინათ შემხვდა და მოვინიშნე.

ვფიქრობ, ის ამ კონტექსტში ზუსტად გამოხატავს თქვენს და პირადად ჩემს განწყობას: “წარმატება არ არის საბოლოო, არც დამარცხებაა ტრაგედია, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ეს არის გაგრძელების სურვილი”.

შესაბამისად, ეს წარმატება არ არის საბოლოო, ამ 2 500 ოჯახის მსგავსად, უნდა ვთქვა, კიდევ არიან ადამიანები, ვინც სხვადასხვა სამშენებლო კომპანიების მიერ არიან დაზარალებულები, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ და ამის ერთ-ერთი „საუკეთესო მაგალითი“ არის „ცენტრ პოინტის“ თემა, რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ და გვჯერა, აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. როგორც თქვენს შემთხვევაში დადებითად და წარმატებით განხორციელდა ეს მოლაპარაკებები, ანალოგიური მიდგომა იქნება „ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულებთან მიმართებაში,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

მერიის ინფორმაციით, მშენებლობების დასრულების მიზნით m2 კომპანია „სვეტის“ თბილისში მდებარე სამ შეჩერებულ პროექტს გადაიბარებს (მირცხულავას ქუჩის #9-11, ნუცუბიძის ქუჩის #125ა, ჭყონდიდელის ქუჩის #22).

სამივე პროექტი ამ ეტაპზე 30 საცხოვრებელ ბლოკს აერთიანებს, აღნიშნულ კომპლექსებში საცხოვრებელს 2 000-მდე მობინადრე ელოდება.

ამჟამად უკვე დასრულებულია თბილისის მერიისა და m2-ის მიერ ინიცირებული მრავალმხრივი მოლაპარაკებები და გაფორმებულია ხელშეკრულებები „სვეტის“ კომპანიებთან და მიწების მესაკუთრეებთან. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 250 000 000 ლარს შეადგენს და სრულად ფინანსდება m2-ს მიერ. ობიექტების სამშენებლო-საინჟინრო მიმართულებას m2-ის 26–წლიანი გამოცდილების მქონე სამშენებლო კომპანია BK Construction-ი განახორციელებს.

მერიაში აცხადებენ, რომ m2 მშენებლობას დაიწყებს პროექტების შეთანხმებისა და სამშენებლო ნებართვების აღებისთანავე. მშენებლობა დასრულდება ნებართვების აღებიდან სამი წლის ვადაში.

„ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია, რადგან ვაცნობიერებთ, რომ საზოგადოებისა და ქალაქის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა ავიღეთ. აღნიშნულ პროექტში ქალაქ თბილისის მერიის ინიციატივით ჩავერთეთ და მადლიერები ვართ ამგვარი ნდობის გამოცხადებისთვის.

მოგეხსენებათ, რომ თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური მოლაპარაკებები ყველა ჩართულ მხარესთან და, როგორც ხედავთ, შედეგიც დადგა. აღსანიშნავია, რომ ამგვარი პრაქტიკა ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტოა და გვიხარია, რომ ჩვენი დახმარებით, წლების განმავლობაში მომლოდინე ოჯახები კუთვნილ ბინას მიიღებენ“, - განაცხადა m2-ის მმართველმა პარტნიორმა და BK Construction-ის გენერალური დირექტორმა, შოთა ბერეკაშვილმა.

"მის შვილს ჰქონდა ჩემს ძმასთან კონტაქტი" - რას ამბობენ ყვარელში სასწრაფოს ექიმზე, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინა

უნდა წავიყვანოთ თუ არა ბავშვები წელს კურორტებზე და როგორ ვიზრუნოთ იზოლაციის პირობებში მათ იმუნიტეტზე - პედიატრის რჩევები

ნიგერიაში მეკობრეებმა ქართველი მეზღვაურები გაიტაცეს