ავტორი:

"ექიმთან იხუმრა, ხომ გადავრჩებიო?" - რას ყვებიან რუსთავში ნარკოზის შემდეგ გარდაცვლილი 19 წლის გოგონას ახლობლები

"ექიმთან იხუმრა, ხომ გადავრჩებიო?" - რას ყვებიან რუსთავში ნარკოზის შემდეგ გარდაცვლილი 19 წლის გოგონას ახლობლები

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ოპერაციის დაწყებამდე გარდაცვლილი 19 წლის გოგონას ახლობლები მომხდარში ექიმებს ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ გულის გაჩერება სავარაუდოდ, ნარკოზის დოზამ გამოიწვია.

ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში წუხელ ღამით მივიდნენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები, ნათესავები და მისი საქმრო. "ინფო რუსთავთან" საუბრისას გოგონას ნათესავები ამბობენ, რომ პაციენტს ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია და ოპერაციას ძგიდის გასასწორებლად იკეთებდა:

"ბავშვი მოგვიკლეს! ცხვირის ძგიდის პრობლემა ჰქონდა, ვერ სუნთქავდა და ამისთვის მოვიდა აქ, ჯერ ოპერაციაც არ დაწყებულა და ნარკოზში მოკლეს ბავშვი! ალბათ დიდი დოზა მისცეს..." - ამბობს გარდაცვლილი ნათესავი ქალი.

"მოვედით დილით, სინჯი გაუკეთეს 15 წუთი ელოდნენ, მერე შეიყვანეს საოპერაციოში ჩვეულებრივად... ველოდებოდით და ცოტა ხანში ალიაქოთი ატყდა, გარბოდნენ... ჩემმა სიძემ გაიგო, ვიღაცას გული გაუჩერდაო, მაგრამ სახელი და გვარი არ ვიცოდით... ისეთი უმნიშვნელო ოპერაცია იყო, ამას როგორ ვიფიქრებდით?

პალატაში რომ შეგვყავდა, ექიმთან იხუმრა კიდეც ჩემმა საცოლემ: ხომ გადავრჩებიო და გადასარჩენი რა გჭირსო, უპასუხეს, ისეთი არაფერი არისო. პასუხისგებაში უნდა მიეცეს ექიმი, როგორც წესია!" - განაცხადა "ინფო რუსთავთან" საუბრისას გარდაცვლილი გოგონას შეყვარებულმა.

გარდაცვლილი პაციენტის კიდევ ერთმა ახლობელმა განაცხადა, რომ სინჯის აღების შემდეგ გოგონას ადგილი დაუწითლდა, სავარაუდოდ ალერგია მისცა, თუმცა მაინც შეიყვანეს ექიმებმა საოპერაციოში. ოჯახის წევრების თქმით, მათ ერთ საათში შეატყობინეს პაციენტის გარდაცვალების შესახებ.

შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

დიღმის მასივში, მომხმარებელმა "ნიკორას" თანამშრომელი დაჭრა

მკვლელობა ნატანებში - 60 წლამდე მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლული ნახეს

რუსთავში 12 წლის მოზარდი საცხოვრებელი სახლის აივნიდან გადავარდა