ავტორი:

სოფელი აფხაზეთში, სადაც  რამდენიმე ქრისტიანი წმინდანი აწამეს - "კომანში სასწაულმოქმედი წყარო დღემდე ამოდის"

სოფელი აფხაზეთში, სადაც  რამდენიმე ქრისტიანი წმინდანი აწამეს - "კომანში სასწაულმოქმედი წყარო დღემდე ამოდის"

კომანი აფხაზეთის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელია, სოხუმიდან ასე, 30 კილომეტრში, რომელსაც მდინარე გუმისთა ჩამოუდის და გარშემო მთები აკრავს. კომანს წმინდა ადგილს უწოდებენ, რადგანაც იქაურობას ქრისტიანობისთვის თავდადებული და წამებული არაერთი ადამიანის ცხოვრება უკავშირდება.

კომანში აწამეს წმიდა მოწამე ვასილისკო, იმ ადგილას, როგორც ქრისტიანები ამბობენ, დღესაც ამოდის სასწაულმოქმედი წყარო. იქვე აღესრულა კონსტანტინოპოლის დიდი მღვდელმთავარი წმიდა იოანე ოქროპირი. კომანის მიუვალ მთებში მესამედ გადამალეს წმიდა დიდებულის, წინამორბედის და ნათლისმცემელის იოანეს თავი.

ეს წმინდა ადგილები ცოტა ხნის წინ სოხუმიდან დევნილმა ქალბატონმა, ექიმმა-რეპროდუქტოლოგმა მანანა მგალობლიშვილმა 26 წლის შემდეგ პირველად მოინახულა, რაზეც გვიამბო კიდეც. ამასთან, ამ თემით ჩვენც დავინტერესდით.

იოანე ოქროპირი

კომანის ტაძარში წმინდა იოანე ოქროპირის სარკოფაგის შეხებისას, როგორც მორწმუნეები ამბობენ, სნეულნი იკუნებოდნენ.

იოანე ოქროპირი 407 წელს აფხაზეთში აღესრულა. მას დედოფალ ევდოქსიასგან ბიჭვინთაში გადასახლება ჰქონდა მისჯილი, მაგრამ ნაწამებმა მღვდელმთავარმა იქამდე ვერ მიაღწია და კომანში გარდაიცვალა.

436 წელს იმპერატორმა თეოდოსიმ კონსტანტინოპოლში წმინდა იოანეს ნეშტის გადასვენება გადაწყვიტა, თუმცა მისი უხრწნელი სხეულის კუბოდან ამოსვენება ვერ შეძლეს. მაშინ თეოდოსიმ წერილი გაუგზავნა წმინდა იოანეს - თავისი მშობლების უსამართლობის გამო შენდობას სთხოვდა. წერილი გულზე რომ დაადეს, წმინდანის სხეული უკვე დაჰყვათ და ახალ კუბოში გადაასვენეს. ძველი ქვის სარკოფაგი იქვე დარჩა და სწორედ ამ სარკოფაგის შეხებისას იკურნებოდნენ სნეულნი. იოანე ოქროპირის გარდაცვალების დღე 27 სექტემბერია.

წმინდა ვასილისკო

როგორც „წმინდანთა ცხოვრება“ მოგვითხრობს, წმიდა მოწამე ვასილისკო წმიდა დიდმოწამე თეოდორე ტირონის ძმისშვილი იყო და იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის დროს ძმებთან, ევტროპისა და კლეონიკესთან ერთად აღესრულა ქრისტესთვის. წმიდა მოწამენი კლეონიკე და ევტროპი ჯვარზე გააკრეს, მოწამე ვასილისკო კი კომანში გადაასახლეს. საპყრობილეში მყოფ წმიდა ვასილისკოს უფალმა დახმარება აღუთქვა და აუწყა, რომ მოწამეობრივად აღესრულებოდა.

კომანში წმიდანმა დილეგის დარაჯებს სთხოვა, მშობლიურ სოფელში ოჯახთან გამოსამშვიდობებლად გაეშვათ. დარაჯებმა, რომლებიც პატივს სცემდნენ წმიდანს მის მიერ აღსრულებული სასწაულებისა და სათნო ცხოვრებისთვის, თხოვნა შეუსრულეს.

როცა აგრიპამ ეს ამბავი გაიგო, განრისხდა და მკაცრად დასაჯა დარაჯები. მაგისტროსის მეთაურობით წმიდანის მოსაყვანად ჯარისკაცების რაზმი გაგზავნა. საპყრობილეში დაბრუნებულ ვასილისკოს მძიმე ბორკილები დაადეს, ფეხზე კი ლურსმნებგაჩრილი რკინის ჩექმები ჩააცვეს და კომანში გაგზავნეს.

პაპანაქებისაგან შეწუხებული მგზავრები ერთ სახლში შევიდნენ დასასვენებლად, მშიერ-მწყურვალი წმიდა მოწამე კი მცხუნვარე მზის ქვეშ ხეზე მიაბეს. მძიმე ბორკილებით შეჭურვილი წმიდანი მხურვალედ ევედრებოდა უფალს. მოულოდნელად ზეციდან გაისმა ხმა: „ნუ გეშინინ, მე შენთანა ვარ“. მიწა იძრა, კლდე გაიპო და წყარომ ამოხეთქა. მიწისძვრით შეშინებული მაგისტროსი, ჯარისკაცები და ოჯახის დიასახლისი ტროიანა გარეთ გამოცვივდნენ და მომხდარი სასწაულით განცვიფრებულებმა წმიდა მოწამე გაათავისუფლეს. ვასილისკოსთან სოფლის მცხოვრებლები მოდიოდნენ და კურნებას იღებდნენ.

ბოლოს მოწამე მმართველ აგრიპას მიჰგვარეს. მან კერპების თაყვანისცემა მოსთხოვა ვასილისკოს. მოწამემ უპასუხა: „მე ყოველ ჟამს ვწირავ უფალს სადიდებელ და სამადლობელ მსხვერპლს“. წმიდანი სამსხვერპლოსთან მიიყვანეს. მოულოდნელად ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა, სამსხვერპლო დაწვა, კერპები კი მტვრად აქცია. აგრიპას ბრძანებით წმიდანს თავი მოჰკვეთეს, გვამი კი მდინარეში გადააგდეს. წმიდა ვასილისკო აღესრულა 308 წელს. ქრისტიანებმა გამოისყიდეს მისი წმიდა ნაწილები და პატივით დაფლეს, სადაც წმიდა ვასილისკოს სახელობის ტაძარი გაშენდა. კომანში გადმოსახლებულ წმიდა იოანე ოქროპირს სიკვდილის წინ წმიდა ვასილისკო გამოეცხადა და აუწყა: „ხვალ ჩემთან იქნები“. წმიდა მოწამე ვასილისკოს მოღვაწეობა ხალხს მისი წამების თვითმხილველმა, წმიდა ევსეღნიმ აცნობა.

კაბადოკიასა და პონტოში რამდენიმე დაბა იყო, რომელსაც კომანს ეძახდნენ. წმინდა ვასილისკო აფხაზეთის კომანში აწამეს. როდესაც წმინდანისთვის საფლავს თხრიდნენ, ქრისტიანებს წყალი მოსწყურდათ, წმინდა ვასილისკოს შესთხოვეს და იქვე წყარომ ამოხეთქა, რომელსაც ასევე კურნების მადლი მიეცა.

იური ანუა

კომუნისტების დროს წმინდა ვასილისკოს წყაროს ადგილას საკალმახე მეურნეობისთვის რეზერვუარი აუშენებიათ, მაგრამ თევზები ეხოცებოდათ, რეზერვუარი ტალახით ივსებოდა. ისე ყარდა იქაურობა, სუნი მთელ კომანს აწუხებდა. წყარო და მიმდებარე ტერიტორია 80-იან წლებში გაასუფთავა იური ანუამ, მანვე აღადგინა წმინდა იოანე ოქროპირის ტაძარი V საუკუნისა, სადაც 1990 წელს გადაიტანეს იოანე ოქროპირის ქვის სარკოფაგი. კომანის მთებში, იოანე ნათლისმცემლის თავის მესამედ პოვნის ადგილას მისასვლელად ხალხს გზა რომ გაადვილებოდა, 1500-საფეხურიანი რკინის კიბე აღმართა. ასევე ჰქონდა განზრახული წყაროზე ბაზილიკის ტიპის ეკლესიის აშენება, წმინდა ილია წინასწარმეტყველისა და წმინდა ვასილისკოს საფლავთან ტაძრები აღადგინა. ის 1993 წლის 5 ივლისს, აფხაზეთის ომის დროს, სეპარატისტებმა ქართველების სიყვარულისთვის წმინდა ვასილისკოს წყაროსთან 24 საათის განმავლობაში აწამეს, სცემეს, ტყვიებით დაუხვრიტეს ფეხები, ბოლოს ფეხებით დაკიდეს და მოკლეს...

მამა ანდრია

კომანის წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის ეკლესიის წინამღვრი იყო მამა ანდრია (პაატა ყურაშვილი). აფხაზეთის ომის დროს, როდესაც ქართველების მასობრივი გენოციდი დაიწყო, მამა ანდრია ღმრთის სიტყვის ქადაგებით ადამიანების რწმენაში განმტკიცებას ცდილობდა. ასევე ცდილობდა, ყველაფერში ადრეული საუკუნეების მამებისთვის მიებაძა და მათი ღირსეული მემკვიდრე გამხდარიყო.

როდესაც კომანში მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდებოდა, ცეცხლი არ წყდებოდა, იყვნენ დაჭრილები და დაღუპულები, ერთ-ერთი დაბომბვისას იური ანუას სახლიც დაიწვა, ოჯახი ღია ცის ქვეშ აღმოჩნდა, თუმცა ისინი გარშემო ყველას ანუგეშებდნენ და ამშვიდებდნენ.

მამა ანდრიას მხოლოდ ერთი რამ აწუხებდა. მტრის შემოჭრის შემთხვევაში, სიკვდილს ღირსეულად შეხვედროდა... 1993 წლის 5 ივლისს მტერმა სოფელი ალყაში მოაქცია.

ცოტა ხნის შემდეგ მამა ანდრიაც გაიყვანეს ტაძრიდან. ის სრული მორჩილებით და შინაგანი ლოცვით შეხვდა ყველაფერს. დაემორჩილა თავის ხვედრს და გმირულად შეხვდა მოწამეობრივ სიკვდილს. მუხლებზე დაჩოქილს კისერში ესროლეს, ის ზურგით დაეცა, თავი არ მოუდრიკა მკვლელებსო, - თვითმხილველები ყვებიან.

მათივე თქმით, მტერმა ყველაფრის წაბილწვა დაიწყო. გადააბრუნეს წმიდა იოანე ოქროპირის სარკოფაგი. განძს ეძებდნენ...

მეორე დილით მოსკოვიდან ბრძანების დეპეშა მოსულა - „წმიდა იოანე ოქროპირის ტაძარი მსოფლიო მნიშვნელობისაა. არც ტაძარი და არც მისი საკუთრება არ უნდა დაზიანდეს. გააძლიერეთ დაცვა. ტაძრის მსახურთ ხელი არ ახლოთ“. ეკლესიას სასწრაფოდ დაცვა დაუყენეს.

7 ივლისს, წმიდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღესასწაულზე, კომანის მიწას მამა ანდრიას სხეული მიაბარეს, დაკრძალეს ეკლესიასთან ახლოს. საფლავზე ხის ჯვარი აღმართეს.

ამ საფლავს და ამ ტაძარს ახლა რუსი სასულიერო პირები უვლიან, მამა ანდრიას საფლავს წარწერა, როგორც მანანა მგალობლიშვილმა გვითხრა, დღემდე არ აქვს, თუმცა თავად საფლავი მოვლილია.

"ქართული მხარე განაგრძობს ისეთი ქმედებების განხორციელებას, რომელიც ზრდის დაძაბულობას" - ე.წ. სამხრეთ ოსეთის "უშიშროების კომიტეტი"

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ერიკ დრულევი თავისუფალია

აფხაზეთში შექმნილ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერ შტაბს სომხები შეუერთდნენ