ავტორი:

ქალების ხელფასი ბიზნეს სექტორში, კაცების ხელფასზე 577 ლარით ნაკლებია - დასაქმებისა და ანაზღაურების უახლესი სტატისტიკა

ქალების ხელფასი ბიზნეს სექტორში, კაცების ხელფასზე 577 ლარით ნაკლებია - დასაქმებისა და ანაზღაურების უახლესი სტატისტიკა

“საქსტატის” მონაცემებით, 2019 წლის III კვარტალში ქალების საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 979.8 ლარია, რაც 577 ლარით ნაკლებია კაცების საშუალო ხელფასზე, რომელიც 1557.2 ლარს შეადგენს.

“საქსტატი” საწარმოთა საქმიანობის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, 2019 წლის III კვარტალში დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 64%-ს მცირე და საშუალო ბიზნესი ასაქმებს. კერძოდ, 36.3 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.2 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 41.5 პროცენტი - მცირე ბიზნესზე.

დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 696.0 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4.6 პროცენტით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40.9 პროცენტი ქალია, ხოლო 59.1 პროცენტი - კაცი.

დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 652.2 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 3.9 პროცენტით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 2 632.6 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.9 პროცენტით მეტი). 2019 წლის III კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 316.2 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 129.5 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 979.8 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 87.2 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1 281.1 ლარი, საშუალო ბიზნესი – 1 463.6 ლარი, მცირე ბიზნესი – 1 260.2 ლარი.

ამასთან, 2019 წლის III კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და მშენებლობის დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 26.2 პროცენტი, 12.9 პროცენტი და 10.3 პროცენტიანი წილებით). თუმცა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების (10.3 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.1 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (5.8 პროცენტი).

"შეთანხმებას მივაღწიეთ" - კახა კალაძის კომენტარი იმის შესახებ, გაძვირდება თუ არა "მარშრუტკებით" მგზავრობა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა - ფინანსისტის შეფასება

"საპენსიო სააგენტოს" დირექტორი პოსტს ტოვებს -  "ვილოცებ საპენსიო რეფორმის წარმატებით გაგრძელებისთვის"