ავტორი:

ნიკოლ ფაშინიანი "ყველას ციხეში უშვებს" - სომხეთის მომავალი რუსეთშია, თუ ევროპაში?

ნიკოლ ფაშინიანი "ყველას ციხეში უშვებს" - სომხეთის მომავალი რუსეთშია, თუ ევროპაში?

სომხეთის პრემიერ-მინისტრი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს. ნიკოლ ფაშინიანმა რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, "კორუფციონერებს და ჯაშუშებს" ციხეში გაუშვებს.

მისივე თქმით, ახალ სომხეთში უსაფრთხოების სამსახური, საგამოძიებო კომიტეტი, პოლიცია და სხვა სახელმწიფო სტრუქტურები, ორიენტირებულნი იქნებიან "ვიღაცებმა ფული არ მოიპარონ და ქვეყანა არ გაძარცვონ. ვინც ამას გააკეთებს - ყველა ციხეში" - წერს ფაშინიანი "ფეისბუქზე".

ekhokavkaza.com-ის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრის რადიკალურმა პოზიციამ ადგილობრივ მოსახლეობას კიდევ ერთხელ გაახსენა მიხეილ სააკაშვილის მიერ განვლილი გზა...

ცოტა ხნის წინ, სომხეთში რამდენიმე მაღალჩინოსანმა დატოვა თანამდებობა. თუმცა, მიზეზების შესახებ მხოლოდ ვერსიები ვრცელდება. სომხური მედია წერდა, რომ მათ წასვლის შესახებ განცხადების დაწერა გარემოებამ აიძულა. ფაშინიანის თქმით, აუცილებელია კორუფციასთან ბრძოლის ხელახალი დაწყება. მან თავის გუნდთან შეხვედრისას ისაუბრა ეროვნული უსაფრთხოების დირექტორისა და პოლიციის უფროსის დროებით შემცვლელებზე და მკაცრად გააფრთხილა მთავრობა - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ტემპი არ დავარდეს.

რამდენიმე დღის წინ, ერევნის სასამართლომ სომხეთის მეორე პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი პატიმრობაში დატოვა. ყოფილ პრეზიდენტის წინააღმდეგ 2008 წლის 1-ელი მარტის მიტინგის დარბევის საკითხზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, რომელიც ფაშინიანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო. ქოჩარიანს კონსტიტუციური წყობის დამხობა და დიდი ოდენობით ქრთამის აღება ბრალდება.

მის გარდა, სახელმწიფო წყობის დამხობის მუხლით ბრალდება ყოფილ ვიცე-პრემიერ არმენ გევორგიანს, ასევე, ყოფილ გენერალურ მდივანს - იური ხაჩატუროვსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, სეირან ოგანიანს აქვთ წაყენებული. მათგან, წინასწარ პატიმრობაში მხოლოდ რობერტ ქოჩარიანი იმყოფება. ერევნის ქუჩებში კი მათი მხარდამჭერები აქციებს მართავენ და ფაშინიანს პოლიტიკურ საფუძველზე ადამიანთა პატიმრობას ედავებიან...

საქმე ის არის, რომ სომეხი მაღალჩნინოსნების კორუფციული ბიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის კვალდაკვალ ზიანდებიან ის რუსი ბიზნესმენებიც, რომელთაც წლების განმავლობაში სომხეთში მასშტაბური ბიზნესპროექტები ჰქონდათ. ამ დაძაბულობის ფონზე, გამოცემა news.am წერს, რომ რუსული სახელმწიფო კომპანია - Российские железные дороги, სომხეთის ხელოსუფლებასთან შეთანხმების შეწყვეტაზე ფიქრობს. გამოცემის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

აღნიშნულ კომპანიასა და სომხეთის ხელისუფლებას შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც სომხური პროკურატურა სომხეთში არსებულ Российские железные дороги შვილობილ კომპანია Южно-Кавказская железная дорога-ში (რომელიც სომხეთში რკინიგზას მართავს), სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს ეძებდა.

www.gazeta.ru-ს ცნობით, სომხეთში ეკონომიკა ნგრევის პირასაა. გამოცემის თანახმად, სომხეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ამერიკასთან მეგობრობას არ აპირებს, თუმცა უახლოეს დღეებში ვაშინგტონში მიემგზავრება, სადაც პრეზიდენტს დონალდ ტრამპს გარკვეულ ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით უნდა შეხვდეს.

“სომხური ოპოზიციის თქმით, ფაშინიანმა ტრამპისგან უკვე მიიღო 2 მილიარდი დოლარი... ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის პრეზიდენტის თანაშემწის ჯორჯ კენტის განცხადებით - ამერიკას სურს აყვავებული და წარმატებული სომხეთი იხილოს, რაც იმას, ნიშნავს, რომ მზად არის დახმარებისთვის, თუმცა, სომხეთში ავიწყდებათ, რომ რუსეთი უფრო ახლოსაა..." - წერს გამოცემა.

სომხეთში ჩატარებული ბოლო კვლევებით, რომელიც ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის ვანაძორის ოფისის დაკვეთით ჩატარდა, გაირკვა რომ, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრობის მომხრეთა რაოდენობა სტაბილურად იკლებს. პარალელურად მატულობს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველების რაოდენობა. არიან ისეთებიც, ვისაც ორივე ორგანიზაციაში სურს ყოფნა... ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდების დიდი ნაწილი თუ ადრე რუსეთისკენ იღებდა გეზს, ახლა დასავლეთისკენ მიისწრაფის.

"ახალი თაობა ცდილობს ინგლისური ისწავლოს და დასავლეთისკენ გაიკვლიოს გზა, რადგან ინტერნეტთან წვდომა უკვე აქვთ და ინფორმაციას ფლობენ. შესაბამისად, შედარებას აკეთებენ პოსტსაბჭოთა სომხეთსა და ევროპულ ქვეყნებს შორის. რუსეთის მიმართ აგრესია კი არ აქვთ, ინერტულები ხდებიან... უბრალოდ ინტერესი დაკარგეს.

ჩვენ რუსეთთან დაპირისრებას არ ვაპირებთ, მაგრამ მომავალი ახალგაზრდებისაა და მათ არჩევანი თავად უნდა გააკეთონ...” – ამბობს AMBEBI.GE-სთან საუბარში ჰასმიკ აბრამიანი, რომლის ორივე შვილი შვეიცარიაში სწავლობს.

სომხეთის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის გიუმრის რუსული სამხედრო ბაზა უკვე დიდი ხანია ყოველდღიურ თავისტკივილად იქცა. 10 სექტემბერს 23 წლის სერჟანტი ალექსანდრ ბაბუშკინი მოკლული იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მას სხეულზე მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა, თუმცა კრემლის კონტროლირებადი მედია წერდა, რომ ჯარისკაცს დაავადება ჰქონდა, რითაც საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა...

"ამას წინათ, გიუმრის ბაზაზე კიდევ ერთი ჯარისკაცი მოკლეს და მოკლეს წამებით. ჩვენმა მედიამ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრის თხოვნით არ გაარცელა, მაგრამ ხალხმა მაინც გაიგო... ანუ ხალხი უკვე ხვდება, რომ არ არის რუსეთი ის ქვეყანა, ვისზეც სწორება უნდა გვქონდეს, კორუფციაში ვართ და მის შენარჩუნებას ყველანაირად ცდილობენ. ჩვენ კი განვითარება გვინდა, პროგრესი და ნათელი მომავალი" - ამბობს 26 წლის რობერტი.

აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის და დააკავეს - ის ოჯახთან ერთად სატვირთო მანქანაში ცხოვრობდა

ემოციური კადრები - 92 წლის ბერძენი ქალი  შეხვდა ებრაელ და-ძმას, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინა

სასტიკი მკვლელობის კადრები სოციალურ ქსელებში ვრცელდება - მოსკოვში ინგუში მაღალჩინოსანი ძმასთან ერთად ჩაცხრილეს