ავტორი:

"წლები დაგვჭირდა ფეხზე დასადგომად" - გაიცანით რუსი ჟურნალისტისა და ქართველი ბიზნესმენის წყვილი, რომელიც საქართველოს პოპულარიზაციას მსოფლიოში ეწევა

"წლები დაგვჭირდა ფეხზე დასადგომად" - გაიცანით რუსი ჟურნალისტისა და ქართველი ბიზნესმენის წყვილი, რომელიც საქართველოს პოპულარიზაციას მსოფლიოში ეწევა

ჟურნალისტი იულია ჩეპელევა და ბიზნესმენი მიშელ კაზა, იგივე ლაშა კოზიაშვილი ისრაელში ჩემი მასპინძლები არიან. მათ ოჯახში თავს იყრის სამი ქვეყნის კულტურა და ისტორია: ქართული, რუსული და ებრაული, რაც ძალიან ეამაყებათ და ცდილობენ მაქსიმალურად შეინარჩუნონ თავიანთი ფესვები. ამ წყვილით ჩემი დაინტერესების მიზეზი ის ვიდეორგოლები გახდა, რომლითაც აქტიურად ეწევიან ჩვენი ქვეყნის რეკლამირებას და ადამიანებს მთელი მსოფლიოდან, საქართველოში ეპატიჟებიან. იმ ფონზე, როდესაც ხშირად ლუკმაპურის საშოვნელად და იშვიათად უკეთესი ცხოვრების ასაწყობად, ქართველები საზღვარგარეთ გავრბივართ, ამ წყვილმა "ფულის კეთება" საქართველოში და საქართველოზე დაიწყო.

- ისრაელში საკმაოდ ცნობილმა და წარმატებულმა ჟურნალისტმა, რატომ გადაწყვიტე, გვერდზე გადაგედო შენი საქმე, დამდგარიყავი კამერის წინ და გესაუბრა საქართველოზე, რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე და ა.შ.

იულია:

- როცა მეორე შვილი შეგვეძინა, მივხვდი, რომ სრული დატვირთვით მუშაობას ვეღარ შევძლებდი და დროის უმეტესი ნაწილი ოჯახში უნდა გამეტარებინა. მიშელმა შემომთავაზა გამეხსნა "იუთუბ" არხი. ამ დროს გამწვავდა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა. ვხედავდი, როგორ ჯდებოდა ჩემი ქმარი ტელევიზორის წინ და საინფორმაციო გადაცემებს უწყვეტ რეჟიმში უყურებდა. განიცდიდა და როგორი დაღლილიც უნდა მოსულიყო, ღამეებს ტელევიზორთან ათენებდა. მე ჩემი მხრივ ვუყურებდი, თუ როგორ გადმოსცემდა ამ ამბავს რუსული მხარე და ჩემთვისაც ბევრი რამ იყო საწყენი. რუსეთი თბილისში მიმდინარე პროცესებს აშუქებდა არცთუ სასიამოვნოდ.

- საინტერესოა, რა ხდება ოჯახში, როცა ქართველი ქმარი უყურებს ქართულ საინფორმაციოს, რუსი ცოლი კი - რუსულს.

- მე ვიცი, რომ პოლიტიკურ თამაშებში, ყოველთვის უსამართლოდ იჩაგრებიან უბრალო ადამიანები. შეწყდა ფრენები, საინფორმაციო გადაცემებიდან მოუწოდებდნენ რუს ტურისტებს, დაეტოვებინათ საქართველო. აცხადებდნენ, რომ იქ ყოფნა იყო საფრთხის შემცველი. არადა, მე ვიმოგზაურე საქართველოში. ჩემი მშობლებიც იყვნენ დასასვენებლად ბათუმში. ჩვენ ვსაუბრობდით მხოლოდ რუსულად. არავის გამოუხატავს ჩვენ მიმართ უპატივცემულობა. როცა პრაღაში ვიყავი, ვხედავდი, ადამიანები როგორ ღიზიანდებოდნენ რუსულის გაგონებაზე. ისე ნერვიულობდნენ, რომ არ სურდათ ჩემთან საუბარი. საქართველოში მე ეს არ მიგრძნია. ამიტომაც გადავწყვიტე, მეთქვა ჩემი სათქმელი.

- აქედან დაიწყო თქვენი ვიდეოების სერია?

- დიახ. "იუთუბზე" ავტვირთე ვიდეორგოლი. ვამბობდი, რომ მე და მიშელს გვაქვს რუსულ-ქართული ოჯახი და რომ ჩვენ ვცხოვრობთ ისრაელში. ამას მოჰყვა არაერთგვაროვანი გამოხმაურება, განსაკუთრებით რუსული მხარიდან. მსაყვედურობდნენ, რატომ ვერ ვნახე ქმარი მათ რიგებში და რატომ ავირჩიე "ჩურკა". ეს იყო ძალიან საწყენი. მე ვთვლი, რომ არსებობს ორი სამშობლოს მცნება. სამშობლო, სადაც დავიბადე და გავიზარდე და კიდევ, ისტორიული სამშობლო, რომელშიც დავბრუნდი. მეც ორი სამშობლო მაქვს და მიშელსაც. ჩვენ გვაქვს უფლება, გვტკიოდეს და გვიხაროდეს ჩვენი სამშობლო. ეს იყო ჩემი პირველი ბლოგის თემა.

- რა არის "ჩურკა"?

- საბჭოთა კავშირის დროს, რუსეთში ქართველებს და ზოგადად, კავკასიელებს "ჩურკის" უწოდებდნენ. სამწუხაროა, რომ რუსულ ფორუმებზე ეს გამონათქვამები დღესაც აქტუალურია. ჩემთვის იყო გულსატკენი, რომ ადამიანები, რომლებიც ზოგჯერ თავიანთ სახელებსაც არ წერდნენ, ჩემს ქმარს უწოდებდნენ "ჩურკას". მეწყინა. ისრაელში მაროკოელები ცოლად მიყვებიან რუსებს, ეთიოპიელები - ევროპელებს და. ა.შ. აქ ძირითადად შერეული წყვილები არიან. 21-ე საუკუნეში ამაზე საუბარი, უბრალოდ სირცხვილია. რუსები კომენტარებში მწერენ, რას ვფიქრობ იმაზე, რომ თბილისში აკრძალეს გეორგიევსკის ტრაქტატის ლენტები და რომ იქ არსებობს ოკუპაციის მუზეუმი. მე ვთვლი, რომ საქართველო ეს არის თავისუფალი, დამოუკიდებელი ქვეყანა და არაფერია იმაში ცუდი, თუ სხვა ქვეყნის ჩარევის გარეშე სურს განვითარება.

- როგორია თქვენი თვალით დანახული საქართველო? ორი წარმატებული ადამიანი, ასევე წარმატებული და ბევრისთვის საოცნებო ქვეყნიდან, როგორ უყურებთ საქართველოს ამჟამინდელ მდგომარეობას და პოტენციალს?

- პირველად საქართველოში 2015 წელს ჩავედი. "მეცხრე არხიდან" გამიშვეს მივლინებით. ვნახე ულამაზესი ბუნება, კეთილგანწყობილი ხალხი. ერთი შეხედვით ყველაფერი იყო კარგად, მაგრამ უკან დაბრუნებულმა, მიშელს ვუთხარი, რომ ხალხს აკლდა ცოდნა, როგორ გაეკეთებინათ მაგალითად, მცირე ზომის კაფე-ბარიდან დიდი ბიზნესი. მაშინ ეს ლამაზი ქვეყანა ისრაელს ჩამორჩებოდა 15-20 წლით. წლების შემდეგ, ზოგიერთი რამ დამხვდა უკეთესობისკენ შეცვლილი. მაგალითად, თუ დაიქირავებდით ველოსიპედს, ის უნდა დაგებრუნებინათ ზუსტად იმ ადგილას, სადაც იქირავეთ და არ შეგეძლოთ სადმე სხვა ველოსიპედების პუნქტში ჩაგებარებინათ. მე ვიკითხე: რატომ არ შეიძლებოდა ბიზნესი ისე აეწყოთ, რომ ტურისტს ნებისმიერ წერტილში შესძლებოდა ველოსიპედის ჩაბარება და ეს პრობლემა უკვე მოხსნილია. შემიძლია ერთ ფირმაში ავიყვანო ველოსიპედი და ნებისმიერ სხვა ფირმაში ჩავაბარო. ახლა მიშელს ბათუმში ბიზნესი აქვს. ის მუშაობს ქართველებთან. ჩვენ მათ ვასწავლით, როგორ იმუშაონ ინტერნეტით. ისრაელში მე შემიძლია ტაქსი გამოვიძახო ტელეფონით და გადავიხადო ასევე ტელეფონით. მიხარია, რომ ეს სერვისი უკვე საქართველოშიც არსებობს. ასე რომ, ვამჩნევ პროგრესს, რასაც თქვენი ქვეყანა განიცდის.

- შეგიძლიათ დაასახელოთ ნაკლი, რომელიც თვალში საცემია?

- შენელებული ტემპი. ჩვენ მიჩვეულები ვართ ცხოვრების აჩქარებულ რიტმს. დილის რვა საათზე ისრაელი უკვე დუღს, გუგუნებს, ყველა გარბის სამსახურში. ბათუმში კი დილის რვა საათზე ჯერ ისევ სიჩუმეა. სძინავთ. სიუჟეტს რომ ვიღებდით ბათუმზე, ოპერატორი მეორე დილისთვის შევითანხმე. კარგიო, - მითხრა, - ოღონდ არა დილის რვა საათზეო.

-

საქართველოში ახალგაზრდა ოჯახების შემოსავალი კარგ შემთხვევაში, დაახლოებით 500 დოლარია. როგორ ფიქრობ, შეძლებდით გეცხოვრათ ასეთი მცირე ბიუჯეტით?

მიშელი:

- ისრაელში შემოსავალი დიდია, მაგრამ ფასებიც მაღალია. მაგალითად, ძალიან ძნელია სახლის ყიდვა, ეს რთული და გრძელი გზაა. მე და იულია ვცხოვრობთ ქირით. არ ვჩქარობთ ბინის ყიდვას. აქ ბინის ღირებულება 500.000 დოლარიდან იწყება. წყვილმა ბინა რომ იყიდოს, დიდი ფინანსური ვალდებულება უნდა აიღოს. გათვლილი მაქვს, 2030 წლამდე როგორ უნდა ვიცხოვრო. ვიცი, დღეს აქ რომ ვდგავარ, სად მინდა ვიყო 10 წლის შემდეგ. ამისთვის ყოველ დილას ვდგები ძალიან ადრე და ვიძინებ ძალიან გვიან. ჩემთვის რთული გასაგებია, როცა თანამშრომელი, რომელსაც ველოდები, მოდის "პახმელიაზე". ვინც ისწავლის როგორ უნდა დაგეგმოს მომდევნო ათი წელი, ის აუწყობს ცხოვრებას ფეხს და გაუძლებს კონკურენციას. გამუდმებით უნდა განვითარდეს ადამიანი და ისწავლოს.

მიშელი:

- პროფესიები იცვლება და გადამზადება აუცილებელია. ადამიანებმა უნდა დაიწყონ თავიანთი ცხოვრების წესის შეცვლა. მე ყოველ სამ თვეში დავფრინავ საქართველოში, ქართველებთან ვმუშაობ და ვიცი მათ როგორი სერიოზული პრობლემები აქვთ. სულ ვეუბნები, დროა ახალ სტილზე გადაწყობის, ახალი პროფესიების შესწავლის. რთულია, მაგრამ აუცილებელი.

- როგორ და როდის გადაწყვიტეთ ბიზნესი დაგეწყოთ ქვეყანაში, რომელსაც ამდენი ემიგრანტი ჰყავს? ყოველდღიურად უამრავი შავი სამუშაოს მაძიებელი ჩამოდის ისრაელში საქართველოდან. თქვენ კი პირიქით, საქართველოში წახვედით.

მიშელი:

- 2014 წელს დავიწყე ძალიან სერიოზული პროექტის რეკლამირება. ეს პროექტი ბათუმს უკავშირდებოდა. ეს იყო ჩემი პირველი საქმიანი შეხება ამ მშვენიერ ქალაქთან. მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა, რომ წლების შემდეგ ბიზნესს სწორედ ბათუმში ავაწყობდი. ახლა უკვე მაქვს კომპანია, რომელიც ყიდის და არემონტებს ბინებს. ვთანამშრომლობ ცხრა სხვადასხვა კომპანიასთან და თექვსმეტ ქვეყანაში ვეწევი ბათუმის რეკლამირებას. სექტემბრიდან დავიმატებ ბაკურიანის ხაზსაც. თან გაცილებით იოლია ბიზნესის დაწყება საქართველოში, ვიდრე ისრაელში. აქ რომ ფირმა დაარეგისტრირო, ნახევარი თვე და უამრავი საბუთის შეგროვებაა საჭირო. ცხადია, გადასახადიც დიდია. საქართველოში ამისი გაკეთება ნახევარ საათშია შესაძლებელი. რაც შეეხება ბინის ყიდვას, საქართველოში საჭიროა ერთი საათი და ბინა უკვე შენია. ისრაელში ეს რთული და დამღლელი პროცესია.

- ებრაელებს ძალიან უყვართ მოგზაურობა საქართველოში. ცნობილია, აქ ბინებსაც ყიდულობენ. რითია ასეთი დიდი ინტერესი გამოწვეული?

- საქართველოში ბინების ღირებულება აქაურ ფასებთან შედარებით "კაპიკებია", მაგრამ მაინც ცდილობენ ტყუილად არ გადაყარონ ფული და კარგი შენაძენი გააკეთონ, ამიტომ მიკავშირდებიან. ჩემ მიმართ ნდობის ფაქტორი ძალიან მაღალია, რაც იოლად არ მოსულა. ყველაფერი ნულიდან დავიწყე. იულია ძალიან მეხმარება. ერთად ვქმნით და ვაძლიერებთ ამ კომპანიას. მახსოვს, პირველი ბინის გაყიდვას ნახევარი წელი მოვანდომე, შემდეგ კი ერთ თვეში 15 ბინა გავყიდე...წაიკითეთ სრულად

ლოტოს პირველად ნაყიდი ბილეთით ზურაბ ხვინგიამ 9471 ლარი მოიგო

კორონავირუსის 794 ახალი შემთხვევა და 22 გარდაცვლილი - რომელ რეგიონებშია ყველაზე მეტი ინფიცირებული?

"საკითხი, რასაც დღევანდელ შეხვედრაზე დავაყენებთ, ხეობიდან საპოლიციო ძალების გაყვანა და სამუშაო პროცესის შეჩერებაა" - ვარლამ გოლეთიანი