ავტორი:

BTU-ს ფინანსების საბაკალავრო პროგრამამ ACCA აკრედიტაცია მიიღო

BTU-ს ფინანსების საბაკალავრო პროგრამამ ACCA აკრედიტაცია მიიღო

უნივერსიტეტი, რომელიც სრულად განათლების თანამედროვე მოდელს ეფუძნება, ახალ ეტაპზე გადადის. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ფინანსების საბაკალავრო პროგრამამ ACCA აკრედიტაცია მიიღო. აღნიშნული პროგრამა ერთადერთია საქართველოში, რომელიც ACCA-ის სტანდარტების მიერ სრულად არის აკრედიტებული. პროგრამის აკრედიტირება ნიშნავს, რომ სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ ეტაპობრივად გაიარონ ACCA-ის F1 დან F9 მოდულამდე კურსები და შესაბამისი გამოცდის ჩაბარების შემდეგ მიიღონ საერთაშორისო სერტიფიკატები.

რა არის ACCA?

ACCA სტანდარტები მსოფლიოს ყველა დამსაქმებლის მიერ არის აღირებული. მარტივად რომ ვთქვათ, თუ რომელიმე ევროპულმა კომპანიამ ინტერვიუზე დაგიბარათ, მარტივად შეგიძლიათ, ACCA-ს სტანდარტების მიერ აკრედიტებული პროგრამის დიპლომი წარუდგინოთ და დაუმტკიცოთ, რომ თქვენ მიერ მიღებული უმაღლესი განათლება მათი მოთხოვნების შესაბამისია.

ACCA წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს და სწრაფად მზარდ საერთაშორისო ბუღალტრულ ორგანიზაციას, რომელსაც 188 ქვეყნის მასშტაბით 208 000 წევრი და 503 000 სტუდენტი ჰყავს. ACCA-ის კვალიფიკაცია დაინტერესებულ პირებს ეხმარება წარმატებული კარიერის შექმნაში ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ბუღალტერია, საბანკო საქმე, მენეჯმენტი და კონსალტინგი. ამავდროულად, მნიშვნელოვან უპირატესობას წარმოადგენს მაღალი რგოლის სამსახურეობრივი პოზიციით დაინტერესებულთათვის.

რაც შეეხება „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში“ ACCA-ს მიერ აკრედიტებულ პროგრამას - „ბიზნესის ადმინისტრირება და ფინანსები“, ჩვენი ქვეყნისთვის სრულიად ახალი და ინოვაციურია. როგორც BTU-ში განმარტავენ, პროგრამის მიზანია, სტუდენტს გამოუმუშავდეს კომპეტენციები, რომელიც ორგანიზაციაში მიმდინარე ბიზნეს-პროცესების მართვაში მონაწილეობის მიღების საშუალებას მისცემს; ასევე, მან მიიღოს უახლესი ცოდნა ბიზნესის ადმინისტრირების ძირითადი პრინციპების შესახებ, რომლის გამოყენებით შეეძლება, ინოვაციური სამეწარმეო საქმიანობა დაგეგმოს.

პროგრამა იმითაც არის გამორჩეული, რომ თეორიულ სწავლებასთან ერთად სასწავლო პროცესში პრაქტიკული საქმიანობაც ჩართულია. „ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ სტუდენტს, დასაქმებდეს სწავლის დაწყების პირველივე დღიდან, შექმნას საკუთარი მაღალტექნოლოგიური სტარტაპი, დაამყაროს კავშირი მსოფლიოს მოწინავე ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. იმისათვის, რომ სტუდენტი წარმატებით დასაქმდეს, მხოლოდ მიღებული განათლება არ კმარა. რიგ შემთხვევებში, დამსაქმებელი ითხოვს სამუშაო გამოცდილებას, რომელიც სტუდენტს არ აქვს. ჩვენ შევიმუშავეთ სისტემა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს სტუდენტს დასაქმდეს სწავლის დაწყებისთანავე, შექმნას შთამბეჭდავი პორტფოლიო და სწრაფად გახდეს კონკურენტუნარიანი კადრი“, - აღნიშნულია პროგრამის აღწერაში.

ბიზნესის ადმინისტრირებისა და ფინანსების სტუდენტებს საშუალება მიეცემათ BTU-ს პარტნიორ მსხვილ ორგანიზაციებთან ითანამშრომლონ და ინტერესის სფეროების მიხედვით, მათი საქმიანობა შეისწავლონ.