ავტორი:

22-23 ნოემბერს მუსიკის ფორუმი გაიმართება "დღემდე არ მჯერა, რომ მოხერხდა ამ პროფესიონალების თბილისში შეკრება"

22-23 ნოემბერს მუსიკის ფორუმი გაიმართება "დღემდე არ მჯერა, რომ მოხერხდა ამ პროფესიონალების თბილისში შეკრება"

საქართველოში პირველად, 22 და 23 ნოემბერს თბილისში მუსიკის ფორუმი გაიმართება. ფორუმის ფარგლებში თბილისს ევროპის მუსიკალურ წრეებში სახელგანთქმული პროფესიონალები ეწვევიან. ღონისძიების მიზანს საქართველოში მუსიკის ინდუსტრიის განვითარება და საერთაშორისო ბაზარზე გასვლა წარმოადგენს.

ფორუმი ტარდება პრომოუტერების, საკონცერტო სივრცეების მენეჯერების, მუსიკოსების, არტისტ მენეჯერების, პროდიუსერების, ფესტივალების ორგანიზატორებისა და მუსიკის ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანებისათვის. ქართველი და უცხოელი სპიკერები ერთად განიხილავენ მუსიკალური ინდუსტრიის თანამედროვე სტანდარტებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარს, გამოწვევებსა და მიღწევებს.

მუსიკალური ფორუმი სტარტს 22 ნოემბერს, "ქორთიარდ მარიოტში" ექსპერტთა დახურული სამუშაო შეხვედრით აიღებს.

23 ნოემბერს, საპანელო დისკუსიები Expo Georgia-ს III პავილიონში განახლდება, რომელზე დასწრებასაც ონლაინ რეგისტრაციის გავლის შემდეგ ნებისმიერი მსურველი შეძლებს. ამ დღის მთავარი თემები იქნება არტისტის შემოქმედებისა და აუდიტორიის განვითარება, ტურიზმი და ფესტივალები, კულტურული გაცვლის შესაძლებლობები და ფორმატები, მუსიკის ექსპორტი.

საღამოს 8 საათიდან ფორუმის შოუქეისი და კონცერტი ჯაზ კლუბ Singer-სა და "ფაბრიკაში" გაიმართება.

ღონისძიების სპიკერები იქნებიან:

ბილ ბრაგინი - აბუ-დაბიში NYU-ს ხელოვნების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი და globalFESTის თანადამფუძნებელი. New York Times ბრაგინს საშემსრულებლო მუსიკალური ბიზნესის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურას უწოდებს. ასევე, რულ ვანჰუკი – BOZAR-ის (ხელოვნების ცნობილი ცენტრი ბრიუსელში) მუსიკალური პროგრამების დირექტორი. ფრანჩესკა ჩერეტანი – ევროპის ჯაზ გაერთიანების კოორდინატორი.

მუსიკის ფორუმი ტარდება თბილისის მერიის და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით.

ღონისძიების შესახებ კავკაზ ჯაზის დამფუძნებელი და მუსიკის ფორუმის ორგანიზატორი, ელენე მეჩითოვა გვესაუბრება:

- როგორ გაჩნდა თბილისში მუსიკის ფორუმის ჩატარების იდეა?

- ბოლო წლებში ხშირად მიწვევენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პროფესიულ ღონისძიებებზე. ბევრ საერთაშორისო სახელოვნებო ღონისძიებაზე თითქმის პირველი ვარ, ვისაც საქართველოს სახელი გააქვს მსოფლიო მუსიკალურ წრეებში.

რამდენიმე წლის წინ კი, საშემსრულებლო ხელოვნების კონგრესისის სამგზის სტიპენდიანტი გავხდი. სამი წლის განმავლობაში ვესწრებოდი მსოფლიოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სახელოვნებო კრებას (New York ISPA CONGRESS), სადაც მქონდა საშუალება კონტაქტები დამემყარებინა კოლეგებთან.

ეს კონგრესი და შემდგომ ევროპული ჯაზის კონფერენცია გახდა ჩემი ინსპირაციის წყარო. აქიდან დაიბადა იდეა, რომ საქართველოშიც ჩაგვეტარებინა მსგავსი ღონისძიება. ამ გამოცდილებამ სრულიად შეცვალა ჩემი ხედვა ბევრ საკითხზე, არამარტო ხელოვნებაში. იქ მივხვდი, რომ ხელოვნება ბევრად მეტია, ვიდრე ჩვენ გვგონია.

- ვინ არიან ის მუსიკოსები და სპიკერები, რომლებიც ფორუმის ფარგლებში ეწვევიან საქართველოს?

- ჩვენ ტრადიციებს არ ვარღვევთ და რეგიონულ მუსიკოსებს ვეპატიჟებით აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და თურქეთიდან. როგორც ცნობილი, ასევე ახალბედა მუსიკოსებიც მიიღებენ მონაწილეობას ფორუმში.

აღსანიშნავია, რომ ფორუმისთვის საგანგებოდ ჩამოგვყავს საშემსრულებლო სფეროს, კერძოდ მუსიკის მენეჯმენტის სექტორში წამყვანი გლობალური ლიდერები. ამ ადამიანებს უჭირავთ ხელი პულსზე და გვაოცებენ თავისი პროექტებით და სიახლეებით.

მათ შორის არიან: ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი ჯაზ ფესტივალის „ბოჰემია ჯაზ ფესტივალის“ დირექტორი; ბრიუსელის სახელოვნებო ცენტრის BOZAR-ის მუსიკალური დეპარტამენტის დირექტორი; აბუდაბის, ნიუ იორკის უნივერსიტეტის დირექტორი და აშშ-ში არსებული globalFest-ის დამფუძნებელი; მუსიკალური ექსპორტის ოფისის წარმომადგენელი უკრაინიდან; მუსიკის სფეროს ცნობილ და გავლენიან სპიკერებს შორის არიან ქართველი მუსიკოსები და მოდერატორები. დღემდე არ მჯერა, რომ მოხერხდა ამ პროფესიონალების თბილისში შეკრება.

- როგორი ფორმატი ექნება და სად ჩატარდება ფორუმი?

- ეს არის ორდღიანი, შედეგზე ორიენტირებული ღონისძიება. პირველ დღეს, 22 ნოემბერს გვექნება დახურული სესია მხოლოდ ესპქერტებთან, სადაც უნდა გამოიკვეთოს ის საჭირო თემები და გამოწვევები, რომლებიც წარმოდგენილია და ნაცნობია მთელი რეგიონისთვის.

ამ რეზიუმეს ბაზაზე გაიხსნება 23 ნოემრის ფორუმი, რომელსაც ექნება საჯარო დისკუსიების და დებატების ფორმატი, პარალელური სამუშაო ჯგუფები განიხილავენ ისეთ თემებს, როგორებიცაა ტურიზმი და ფესტივალები, საერთაშორისო კულტურული გაცვლა და მუსიკალური ექსპორტი. საღამოს საათებში კი სამხრეთ კავკასიის მუსიკოსების მიერ ჩატარდება შოუქეისი და მუსიკალური წარმოდგენები ჯაზ კლუბ „ზინგერში“.

- რით იქნება ფორუმი გამორჩეული ქართველი მუსიკოსებისთვის?

- პირველ რიგში, ჩვენ სერიოზულ და პროფესიულ დონეზე პირველად ვიწყებთ ამ ფორმატში მუშაობას. ასეთი ტიპის კრება არ ჩატარებულა ამ სფეროში. მუსიკოსები და მუსიკის სფეროში მომუშავე ადამიანები გაიგებენ თუ რა ხდება სხვა ქვეყნებში, გავიგებთ თუ რა ბიზნეს მოდელებს იყენებენ, რა არის დღეს ტრენდული, მნიშვნელოვანი და რა მიზნები უნდა დავსახოთ, რომ წარმატებას მივაღწიოთ. რაც მთავარია, ეს არის უნიკალური საშუალება კომუნიკაციისა და ნეთვორქინგის იმ ადამიაებთან, რომლებთანაც წვდომა ჩვეულებრივ რეჟიმში ძალზედ რთულია.

- ვისაუბროთ "კავკაზ ჯაზ ფესტივალის" შესახებ, მოგვიყევით როდიდან იღებს სტარტს აღნიშნული პროექტი და რა გამოწვევების წინაშე დაგაყენათ მან?

- წელს, "კავკაზ ჯაზ ფესტივალი" 10 წლის გახდა. თავდაპირველად, ჩვენ დავიწყეთ მშვიდობის პლატფორმა კავკასიელ ხალხთა შორის, კულტურული დიალოგის განმტკიცებისთვის. ნელ-ნელა ვაფართოვებდით ჩვენი მოღვაწეობის არეალს.ყოველთვის ვფოკუსირდებოდით ახალგაზრდა მუსიკოსებზე. გვქონდა არაჩვეულებრივი საერთაშორისო თანამშრომლობები ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან, მუსიკოსები გაგვყავდა უცხოეთში.

გამოწვევები იყო და არის ბევრი, დაწყებული ფინანსებით დამთავრებული პროფესიონალი ადამიანური რესურსების ნაკლებობით. საკონცერტო სივრცეების ნაკლებობა, რომლებიც ტექნიკურადაც უზრუნველყოფილნი იქნებოდნენ. თანამშრომობა და ღიაობა დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ინფორმაციის, გამოწვევების ურთიერთგაცვლა მხოლოდ მოგვეხმარება კოსნოლიდაციაში და მათ მოგვარებაში.

ავტორი: თეკლე ჯანელიძე

როგორ ხედავენ სამყაროს შშმ ადამიანები  -  ზაქარია ჭელიძის მორიგი უნიკალური ფოტოპროექტი

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები