ავტორი:

"დაუშვებელია, ერთ წლამდე ბავშვის დედისგან მოშორება" - როგორ უნდა შეარჩიოთ ძიძა და რა დრო უნდა გაატაროს ბავშვმა მასთან

"დაუშვებელია, ერთ წლამდე ბავშვის დედისგან მოშორება" - როგორ უნდა შეარჩიოთ ძიძა და რა დრო უნდა გაატაროს ბავშვმა მასთან

სოციალურად აქტიურმა გარემომ ძიძის ინსტიტუტი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი გახადა. ამ უმნიშვნელოვანესი სააღმზრდელო სისტემის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება და მოსაზრებები თითქოს ორად არის გაყოფილი - ერთის მოსაზრებით ძიძის ყოლა თითქოს მოდური გახდა და დედების ნაწილი ცდილობს დაიქირავოს ძიძა, მაშინაც კი თუ ეს აუცილებლობით გამოწვეული არ არის.

არსებობს მეორე სტერეოტიპული დამოკიდებულებაც - გავცელებულია მოსაზრება, რომ მშობლები, რომლებიც ბავშვებს ძიძებს ანდობენ, ცუდი მშობლები არიან.

რამდენად საჭიროა ძიძის ყოლა ოჯახისათვის, როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები მათი შერჩევისას, რამდენი დრო უნდა გაატაროს ძიძამ ბავშვთან, მისი ასაკის მიხედვით, ამ საკითხებზე AMBEBI.GE ნეიროფსიქოლოგ თამარ გაგოშიძეს ესაუბრა.

მისი აზრით, თუ ოჯახი კარგ ძიძს შეარჩევს, მისი მონაწილეობა ბავშვის აღზრდის პროცესში მიუღებელი სულაც არ არის. თუმცა ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ბავშვის ასაკი და ძიძასთან ყოფნის დრო. ნეოროფსიქოლოგის რჩევით, ძიძის ჩართვა ბავშვის აღზრდის პროცესში მხოლოდ იმ შემთხვევაშია რეკომენდირებული თუ ბავშვი ერთიდან ორი წლამდე ასაკისაა.

თამარ გაგოშიძე მიიჩნევს, რომ ერთ წლამდე ჩვილის ძიძისთვის მინდობა კატეგორიულად დაუშვებელია, ხოლო უკვე ორი წლიდან ძიძის ყოლას, სჯობს ბავშვი ბაგა-ბაღში მივიყვანოთ.

- ზოგადად, თუ წესებით ვისაუბრებთ, ბავშის ნორმალური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მშობელთან მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება, რაც ქმნის მისი პიროვნების ქვაკუთხედს სამომავლოდ და საერთოდაც, ეს არის ბავშის ფსიქიკური ჯანმრთელობის განმსაზღვრელი. ბავშვს სჭირდება დედა, რომ მას ჰქონდეს დედასთან უსაფრთხო მიჯაჭვულობა. დაუშვებელია, ერთ წლამდე ბავშვი დედისგან მოშორებული იყო.

ხაზგასმით ვამბობ, რომ ერთ წლამდე ჩვილთან დედის ჩანაცვლება არათუ ძიძით, ოჯახის წევრებითაც - ბებია, მამიდა, დეიდა და ა.შ. არ უნდა მოხდეს

ეს იმისათვის, რომ ბავშვს ჰქონდეს უსაფრთხოების განცდა, არ ჰქონდეს მტრული განწყობა გარემოსადმი, ენდობოდეს გარემოს და ა.შ. ერთი წლის შემდეგ კი ძიძის და სხვა პირების შემოყვანა პრობლემა აღარ არის. თუმცა ჩვენ ისეთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც ეს საკითხი ძალიან მტკივნეულად დგას. საწყალ დედებს ძალიან მალე სამსახურში გასვლა უწევთ, რათა სამსახურის დაკარგვის საფრთხე არ შეექმნათ. ფაქტობრივად, ორ უბედურებას შორის აქვს შფოთვა. დეკრეტში გასული და ორსული ქალები სამსახურში არავის უყვარს. მე თუ მკითხავთ, ეს არის პირდაპირი დისკრიმინაცია.

- არსებობს გავრცელებული მოსაზრება, რომ ძიძის ყოლა ბავშვის ფსიქიკას ზიანს აყენებს, რამდენად მართებულია ეს მიდგომა?

- ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ძიძების მიერ ძალადობის ფაქტებითაც, თუმცა ასეთი შემთხვევები ყველნგან ხდება. მე სხვათაშორის ძიძის გაზრდილი ვარ, დედაჩემი და მამაჩემი მაშინაც მუშაობდნენ, დედას ჩემთვის არასოდეს ეცალა, მაგრამ სამაგიეროდ მყავდა ბებია, მყავდა მისაწვდომი ადამიანი, რომელთანაც მე ვთამაშობდი და მქონდა მიჯაჭვულობა.

სხვათაშორის ბებია-ბაბუის ინსტიტუტი ძალიან ძვირფასია ამ კუთხით, რადგან ბებია-ბაბუასთან ბავშვს ყველაზე კარგად უყალიბდება ჯანსაღი მიჯაჭვულობის განცდა. თუმცა ჩვენ რა დროში ვცხოვრობთ - არც ბებია-ბაბუებს სცალიათ შვილიშვილებისთვის, რადგან ისინიც საშოვარზე არიან გასულები. ზოგი საერთოდ საზღვარგარეთ არის წასული.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ძიძასთან ბავშის დატოვება შეიძლება რამდენიმე საათით და არა 24 საათით.

- რატომ არის ძიძის ჩართვა დაუშვებელი ერთ წლამდე ბავშვის აღზრდის პროცესში?

- მიჯაჭვულობის პრობლემა არის მთავარი ფუნდამენტი სამყაროსთან ემოციური დამოკიდებულების. მშობლები ხომ ძირითადად ინტელექტს აქცევენ ყურადღებას. როგორ ვითარდება ბავშვი ინტელექტუალურად, როგორ აზროვნებს, როგორ საუბრობს, მაგრამ მთავარი ემოციური რეგულაციაა - სანამ ბავშვი საუბარს დაიწყებს ემოციების საშუალებით ურთიერთობს გარემოსთან. პატარა ბავშვი გარემოსთან დედის საშუალებით ურთიერთობს და ის მიჯაჭვული უნდა იყოს დედასთნ, ვისთანაც იქნება ბავშვი, იმასთან ექნება მიჯაჭვულობა.

თუ ჩვენ ბავშვს ჩავაბარებთ ძიძას, ან ბებიას, მასზე იქნება მიჯაჭვულობა და ჩვენ მერე არ უნდა დაგვწყდეს გული, რომ ბავშვს დედასთან კი არ აქვს ეს ძლიერი კავშირი, არამედ იმასთან, ვინც მასთან დიდ დროს ატარებს. ბავშვს სჭირდება ერთი პერსონა, ვისაც ის მიეჯაჭვება. რატომ? ის ასწავლის მას, როგორ გამოხატოს ემოცია, როგორ გაიგოს სხვისი ემოცია, უსაფრთხოდ იყოს და ენდობოდეს მას. შემდეგ ასეთ ბავშვს რომ დატოვებ სხვასთან რამდენიმე საათით, არ ექნება შფოთვა, არ ექნება გაღიზიანება. ზოგადად, ბავშისთვის როდესაც მშობელი ხელმისაწვდომი არ არის, ეს მას დიდ დარტყმას აყენებს.

მშობელმა ბავშთან უნდა იურთიერთოს, რადგან ეს დიდ როლს თამაშობს ბავშის ემოციური რეგულირების ჩამოყალიბებაში, რაც არის ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის უმთავრესი.

- როგორ მოქმედებს დედასთან ემოციური კონტაქტის დეფიციტი ბავშვის ფსიქიკაზე?

- ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ბავშვებში ძალიან გახშირებულია და ეს არის გარემოს ბრალი. ბავშვს არ ჰყავს მისაწვდომი მშობლები. შესაბამისად, არ აქვს უსაფრთხოებისა და ნდობის განცდა. ადამიანი სოციალური არსებაა და აქვს ურთიერთობის მოთხოვნილება. სულ შფოთიან, დაუკმაყოფილებელ მიკროსოციუმშია. თან ამას ემატება ისიც, რომ ძალიან ხშირად მშობლებმა არ იციან აღზრდის წესები.

ბავშვი ფაქტობრივად ორი წლიდან აკეთებს აღმოჩენას, რომ ის არ არის დამოკიდებული სხვებზე, ის თვითონ იძიებს სამყაროს და აცნობიერებს, რომ არ სჭირდება დამცველი, თვითონ აქვს მოტივაცია, რომ დაბრკოლებები გადალახოს... რაც უფრო მეტ დაბრკოლებას გადალახავს - აცოცდება, ჩამოცოცდება, რაღაცას მოკიდებს ხელს, აკვირდება, ეს მისთვის უკეთესია. ამიტომ ძალიან კარგია ორი წლიდან ბავშის ბაღში მიყვანა. თუმცა, მე ვსაუბრობ კარგ ბაგა-ბაღზე. ორი წლიდან მისაღებია, რომ ბავშვი ძიძასთან კი არ იყოს, არამედ ის ბაგაში შევიყვანოთ, სადაც ურთიერთობასა და დამოუკიდებლობას ისწავლის.

- რაც შეეხება ძიძის შერჩევის პროცესს, რა რჩევებს მისცემდით დედებს?

- ძიძის შერჩევისას პირველი, რასაც მშობელი კითხულობს არის ის, როგორ ზრუნავს ეს ძიძა ბავშვზე, იცის თუ არა მისი მოვლა - ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ მნიშნელოვანია კიდევ ერთი საკითხი - როგორ იცის ძიძამ განვითარების სტიმულირება. ამას სამწუხაროდ ყურადღებას არ აქცევენ. ევროპულ ქვეყნებში ძიძის ინსტიტუტი ძალიან განვითარებულია და ამ დარგს დიდი ყურადღება ეთმობა.

ინტენსიურად უტარებენ ტრენინგებს ძიძებს, ძალიან დიდი ყურადღებით არჩევენ, იკვლევენ ყველაფერს და ა.შ. ჩვენთან ასეთი რამ ნაკლებად ხდება. ეს იმდენად მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, რომ უნდა არსებობდეს გარკვეული რეგულაციები, ვის უშვებ სახლში და თან ყველაზე ძვირფას ადამიანთან. უნდა იყოს კარგად აწონილ-დაწონილი ეს ყველაფერი. იმიტომ ხდება ძალადობის შემთხვევები, რომ ისინი არ არიან ყურადღებით შერჩეულები. ძიძის შერჩევისას ყველაზე მთავარია რეკომენდაციები...

მშობელმა მინიმუმ ორი რეკონედაცია უნდა მოსთხოვოს ძიძას იმ ოჯახებიდან, სადაც მას უმუშვია და თან ესაუბროს ამ ოჯახებს. ასევე, უნდა დავაკვირდეთ როგორ საუბრობს ადამიანი, რა ღირებულებები აქვს, როგორ აცვია, როგორი გამომეტყველება აქვს. მაგრამ ესეც არ არის საკმარისი. აქაც შეიძლება შეცდე. ამიტომ ასეთ შემთხვევაში უფრო სანდო მაინც რეალური რეკომენდაციებია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი