ავტორი:

"გვარამიამ ძვირადღირებული "პორშე" მიიღო, ტელეკომპანიამ კი მნიშვნელოვნად იზარალა" - პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

"გვარამიამ ძვირადღირებული "პორშე" მიიღო, ტელეკომპანიამ კი მნიშვნელოვნად იზარალა" - პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ახალ ბრალდებასთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, 2019 წელს „პორშეს ცენტრთან“ ნიკა გვარამიას მიერ განხორციელებული „ბარტერით“ „ნიკა გვარამიამ და მისმა ოჯახმა, ფაქტობრივ საკუთრებაში მიიღო ძვირადღირებული ავტომობილი - ,,Porche Macan S”, ხოლო შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა განიცადა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი“.

გენერალური პროკურატურის განცხადებას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის 20 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე.

გამოძიების მსვლელობისას, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ბრალი წარედგინა „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების მიზნით და გამოყენების ფაქტებზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ასევე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება;

მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად გამოტანილია დადგენილება, რომლითაც ნიკა გვარამიას დამატებით ბრალი ედება საწარმოში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

ნიკა გვარამიას მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის თებერვალში შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა „პორშეს ცენტრში“ მისი და მისი ოჯახის პირადი სარგებლობისთვის შეარჩია 76 700 ევროდ ღირებული ახალი ავტომობილი ,,Porche Macan S”, რომლის შეძენის მიზნით, ნიკა გვარამიამ მისი ნდობით აღჭურვილი პირის - ზ.გ-ს მეშვეობით, ავტომანქანის მფლობელი საწარმოს ხელმძღვანელებს, ტელეკომპანიის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ შესთავაზა, რომ ავტომობილის შეძენას განახორციელებდა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში მათი სარეკლამო რგოლების განთავსების ღირებულების სანაცვლოდ. ასევე, ნიკა გვარამიასა და მისი ოჯახის წევრებისთვის ავტომანქანის წინასწარ სარგებლობაში გადაცემისა და ე.წ. „ბარტერზე“ დათანხმების მიზნით, ხსენებულ კომპანიას დამატებით შესთავაზა როგორც ავტომობილის ღირებულების სანაცვლოდ გასაშვები სარეკლამო რგოლების, ასევე სამომავლოდ მათი სხვა სარეკლამო რგოლების ტელეკომპანია რუსთავი 2-ის საეთერო დროში შეღავათიან/დაბალ ფასად განთავსება, სარეკლამო სააგენტო შპს ,,პროესკო მედიას“ მეშვეობით.

შეთანხმებისამებრ, 2019 წლის 27 თებერვალს, ,,პორშეს ცენტრსა“ და შპს ,,პროესკო მედიას“ შორის, გაფორმდა ავტომანქანა ,,Porche Macan S”-ის ნასყიდობის ხელშეკრულება ღირებულებით - 76 700 ევრო, რომლის საფუძველზეც ავტომანქანა ნიკა გვარამიასა და მისი ოჯახის ფაქტობრივ საკუთრებაში გადავიდა, ხოლო ფორმალურ მესაკუთრედ შპს ,,პროესკო მედია“ დაფიქსირდა. იმავე დღეს, ,,პორშეს ცენტრსა“ და შპს ,,პროესკო მედიას“ შორის, გაფორმდა სარეკლამო მომსახურებაზე ხელშეკრულება, ღირებულებით - 76 700 ევრო, რომლის ფარგლებშიც, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში რეკლამის განთავსება შეთანხმებისამებრ ხდებოდა შეღავათიან/დაბალ ფასად.

მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის მფლობელი საწარმო ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სრულად უხდიდა კონტრაქტორ საწარმოს - შპს ,,პროესკო მედიას“ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარეკლამო ღირებულებას, კომპანია, შეთანხმებისამებრ, მნიშვნელოვნად ამცირებდა რუსთავი 2-ში, ზემოაღნიშნული კომპანიის შესაბამისი ბრენდის, რეკლამის განთავსების სანაცვლოდ გადასახდელ თანხებს, რითაც მნიშვნელოვანი ზიანი ადგებოდა ტელეკომპანიას.

ზემოაღნიშნული ქმედებებით, ნიკა გვარამიამ და მისმა ოჯახმა, ფაქტობრივ საკუთრებაში მიიღო ძვირადღირებული ავტომობილი - ,,Porche Macan S”, ხოლო შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა განიცადა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

ნიკა გვარამიას, ბრალდების შესახებ დადგენილება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარედგინა“, - აღნიშნულია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურაში შესვლამდე და ახალი ბრალდების გაცნობამდე ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ეს მის წინააღმდეგ კიდევ ერთი ბრალდებაა, თუმცა მისთვის ცნობილი არ იყო, რას ედავებოდნენ.

„სულ ვფიქრობ, რომ ძველი თანამდებობრივი დანაშაულები ხომ არ არის, მაგრამ აშკარად სხვა მუხლია - 220-ეა. გადავწყვიტე ტყუილად აქ სიარულს, სჯობს ძაღლი გამოვასეირნო ხოლმე, ამისთვისაც ვერ ვიცლი და აწი სულ ძაღლით მოვალ. ვერ ვაკადრებ ედგარს იმას, რომ შევიყვანო და მას მოვასმენინო, იქნებ რამე გაიგოს. იქნებ ჩამოვიდე ედგარის მეშვეობით ევოლუციის კიბეზე ცოტა დაბლა და იქნებ მან უფრო კარგად გაარკვიოს რას გვედავებიან ადამიანები, რომელიც უდიპლომო და უტვინო პროკურორის შენობაში იგივენაირი პროკურორები და გამომძიებლები რომ იყვნენ, ეს არ არის გასაკვირი. მაგრამ მაინც გადავწყვიტე ედგარს შეურაცხყოფა არ მივაყენო და გარეთ დავტოვო“, - განაცხადა გვარამიამ.

როგორც გვარამია აცხადებს, ეს ბრალდება მის წინააღმდეგ წაყენებულია იმიტომ, რომ „ბიძინა ივანიშვილმა მოწინააღმდეგეები გაანეიტრალოს“.

„მე ერთ-ერთი მათგანი ვარ“, - განაცხადა გვარამიამ.

"გოგონას კორპუსთან დახვდა და კომუნიკაციის დამყარებას შეეცადა..." - პროკურატურა ვახო ჭუმბურიძის შვილის საქმეზე ბრალდებულისთვის პატიმრობას ითხოვს

გუდაურში გარდაცვლილი 12 წლის სალომე ტატიშვილის საქმე - ბრალდებულის ექსტრადირება 4 წლის შემდეგ განხორციელდა

ვახო ჭუმბურიძის ქალიშვილის მიმართ ადევნებისა და მუქარის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარედგინა