ავტორი:

"ბედნიერებაა, როდესაც უმღერი და ემსახურები შენს ქვეყანას" - გაიცანით "ჩოხოსანი" პოლიციელი კახეთიდან, რომელიც ტაძარში გალობს

"ბედნიერებაა, როდესაც უმღერი და ემსახურები შენს ქვეყანას" - გაიცანით "ჩოხოსანი" პოლიციელი კახეთიდან, რომელიც ტაძარში გალობს

27 წლის ოთო ნატროშვილი 5 წელია გურჯანის პოლიციის სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელია. პარალელურად ანსამბლ "ხარებაში" მღერის და ტაძარში გალობს. როგორც ამბობს, რთული პროფესიისა და დატვირთული რეჟიმის მიუხედავად ქართულ ტრადიციულ სიმღერას მის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. როგორ უთავსებს ორ საპასუხისმგებლო საქმეს ერთმანეთს, ამის შესახებ ახალგაზრდა სამართალდამცველი AMBEBI.GE-ს ესაუბრა:

- ჩვენს ოჯახში თითქმის ყველა მღერის. ტრადიციების მოყვარულები ვართ და ძირითადად ქართულ ფოლკლორულ სიმღერებს ვმღერით. 10 წლის ვიყავი, როდესაც ჩემი მონაცემებით სერიოზულად დავინტერესდი და მუსიკალურ სტუდიაში სიარული დავიწყე.

ვფიქრობ ის, რაც ჩვენი ქვეყნის ტრადიციაა, უნდა შევინარჩუნოთ. შეიძლება ყველაფერი ძველებური ინტერპრეტაციით ვერ მივიტანოთ მსმენელამდე, მაგრამ უნდა ვცადოთ მაინც. სწორედ ამიტომ აღვადგინეთ "ხარება, რომელიც 10 წევრისგან შემდგარი ანსმაბლია. სოლისტი მე ვარ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის დაქვემდებარებაში ვართ, თუმცა ვმღერით, როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის მასშტაბით. თუ დრო გამოვნახეთ საზღვარგარეთაც გავდივართ. რამდენიმე მსოფლიო ფესტივალის გამარჯვებულებიც ვართ.

- როგორც ვიცით, პატრიარქის ჩოხოსანთა საზოგადოების წევრი ხართ და ასევე გალობთ ტაძარში....

- ჩვენი ანსამბლის ყველა წევრი პატრიარქის ჩოხოსანია. რაც შეეხება გალობას, დროის უქონლობის გამო ხშირად ვეღარ ვახერხებ. უფრო საუფლო დღესასწაულზე ვგალობ.

- პოლიციაში წასვლა რამ გადაგაწყვეტინათ?

- შეიძლება ითქვას, რომ მომღერლობაც და პოლიციელობაც ჩემი ოცნება იყო. ბავშვობიდან მინდოდა, სამართალდამცველი ვყოფლიყავი. მახსოვს, ბავშვობაში მეზობელმა პოლიციელის ქუდი მაჩუქა და სულ იმ ქუდით დავდიოდი, პოლიციელობა იმდენად მინდოდა. თავიდან დაცვის პოლიციაში დავიწყე მუშაობდა და შემდეგ უკვე კრიმინალურ პოლიციაში წამოვედი.

თამამად ვამბობ, იმას ვაკეთებ, რაც სულ მინდოდა. ერთი, უმღერო შენს ქვეყანას, ხალხს და მეორე - იდგე შენი ქვეყნის სამსახურში. ორივე საქმე ქვეყნის ინტერებს იცავს. იცით, რამხელა სიამოვნებაა, როდესაც სცენაზე დგახარ, მღერი და პარალელურად შენი მსმენელი უსაფრთხოებაზე ფიქრობ.

ქართული სიმღერა, მრავალხმიანობა ჩვენი ტრადიციების განუყოფელი ნაწილია. ქართულ ტრადიციებში, სიმღერის მერე ყველაზე მეტად რაც მიყვარს, ჩვენი სტუმართ-მასპინძლობა და ქართული სუფრაა. ჩემი ყველაზე დიდი სურვილია მძღოლებს გააზრებული ჰქონდეთ, ის საფრთხე, რაც ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვას მოჰყვება. ხშირად მიფიქრია, რამდენი ახალგაზრდა ეწირება ჩვენ გზებზე წამიერ შეცდომას და გაუაზრებელ ქმედებას, თუნდაც საჭესთან სიმთვრალით გამოწვეულს. ერთ რამეს ვნატრობ - არასოდეს მინდა მივიდე გამოძახებაზე, სადაც ასეთი გაუაზრებელი მოქმედების მსხვერპლი დამხვდება. როგორც იცით, ჩვენმა სამინისტრომ ამ მიმართულებით კამპანია დაიწყო და დარწმუნებული ვარ, შედეგი იქნება.

- საკმაოდ საპასუხისმგებლო სამსახური გაქვთ, როგორ უთავსებთ სიმღერას მას?

- როგორც გითხარით, ორივე ჩემი მიზანი იყო და ვფიქრობ მიზანს ნაწილობრივ მივაღწიე. ჯერ კიდევ სწავლის რეჟიმში ვარ. მინდა ორივე მიმართულებით სიახლეები მქონდეს. მართალია ადვილი არ არის, მაგრამ ვახერხებ. თუ კონცერტები სამუშაო პერიოდს დაემთხვა, ხელს მიწყობენ, რომ არ გამოვაკლდე და ვიმღერო. ყოფილა შემთხვევები, როდესაც 2-3 ღამე არ მიძინია... კონცერტიდან პოლიციის ფორმა ჩამიცვამს და მიმორიგევია ან პირიქით. თუმცა მომწონს, ეს ჩემი არჩევანია, რომლითაც ვამაყობ.

- გარდა იმისა, რომ თქვენი პროფესია დასაფასებელი და სამაყოა, მას ბევრიხიფათი ახლავს თან...

- რა თქმა უნდა დღე-ღამის განვალობაში ბევრ ადამიანთან გვიწვეს ურთიერთობა. არის შემთხვევები, როდესაც ვითარების მოზიარე ხდები. განსაკუთრებით ეს ხდება ავარიების დროს, ადამიანებს შველა სჭირდებათ და უძლური ხარ. გთხოვენ შვილი გადამირჩინე, ოჯახის წევრი გადამირჩინე, მაგრამ იცი, რომ საშველი აღარ არის. ამ დროს ადამიანურ გრძნობებთან გამკლავება ყველაზე რთულია. ზოგადად, გამოძახებაზე მისულს რა დაგხვდება, არ იცი, მაგრამ ჩვენც ხომ იმისთვის ვართ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ხალხს დახმარება აღმოვუჩინოთ და როგორც შეგვიძლია ვემსახუროთ ქვეყანას.

განათლების მინისტრად კვლავ მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

"პროექტში მონაწილეობის მიღება სპონტანურად გადავწყვიტე..." - რატომ მივიდა ნათია სუხაშვილი "მასტერშეფში" და ვის მიიჩნევს მთავარ კონკურენტად