ავტორი:

"საქართველოს მთავრობამ სწავლა შეგნებულად არ დამიფინანსა" - "ქართველი რემბრანდტის" გზა ამერიკულ წარმატებამდე

"საქართველოს მთავრობამ სწავლა შეგნებულად არ დამიფინანსა" - "ქართველი რემბრანდტის" გზა ამერიკულ წარმატებამდე

ახალგაზრდა ქართველი მხატვარი დავით ჯალაღონია ნიუ-იორკში სწავლობს და მოღვაწეობს. მისი ნამუშევრები სახელოვნებო წრეებში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს და მხატვარს "ქართველ რემბრანდტს" უწოდებენ. მიღწეულ წარმატებებზე, დღევანდელობაზე და სამომავლო გეგმებზე დავით ჯალაღონია ნიუ-იორკიდან ვრცლად გვესაუბრა:

- თქვენი ნახატები ინტერნეტში ასეთი სათაურით ვრცელდება: "ქართველი რემბრანდტის ნამუშევრები" - რამდენად ეთანხმებით და მოგწონთ ეს შედარება?

- მსგავსი შეფასება ჩემთვის გარკვეულწილად საინტერესოა, რადგან რეალურად სხვადასხვა მხატვრების ზეგავლენას განვიცდი, რომლებიც ტრადიციულ ფერწერას ქმნიდნენ და ქმნიან... თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს მიმბაძველობას! ეს არის უფრო გამოცდილების გაზიარება ტექნიკურ ასპექტში, ვიდრე მიმბაძველობა, ვინაიდან ვთვლი, რომ ვარ მემკვიდრე ყველა იმ გენიალური არტისტის, რომლებმაც ფერწერის განვითარებაში წვლილი შეიტანეს და თავიანთი სათქმელი ჩემამდე მოიტანეს... როდესაც დამთვალიერებელი ყოველივე ამას აღიქვამს და ხედავს, ეს ნიშნავს, რომ ის ცდილობს დაინახოს "კავშირი", რაც გარკვეულწილად საინტერესოა. თუმცა მეორეს მხრივ რემბრანდტი ან ნებისმიერი სხვა არ შეიძლება იყოს შეფასების სტანდარტი... მხატვრობაში არ არსებობს უპირატესი! აქ სხვა შეფასების კრიტერიუმია, რომელიც სპორტული შეჯიბრის პრინციპს გამორიცხავს.

- ამბობენ, რომ თქვენი ხატვის მიმართულება განმაცვიფრებელია... კოლექციონერები და გალერეების წარმომადგენლები თქვენი ფერწერით ინტერესდებიან... გვიამბეთ რა გზა განვლეთ ნიუ-იორკამდე?

- ვსწავლობდი ი. ნიკოლაძის სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის მიმართულებით. სასწავლებლის დასრულების შემდეგ თბილისის სამხატვრო აკადემიაში გავაგრძელე სწავლა, არქიტექტურის ფაკულტეტზე. პარალელურად ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებით ვვითარდებოდი (იკონოგრაფია, ქანდაკება, კერამიკა, იუველირი, ხეზე კვეთა)... რაც შეეხება ბოლო პერიოდში განვითარებულ ჩემს აქტივობას, ვეცდები ნაკლებად პოეტური ვიყო და არ გადავაჭარბო იმ რეალობას, რომელიც განვითარდა ჩემს ცხოვრებაში...

2015 წელის ნოემბერში გარკვეული მიზეზების გამო ქალაქ ტულუზადან თბილისში დავბრუნდი. რამდენიმე თვეში აქტიური მუშაობა დავიწყე პორტფოლიოზე, რომელიც ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში უნდა გამეგზავნა. პარალელურად შემოსავლის მიზნით კერძო შემკვეთებზე ვმუშაობდი. სამუშაო სივრცე სახლში მქონდა, სადაც მუშაობა შეუძლებელი იყო და ამიტომ კულტურის სამინისტროს რამდენჯერმე დახმარებისთვის მივმართე. იმის ილუზია არ მქონდა, რომ დამეხმარებოდნენ, თუმცა მინდოდა, რომ ფაქტის წინაშე დამეყენებინა მთავრობა, რომელსაც არ ენაღვლება კულტურა და ხელოვნება.

რასაკვირველია, მათგან არანაირი დახმარება არა მიმიღია, ისე განვაგრძე საქმიანობა. ერთი წლის შემდეგ პორტფოლიო კვლავ განვაახლე და უკვე ორი წლის თავზე ნიუ იორკის სამხატვრო აკადემიაში ჩავირიცხე... ამ ხნის მანძილზე ბევრი რამ მოხდა, თუმცა ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს...

საქართველოს მთავრობამ არც პირველი წელი და არც მეორე შეგნებულად არ დამიფინანსა. დასაწყისში პირადი რესურსები გამოვიყენე, რომლითაც პირველი სემესტრის ხარჯები დავფარე. შემდეგ დახმარება საჯაროდ მოვითხოვე და ხალხი დამეხმარა. წლის ბოლოს კი ჩემი ნამუშევარი გაიყიდა და პირველი წლის ხარჯები ასე გადავიხადე. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დროს და ენერგიას, რომელსაც ფინანსური ხარჯების დასაფარად ვიყენებ, შემეძლო ჩემი ქვეყნის სასარგებლოდ გამომეყენებინა.

- ნიუ-იორკის ხელოვნების აკადემიაში განსაკუთრებული სტუდენტის სტატუსით ჩაირიცხეთ, მაგრამ როგორც გვიამბეთ დაფინანსებაზე სირთულეები საქართველოდან შეგხვდათ - როგორი პირობებში გიწევთ ახლა სწავლა და მოღვაწეობა?

- დიახ. კერძოდ, განათლების საერთაშორისო ცენტრმა ჩემს დაფინანსებასთან დაკავშირებით ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო. ისინი არა მარტო მე, არამედ სხვა ბევრ ნიჭიერ ახალგაზრდას აბრკოლებენ და ხელს უშლიან განათლების მიღებაში... რაც შეეხება ჩემს ახლანდელ მდგომარეობას, მაგისტრატურის მეორე კურსზე ვარ. ვაგრძელებ სწავლას და ვფიქრობ, ეს წელი ძალიან ნაყოფიერი იქნება ჩემთვის. მართალია წინ ჯერ კიდევ ბევრი ბარიერია გადასალახი, თუმცა ეს ყველაფერი ჩემთვის გამოწვევაა და არა - დაბრკოლება.

- სტივ ვილსონის ინიციატივით შეიქმნა სასტუმრო მუზეუმების ქსელი "21C", სადაც არტისტების ნამუშევრები წარდგენილია არა როგორც უბრალო დეკორაცია, არამედ როგორც ხელოვნების ნიმუშები... სტივ უილსონმა თქვენი ნამუშევარი the beginning (დასაწყისი) შეიძინა, რომელიც "21C"-ს ერთ-ერთ სასტუმროში განთავსდა... გვიამბეთ ამაზე უფრო ვრცლად...

- 2018 წლის 8 აპრილს ნიუ იორკის სამხატვრო აკადემიაში Tribeca Ball-ის ღონისძიებაზე გაიმართა. იქ ბევრ ცნობილ ადამიანთან ერთად მოწვეული იქნა სტივ უილსონი, რომელმაც ჩემი ნამუშევარი შეიძინა. ის სტუდიაში მესტუმრა, ჩვენ ვისაუბრეთ ნახატის იდეასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც მან ნამუშევრის შესყიდვა გადაწყვიტა. სწორედ ამ ნამუშევარის საფასურმა დაფარა დარჩენილი სწავლის გადასახადი... ზაფხულში სწავლის დასრულების შემდეგ ვიმუშავე პროექტზე, ეს იყო ინტერიერის დეკორაცია, რომელიც ჩემმა მეგობარმა შ. კიკაბიძემ მიპოვა, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი... დამკვეთს სამუშაოს დასრულებას 40 დღეში დავპირდით. 60% პროცენტი შესრულებული მქონდა, როდესაც ავარიაში მოვყევი და მარჯვენა ხელის მეოთხე თითზე მყესი გამიწყდა. ამიტომ პროექტის დასრულებაში შაკო და ორი დაქირავებული ასისტენტი მომეხმარა და 31 აგვისტოს პროექტი წარმატებით ჩავაბარეთ. სწორედ ამ პროექტმა მომცა სწავლის გაგრძელების საშუალება.(ნამუშევარი კონფიდენციალურია)

- გვიამბეთ თქვენს წარმატებებზე

- ჩემი პირველი წარმატება მხატვრობაში ალბათ იყო მაშინ, როდესაც 12 წლის ასაკში ორთვიანი გამოცდილების შემდეგ ჩემი პირველი აკადემიური ფერწერა შევასრულე. მიუხედავად იმისა, რომ მამაჩემი ფერმწერი გახლდათ, მანამდე საღებავებთან შეხება არასდროს მქონია. მას შემდეგ ძალიან ბევრი რამ მოხდა და შეიცვალა... ასევე საინტერესო ფაქტი იყო, როდესაც ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში პირველად მივედი. ეს იყო პრეზენტაციის დღე, მაშინ არავინ მიცნობდა, პრეზენტაციამ ჩაიარა, მე ჩემი ნამუშევრები წარვადგინე, სხვებმა - თავიანთი, ბევრი არავისთან მისაუბრია და სახლში დავბრუნდი...

მეორე დღეს აკადემიაში ჩემი სახელი ყველამ იცოდა, მთელი ერთი წლის მანძილზე დღეს ისე არ ჩაუვლია, რომ სტუდენტებისგან, მასწავლებლისგან, რექტორისგან, დირექტორისგან კომპლიმენტი არ მიმეღო. ვფიქრობ, ასე ყოველთვის არ ხდება. ჩემმა ნამუშევრება დიდი ყურადღება მიიქციეს, თუმცა სწავლის პერიოდში სრულიად განსხვავებული მიმართულებით წავედი ტექნიკური თვალსაზრისით, რამაც ჩემი შემოქმედების მიმართ კიდევ უფრო მეტი ინტერესი გამოიწვია... 15 ოქტომბერს ერთ-ერთი ჩემი ნამუშევარი რომელიც კონკურსის პირობებში შეირჩა Take Home a Nude ღონისძიებაზე წარსდგება, ეს არის ნიუ იორკში ერთ-ერთი ყველაზე დიდი არტ ივენთი, რომელიც ყოველ წელიწადში ერთხელ ტარდება.

- როგორია თქვენი სამომავლო გეგმა?

- ამ ეტაპზე ვგეგმავ განვითარებას როგორც საქართველოში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში. შემდეგი წლის ბოლოს სწავლის დასრულების შემდეგ თბილისში მინდა შევქმნა არტ სტუდია, სადაც მომეცემა საშუალება, ახალგაზრდებს სრულად გავუზიარო ჩემი გამოცდილება და შემოქმედებისათვის ჯანსაღი გარემო შევუქმნა. უკვე მაქვს გარკვეული პროგრამის მონახაზი, რომლითაც აღნიშნული არტ სივრცე იხელმძღვანელებს... თუმცა ვფიქრობ, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ