ავტორი:

გოგონა, რომელიც ოცნებობს, წყლის დალევა შეძლოს - 25 წლის თათიას იშვიათი დიაგნოზი და ორწლიანი ტანჯვა

გოგონა, რომელიც ოცნებობს, წყლის დალევა შეძლოს - 25 წლის თათიას იშვიათი დიაგნოზი და ორწლიანი ტანჯვა

2017 წელს, როცა თათია დარსაძემ საყლაპავი მილის ოპერაცია გაიკეთა, ეგონა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები ამით დასრულდებოდა და ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, თუმცა პირიქით - ახალგაზრდა გოგონა ამბობს რომ, უკვე ორი წელია, ოპერაციის დღიდან მოყოლებული ვეღარ ჭამს, ვეღარ სვამს და სუნთქვაც კი უჭირს.

საყლაპავი მილის თიაქრის დიაგნოზი 25 წლის თათიას 2017 წლის სექტემბერში დაუსვეს. რამდენიმე თვის განმავლობაში ქირურგები არწმუნებდნენ, რომ მხოლოდ ოპერაცია უშველიდა. თათია ენდო ექიმების რჩევას და თიაქრის სტანდარტული ოპერაცია გაიკეთა.

თუმცა, როგორც გოგონა AMBEBI.GE-ს უყვება, ოპერაცია არა მარტო უშედეგო აღმოჩნდა, არამედ უამრავი ახალი და უარესი სიმპტომიც დაუმატა.

"ოპერაციამდე ხუთი თვით ადრე ჭამის მერე ყელში დაწოლის და სისავსის გრძნობა მაწუხებდა. ჭამის მერე რაღაც დროში ვარჯიშს ვიწყებდი და მეშვებოდა. ეს მდგომარეობა უარესდებოდა დიდი ვახშმის შემდეგ. გულძმარვა არასოდეს მქონია, არც გულისრევის შეგრძნება, არც ღებინებები. გასტროენტეროლოგმა დამინიშნა რენტგენოლოგიური კვლევა, რომელზეც დიდი ზომის თიაქარი გამოჩნდა.

მითხრეს რომ, ოპერაციის გარდა ვერაფერი მიშველიდა და ხუთ წუთშივე შემახვედრეს ქირურგს. მე დავშინდი და უკან წამოვედი. ორი თვის მანძილზე ვცდილობდი სხვა გზა მეპოვნა, მაგრამ ბოლოს ექიმების აზრს დავჯერდი და გავიკეთე საყლაპავის თიაქრის სტანდარტული ოპერაცია. ოპერაცია ოთხი საათი გაგრძელდა. ქირურგის თქმით, ოპერაციისთვის ხანგრძლივ დრო იმიტომ დაჭირდათ, რომ დიდი ზომის თიაქარი იყო.

როგორც აღმოჩნდა თანდაყოლილი თიაქრის იშვიათი შემთხვევა მქონდა, რომელიც ჩემი ანატომიის გამო განვითარდა. ზოგ ადამიანს ბუნებრივად აქვს დიდი სივრცე დიაფრაგმასა და გულმკერდის კედელს შორის, სადაც კუჭს შანსი ეძლევა ავიდეს, რაც ჩემს შემთხვევაში მოხდა. ინტერნეტში დევს სტატისტიკა რომ ოპერაცია 90% ამართლებს, მაგრამ ესე არ არის რეალურად.

მე კონკრეტულად არ გამოვკვეთავ ერთი ადამიანის ბრალეულობას, ეს არის ზოგადად მთელი სისტემის ბრალი" - უყვება რესპონდენტი AMBEBI.GE-ს და ამბობს, რომ ახლა ერთადერთი სურვილი აქვს - მოიპოვოს სოლიდური თანხა ახალი ოპერაციის საზღვარგარეთ გაკეთებისთვის.

"კუჭნაწლავის პრობლემების დიაგნოსტიკა იმ დონეზე რთულია, რომ საზღვარგარეთ კვლევების ქონის მიუხედავად უჭირთ სწორი დიაგნოზის დასმა და პაციენტის მდგომარეობის სრულად გამოკვლევა. ჩვენთან, საქართველოში, ესეც კი არ არის.

აქაური ქირურგები და ექიმები იძულებულები არიან რაც აქვთ მონაცემები იმის მიხედვით გააკეთონ დასკვნები და შედეგად ოპერაციის შემდეგ ბევრი ადამიანი ჩემზე უარეს მდგომარეობაშიც ვარდება. რომ მცოდნოდა ან ვინმეს ეთქვა, ეს მდგომარეობა სიღრმისეულ კვლევებს საჭიროებდა, თავიდან ავირიდებდი ამ ჯოჯოხეთურ ორ წელს" - ამბობს გოგონა.

თათია დარსაძე წუხს, რომ ორი წელია არ აქვს მოსვენებული ცხოვრება. იბრძვის და ოცნებობს, რომ წყლის დალევა მაინც შეეძლოს პრობლემების გარეშე. გამოკეთების იმედით, ერთი წლის წინ გაიკეთა მეორე ოპერაცია, თუმცა მისი მდგომარეობა უცვლელი დარჩა.

თათია დიდი ხანია იძიებს მის მდგომარეობას, წერს ათობით ქირურგს დედამიწის გარშემო იმის იმედად, რომ მათთან ერთად იპოვის გამოსავალს. რამდენიმე თვის წინ მიაკვლია ამ სფეროში გამოცდილ ამერიკელ ქირურგს, რომელიც ამჟამად მუშაობს საფრანგეთში და მასთან აქტიურ მიმოწერაშია. გეგმავს მესამე ოპერაციას, რომელიც უნდა იყოს გადამწყვეტი და დადებითი შედეგის მომტანი.

"დედამიწის ყველა კუთხეში საყლაპავის თიაქრის ეს ოპერაცია წარმოჩენილია, როგორც ხსნა. ოპერაციამდე ყველა პაციენტს პირდებიან, რომ 4 კვირაში შეძლებენ ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ.

მე პირადად ოპერაციის შემდეგ ვეძიე და გადავაწყდი ფეისბუქ-ჯგუფებს და ფორუმებს, სადაც გავიცანი უამრავი ადამიანი სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ ჩემსავით უარესი სიმპტომები დაემატათ ამ ოპერაციის შედეგად. ორი წელია ამ მდგომარეობაში ვეძებ, ვკითხულობ და ვსწავლობ ყველაფერს, რაც კუჭნაწლავის ანატომიასა და ფუნქციონირებას უკავშირდება.

მაქვს წაკითხული უამრავი ნაშრომი კუჭნაწლავის მედიკამენტებზე და ამ ოპერაციაზე, ასევე მოვისმინე ბევრი ექსპერტის საუბარი და ყველა იმას ამბობს, რომ წამლები და ოპერაციები მხოლოდ სიმპტომებს აკონტროლებს, თანაც ხშირ შემთხვევაში დროებით შედეგს იძლევა. ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა, ძირეული პრობლემა დღემდე გამოუკვლეველია" - გვეუბნება თათია და დასძენს, რომ როდესაც ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდება, მიღებული ცოდნით და გამოცდილებით ორგანიზაციას დააარსებს საყლაპავის თიაქრის კვლევისა და მკურნალობისთვის.

ინტერვიუს ბოლოს, თათიამ გვითხრა რომ, მაშინ როდესაც იგვლივ ამდენი სიმსივნით დაავადებული ადამიანი საჭიროებს დახმარებას, ეუხერხულება საკუთარი პრობლემების გასაჯაროება, თუმცა საყლაპავი მილის თიაქარი უმძიმესი მდგომარეობა, ეს ტანჯვაა, როდესაც მექანიკური ჩარევის გარეშე, დამოუკიდებლად წყალის დალევაც კი არ შეუძლია პაციენტს...

25 წლის გოგონას გამოკვლევებისა და ოპერაციის ჩასატარებლად 60 000-მდე ევრო სჭირდება. ვისაც დახმარების სურვილი და საშუალება გაქვთ, თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ანგარიშის ნომრებზე:

თიბისი ბანკი:

GE52TB7134345061100022

საქართველოს ბანკი:

GE67BG0000000161767959

მიმღები - თათია დარსაძე

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ