ავტორი:

"2 წელი ვცდილობდით, ამ დიდი ოჯახის წევრი გავმხდარიყავით" - ლევან კობიაშვილი საქართველოში Bocuse d’Or-ის შესარჩევი კონკურსის ჩატარების შესახებ

"2 წელი ვცდილობდით, ამ დიდი ოჯახის წევრი გავმხდარიყავით" - ლევან კობიაშვილი საქართველოში Bocuse d’Or-ის შესარჩევი კონკურსის ჩატარების შესახებ

2019 წლის 2 და 3 ნოემბერს პირველად საქართველოში, Expo Georgia-ს მეთერთმეტე პავილიონში, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული გასტრონომიული ჩემპიონატის Bocuse d’Or-ის ეროვნული შესარჩევი კონკურსი ჩატარდება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით Bocuse d’Or Georgia-ს პრეზიდენტს ლევან კობიაშვილს ვესაუბრეთ.

- რატომ არის მნიშვნელოვანი Bocuse d’Or ქართული გასტრონომიული სფეროსთვის და ზოგადად ქვეყნისთვის?

- Bocuse d’Or არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გასტრონომიული ჩემპიონატი მთელ მსოფლიოში, რომელიც ახალგაზრდების პროფესიულ ზრდას უწყობს ხელს. მზარეულობისთვის მასშტაბური პლატფორმაა, სადაც ტექნიკის დახვეწაზე მუშაობენ, დიდ პრაქტიკას გადიან და დარგში დახელოვნებას ახერხებენ.

რაც შეეხება იმ საკითხს თუ რა სარგებელს მოუტანს აღნიშნული კონკურსი ქვეყანას პასუხი შემდეგია - გასტრონომიული სფეროსა და ტურიზმის განვითარება. მსგავსი ტიპის მასშტაბური პროექტი ამ დრომდე საქართველოში არ ჩატარებულა.

- როგორ გახდა შესაძლებელი Bocuse d’Or-ში საქართველოს მონაწილეობა?

- ორი წლის განმავლობაში ვცდილობდით, რომ ამ დიდი ოჯახის წევრი გავმხდარიყავით, აღნიშნული პროექტში ჩართვა კი კვების დაწესებულების ბიზნეს საკონსულტაციო სააგენტოს - „გასტრონავტის“ დამსახურებაა.

როდესაც მონაწილეობა მივიღეთ მსოფლიოში ცნობილ კულინარიულ გამოფენაში - ”Sirha”, რომლის ფარგლებშიც ტარდება Bocuse D’or-ის ჩემპიონატის ფინალი, საქართველოს შესახებ, ფაქტობრივად, არავინ იცოდა და ყველასთვის გვიწევდა იმის ახსნა თუ ვინ და რა ტრადიციის მქონე ქვეყანა ვართ. მას შემდეგ რაც შეიტყეს, რომ პირველი ღვინის ქვეყანა ვართ, უძველესი გასტრონომიული თუ კულინარიული ისტორიით, დაგვპატიჟეს თავიანთ ოჯახში და დიდი პატივით მიგვიღეს.

- რა არის ის ძირითადი კრიტერიუმები რის მიხედვითაც 8 მონაწილე უნდა შეარჩიოთ ეროვნულ ჩემპიონატში?

- პირველ ყოვლისა აღვნიშნავ იმას, რომ აპლიკაციების მიღება დასრულდა, 9 ოქტომბერს ჩატარდა დახურული კონკურსი, სადაც გამოვლინდა 8 მონაწილე, რომლებიც ერთმანეთს შეეჯიბრებიან 2 და 3 ნოემბერს და იბრძოლებენ ევროპის კონტინენტურ ნახევარფინალში მოსახვედრად.

კერძის მომზადების დრო, ვიზუალი, კრეატიულობა ის ძირითადი მახასიათებლებია, რის მიხედვითაც კონკურსანტების შერჩევას ვახორციელებთ.

- როგორ ფიქრობთ საქართველო შეძლებს, რომ Bocuse d’Or-ის საერთაშორისო კონკურსზე წარმატებით იასპარეზოს?

- შემდგომ ეტაპზე, რომელიც კონტინენტურ შეჯიბრს გულისხმობს, კონკურსში მონაწილეობას Bocuse d'Or-ის უკვე კარგად გამოცდილი და წამყვანი ქვეყნები იღებენ მონაწილეობას. სწორედ ამიტომ, პირველ ეტაპზე ჩვენი მოლოდინები და მიზნები მეტწილად მიმართულია მათგან მაქსიმალური გამოცდილებისა და პრაქტიკის მიღებისაკენ. დროთა განმავლობაში, პრაქტიკასთან ერთად კი ვფიქრობ, რომ საქართველო ნამდვილად შეძლებს სერიოზული კონკურენცია გაუწიოს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას.

იმის გათვალისწინებით, რომ მსგავსი ტიპის მასშტაბურ კონკურსში პირველად ვმონაწილეობთ, გვჭირდება ფინანსური მხარდაჭერაც, რათა ტრენერები ჩამოვიყვანოთ, რომლებიც შეძლებენ ჩვენი კონკურსანტები მოამზადონ და სხვადასხვა ტექნიკა შეასწავლონ. ჩვენს შეფ-მზარეულებს ნამდვილად აქვთ უნარი იმისათვის, რომ კერძი შემოქმედებითად მოამზადონ, უბრალოდ უფრო მეტი წვრთნა სჭირდებათ, ტრენერი სწორედ, რომ ამ მიზნის მისაღწევადაა აუცილებელი.

- 2 და 3 ნომბერს რას ნახავს Bocuse d’Or Georgia-ს ეროვნულ შესარჩევ ჩემპიონატზე მოსული აუდიტორია?

- პირველ ყოვლისა, აღვნიშნავ, რომ კონკურსზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, და არა მხოლოდ გასტრონმიული სფეროს წარმომადგენლებს. იმის გათვალისწინებით, რომ Bocuse d’Or ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჩემპიონატია მსოფლიოში, როგორც წესი, ნამდვილი სანახაობაა მაყურებლისთვის. გარდა ამისა, თითოეული ადამიანის მოსვლა ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისა და ქართველი კონკურსანტების გამხნევების წინაპირობაცაა.

ორი დღის განმავლობაში 3 წევრისგან დაკომპლექტებული 8 გუნდი ერთმანეთს შეეჯიბრება, გამოვავლენთ პირველ, მეორე და მესამე ადგილას გამარჯვებულებს. საუკეთესო სამეული კი ევროპის კონტინენტურ ნახევარფინალზე გაემგზავრება.

2 და 3 ნოემბერს „Bocuse d’Or Georgia“-ს ეროვნულ შესარჩევ კონკურსზე დასასწრებად შეგიძლიათ შეიძინოთ ბილეთები ონლაინ რეჟიმში.

ქართველი მხატვარი, რომლის ნახატების ფოტო, ან ვიდეო გადაღება შეუძლებელია

ღვინის გრანდიოზულ ზეიმამდე სულ უფრო ნაკლები დრო რჩება

“ქართული ღვინის ფესტივალის” გენერალური სპონსორი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი გახდა