ავტორი:

გია ხუხაშვილი ხაზარაძისთვის გაგზავნილ "მუქარის წერილზე" - ხელისუფლება ამ საქმეს არ გამოიძიებს, თავის თავს არავინ იჭერს

გია ხუხაშვილი ხაზარაძისთვის გაგზავნილ "მუქარის წერილზე" - ხელისუფლება ამ საქმეს არ გამოიძიებს, თავის თავს არავინ იჭერს

ამის გამოძიება ამ ხელისუფლების პერიოდში შეუძლებელია. ბუნებრივია, თავის თავს არავინ იჭერს, - ასე ეხმიანება მამუკა ხაზარაძისთვის გაგზავნილ „მუქარის წერილთან“ დაკავშირებით ინგლისიდან ჩამოსულ ექსპერტიზის შედეგებს პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი „ინტერპრესნიუსთან“.

როგორც გია ხუხაშვილი აღნიშნავს, დიდი ალბათობით ეს საქმე გამოძიებული არ იქნება, რაც ხელისუფლების მხრიდან დანაშაულის ირიბ აღიარებას ნიშნავს.

„გახსოვთ, გიორგი გახარია „თიბისი ბანკზე“ განხორციელებული ჰაკერული შეტევის გამოძიებას დაგვპირდა. მაშინ ფაქტობრივად, გამოძიებული საქმე ჩააბარეს „თიბისის“ შესაბამისმა სამსახურებმა საგამოძიებო ორგანოებს. ამის მიუხედავად ამას არ იძიებენ. წარმოიდგინეთ, იმას არ იძიებენ, რაზეც ყველაფერი ცნობილია, ამიტომ ბუნებრივია, ამ წერილზე გამოძიების იმედი არ უნდა გვქონდეს.

იმდენად მძიმე ბრალდება წაუყენა ხაზარაძემ მაშინდელ შს მინისტრს დ ახლანდელ პრემიერს, რომ ჯანსაღ სიტუაციაში, თვითონ ხელისუფლება უნდა იყოს დაინტერესებული, რომ კითხვის ნიშნები მოიხსნას, რაც გამოძიების შემთხვევაში მოხდება მხოლოდ. თუ ხელისუფლება ამას არ აკეთებს, ეს ფაქტობრივად, არის დანაშაულის ირიბი აღიარება,“ - აღნიშნავს გია ხუხაშვილი.

კითხვაზე, რამდენად იმოქმედებს გაჩენილი კითხვები ხელისუფლების საერთაშორისო იმიჯზე, ხუხაშვილი ამბობს, რომ ახლა ხელისუფლებისთვის უფრო მნიშვნელოვანი ძალაუფლების შენარჩუნებაა.

„იმიჯი მნიშვნელოვანია, მაგრამ ხელისუფლება, რომელსაც აქვს ძალაუფლების შენარჩუნების ამოცანა, ამას ყველაფერს არ დაგიდევს.

მთავარი მაინც ამ მოცემულობაში არის, როგორ შეძლებს მამუკა ხაზარაძე პოლიტიკურ პროცესში პოზიციონირებას, რამდენად მძიმე არგუმენტები აღმოჩნდება ეს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, არჩევნების დროს. ამ „ქეისების“ გამოძიება ამ ხელისუფლების პერიოდში შეუძლებელია. ბუნებრივია, თავის თავს არავინ იჭერს,“ - აღნიშნავს გია ხუხაშვილი.

შეგახსნებთ, მამუკა ხაზარაძის ადვოკატის თქმით, ინგლისიდან ჩამოსული ექსპერტიზის შედეგების მიხედვით, წერილზე ათეულობით ადამიანის თითის ანაბეჭდი აღმოჩნდა. მისივე თქმით, იმის გარკვევა თუ ვის ეკუთვნის ანაბეჭდები, მხოლოდ საქართველოს შესაბამის სამსახურებს შეუძლიათ, რადგან ინგლისს საქართველოს მოქალაქეების ანაბეჭდების ბაზა არ გააჩნია.

პირველი და უმთავრესი ეტაპი დასრულებულია, თითის ანაბეჭდები აღმოჩენილია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა ეკატერინე ეგუტიამ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, იმ წერილზე, რომელზეც მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მას გიორგი გახარიამ მისწერა, ათეულობით ადამიანის თითის ანაბეჭედია და ეს ანაბეჭდები უნდა შედარდეს ბაზებში არსებულ თითის ანაბეჭდებს.

„პირველი და უმთავრესი ეტაპი არის დასრულებული, თითის ანაბეჭდები აღმოჩენილია. საკმაოდ რთული პროცედურა იყო. საქართველოში ვერ ხდება თვეების შემდეგ ფურცელზე თითის ანაბეჭდების აღმოჩენა, ლონდონის ექსპერტიზამ დაადასტურა და მკაფიოდ არის აღმოჩენილი ათეულობით ანაბეჭდი წერილის ორივე გვერდზე. ანაბეჭდები იმდენად მკაფიოდ არის, რომ შედარება არის შესაძლებელი საქართველოს ბაზაში არსებულ ანაბეჭდებთან, ანუ საქართველოს მოქალაქეების ანაბეჭდებს უნდა შედარდეს. ახლა უკვე გენერალური პროკურატურის პრეროგატივაა, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება ისევ განაახლოს. იმედი გვაქვს, რომ საქმე წინ წაიწევს და შედარების მომენტი საქართველოში არსებულ ბაზებთან განხორციელდება“, - განაცხადა ეგუტიამ.

მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძემ გამოძიებას უკვე მიაწოდა ინფორმაცია, თუ ვის აჩვენა და სად ჰქონდა წერილი მიტანილი და ვისი ანაბეჭდები შეიძლება იყოს წერილზე.

„ლოგიკურად, უკვე არსებითი მტკიცებულებები აქვს პროკურატურას, ერთი მოწმე ამბობს, რომ ემუქრებიან, მეორე ანაბეჭდები უმაღლესი დონის ლაბორატორიაში დავადგინეთ და აღმოვაჩინეთ და ახლა ამ ყველაფერს გადავცემთ პროკურატურას. ახლა მათი ვალდებულებაა განახორციელონ შედარება ბაზებთან“, - დასძინა ეგუტიამ.

ამ საქმეზე ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება, თუ დოკუმენტი ოფიციალურად წარედგინება პროკურატურას და გამოძიებას დაიწყებს, - ამის შესახებ საქართველოს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ სულხან სალაძემ განაცხადა.

სულხან სალაძის შეფასებით, „ის, რომ წერილზე ბევრი ანაბეჭდია, სულაც არ ნიშნავს, რომ შესაძლოა, ამ წერილზე იყოს უშუალოდ ბატონი გახარიას ანაბეჭდი. თუმცა, ეს ბევრს არაფერს ცვლის. თავისთავად, საინტერესოა გამომგზავნი მხარის მხრიდან, ვისი ანაბეჭდები იქნება ამ წერილში. შესაძლოა, ბევრად უფრო პრობლემური ადამიანის ანაბეჭდი იყოს ამ წერილზე, ვიდრე, შეიძლება ეს იყოს გახარია. ეს საქმე იმდენად მასშტაბური, იმდენად მნიშვნელოვანია, რომ არ წყდება არც მოქმედი გენერალური პროკურორის დონეზე, არც საქმის გამომძიებელი რიგითი პროკურორის დონეზე. ამ საქმის გამოძიება ან არ გამოძიება და თავად გამოძიების დაწყების გადაწყვეტილებაც (არ ვგულისხმობ მხოლოდ წერილის ეპიზოდს, ვგულისხმობ მთლიანად საქმეს ფულის გათეთრების ნაწილში) მიიღება უფრო მაღლა", - განაცხადა სალაძემ „ინტერპრენიუსთან“.

„თიბისი ბანკის"დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატების შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციასთან დასრულდა. თავდაპირველად, ჟურნალისტების თანდასწრებით, შემდეგ კი, დახურულ კარს მიღმა, ადვოკატებმა მესამე სექტორის წარმომადგენლებს "მუქარის წერილზე" ინგლისიდან მიღებული ექსპერტიზის შედეგები გააცნეს.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები