ავტორი:

"მე და სიმღერა ერთად დავიბადეთ" - ლელა წურწუმია 50 წლის იუბილეს გრანდიოზული სოლო-კონცერტით აღნიშნავს

"მე და სიმღერა ერთად დავიბადეთ" - ლელა წურწუმია 50 წლის იუბილეს გრანდიოზული სოლო-კონცერტით აღნიშნავს

"წამიყვანე სიყვარულთან" - ასე ქვია ლელა წურწუმიას ახალ სიმღერას, რომელზეც გადაღებული კლიპი მომღერალმა 13 სექტემბერს წარუდგინა მედიას. კლიპის რეჟისორი ნესტან სინჯიკაშვილია, სიმღერა ლილიკო ნემსაძეს ეკუთვნის, ლექსი - ირინა სანიკიძეს.

4 ოქტომბერს ქართული ესტრადის ვარსკვლავი მსმენელის წინაშე გრანდიოზული, საიუბილეო სოლო კონცერტით წარსდგება. სწორედ ახალ კლიპსა და სოლო კონცერტზე, რომელიც ლელა წურწუმიას 50 წლის იუბილეს ეძღვნება, AMBEBI.GE მომღერალს ესაუბრა:

"ბევრი წელია, გარკვეული მიზეზების გამო, კლიპი არ გადამიღია, ეტყობა, ძალიან არ მინდოდა, ან შეიძლება არც იყო ამის დრო და სიტუაცია... პატარა ქვეყანა ვართ და ბევრი რამ ერთმანეთზეა მიბმული... მაგრამ მგონია, რომ სწორედ ახლა დადგა ეს პერიოდი, როდესაც კლიპი მართლაც საჭიროა, უნდა გადამეღო... ამ ვიდეოს ჩემი სოლო კონცერტი მოჰყვება 4 ოქტომბერს სპორტის სასახლეში.

მაყურებლის წინაშე გრანდიოზული პროგრამით წარვდგები. ეს კლიპი კი მაყურებელს წინასაკონცერტო განწყობას შეუქმნის...

"წამიყვანე სიყვარულთან" სევდიანია, კლიპი - შავ-თეთრი, სადა, მაგრამ ამ სისადავეშია სწორედ მისი ხიბლიც. მასზე ძალიან კარგმა, პროფესიონალებით დაკომპლექტებულმა გუნდმა იმუშავა. არანჟირება ჯგუფ „ნონსტოპს“ ეკუთვნის, როიალის პარტიას პაპუნა შარიქაძე უკრავს. კლიპს შესანიშნავი რეჟისორი, კომპოზიტორი, ტექსტის ავტორი, ოპერატორი ბუდა ჰყავს...

გადაღებები რომ დავიწყეთ, ამინდმაც ხელი შემიწყო. ზუსტად ის ამინდი იყო, რაც მჭირდებოდა და რაც კლიპისთვისაც აუცილებელი იყო.

კლიპში ისმის სიმღერა, მაგრამ კადრებში არტიკულაციის გარეშე ვჩანვარ. მინდა, რომ მაყურებელმა ნამუშევარი კარგად მიიღოს...

- რაც შეეხება სოლო კონცერტს, რომლითაც მალე წარსდგებით მაყურებლის წინაშე, რა ემოციებით ხვდებით?

- 50 წლის გავხდი და ეს საიუბილეო სოლო-კონცერტი სწორედ ამ თარიღს ეძღვნება. მანამდე სამი დიდი სოლო კონცერტი ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში მაქვს გამართული. ახლა მეოთხე კონცერტი იქნება, ოღონდ, სპორტის სასახლეში, რადგანაც ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი ბევრ მაყურებელს ვერ იტევს და შესაბამისად ფასიც მაღალია, ფორმატიც სხვა არის. სპორტის სასახლე კი იმის საშუალებას იძლევა, რომ ბილეთს დაბალი ფასი დაადო და ის მაყურებელი მოვიდეს, რომელსაც არ აქვს იმის საშუალება, რომ დიდი თანხა გადაიხადოს.

კონცერტის ფორმატიც განსხვავებულია. მოგეხსენებათ, როგორი აქტუალურია ელექტრონული, კლუბური მუსიკა. შესაბამისად კონცერტის რაღაც ნაწილი ამ მიმართულებისკენ წავიყვანე - სცენაზე დიჯეისთან ერთად ვმუშაობ. იქნება ცეკვები... კონცერტის რეჟისორი დათო დოიაშვილია. ასე რომ, მაყურებელს კარგ, ხარისხიან კონცერტს შევთავაზებ.

- განვლილ 50 წელს თუ თვალს გადავავლებთ, რისი თქმა შეიძლება?

- ალბათ ძალიან ბევრის - სიმღერა პატარობიდანვე დავიწყე, 5 წლიდან პიონერთა სასახლეში ვოკალურ ჯგუფში მიმიყვანეს. მალე სოლისტი გავხდი. სასახლის "სარკეებიან დარბაზში“, კონსერვატორიის სცენაზე, ფილარმონიაში, თუკი რამე კონცერტი ტარდებოდა, ყველგან სოლოს ვმღეროდი ან დუეტს. ასე რომ, ბავშვობიდანვე პროფესიონალურ დიდ სცენას ვიყავი მიჩვეული.

მთელი სკოლის პერიოდი პიონერთა სასახლეში გავატარე. მერე საესტრადო სასწავლებელი წითელ დიპლომზე დავამთავრე, მოგვიანებით თეატრალური ისნსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი, ასპირანტურა და სიმღერისთვის თავი არასდროს გამინებებია. სულ, 45 წლის განმავლობაში ვმღეროდი და ვმღერი.

ეს არის ჩემი ცხოვრება, ჩემი ნაწილი - მე და სიმღერა ერთად დავიბადეთ... 50 წელი ხან ბევრია და ხან -ცოტა... პატარა რომ ვიყავი, ვამბობდი: ღმერთო, ადამიანები ამდენ ხანს როგორ ცოცხლობენ-მეთქი, თურმე არაფერიც არ ყოფილა და ყველაფერი წინ არის...

- როგორია სურვილები სამომავლოდ?

- კიდევ დიდხანს მინდა, რომ სცენაზე ვიდგე. ვიყო ჯანმრთელად და ყველა, ვინც მიყვარს, კარგად მყავდეს. გულწრფელად ვიტყვი და არა პოპულისტურად - მქონდა შემოთავაზება წავსულიყავი სხვა ქვეყანაში და წარმატებას იქაც აუცილებლად მივაღწევდი, მაგრამ არ წავედი, წარმატება ჩემს ქვეყანაში მიხარია!

აქ დარჩენას ერთი წამითაც არ ვნანობ. მე ჩემს ქვეყანაში მინდა, რომ წარმატებული ვიყო. ყველაზე პრეტენზიული მაყურებელი აქ არის. ყველაზე მეტად აქ უყვარხარ ადამიანებს და ყველაზე მეტად შეიძლება აქ სძულდე... ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში ვარ და მინდა, მინდა, ჩემი ქვეყანა იყოს წელში გამართული, მხნე და ძლიერი.

მონიკა ბელუჩის ქალიშვილი ახალ სიმაღლეებს იპყრობს - 16 წლის გოგონას ახალი ფოტოები ფრანგული Elle-ისთვის

"10 წლის უნახავი შემთხვევით შემხვდა, ვუთხარი, მოსკოვში უნდა წაგიყვანო-მეთქი. ერთ კვირაში ჩემი ცოლი გახდა" - რას ყვება დათო ევგენიძე ოჯახსა და თემურ ალასანიასთან მძახლობაზე

სუპერმოდელმა ჯიჯი ჰადიდმა სახლში იმშობიარა - "ვიცოდი, რომ აუტანელი ტკივილი იქნებოდა...გიჟს ვგავდი"