ავტორი:

"ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ნიკალა ყველაზე ახლობელია ჩემთვის" - გაიცანით თვითნასწავლი მხატვარი ფიროსმანის სოფლიდან

"ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ნიკალა ყველაზე ახლობელია ჩემთვის" - გაიცანით თვითნასწავლი მხატვარი ფიროსმანის სოფლიდან

თვითნასწავლი მხატვარი, გამორჩეულად ნიჭიერი ბელა ლობჟანიძე მირზაანში დაიბადა და გაიზარდა. მასზე ყველაზე დიდი გავლენა ნიკო ფიროსმანის შემოქმედებამ იქონია, რომლის სახლ-მუზეუმსაც მთელი ბავშვობა სტუმრობდა... ამჯერად იგი გალერეა-კაფეს პროექტზე მუშაობს, რომელიც მისი დის ინიციატივით და ევროკავშირის დაფინანსებით მისავე სახლში, მირზაანში ხორციელდება. იქ ჩასულ სტუმრებს საშუალება ექნებათ, ბელა ლობჟანიძის და სხვა მხატვრების ნამუშევრები დაათვალიერონ. ასევე მიირთვან ქართული ტრადიციული კერძები. გარდა ამისა გეგმაში აქვს კერძო სამხატვრო სკოლის გახსნა, რომელიც ადგილობრივად მცხოვრები ბავშვების ხატვაში მომზადებისთვის იქნება განკუთვნილი.

ბელა ლობჟანიძე თავის შემოქმედებაზე, დღევანდელობასა და სამომავლო გეგმებზე მირზაანიდან გვესაუბრა:

- რამდენი წლის იყავი, როდესაც ხატვა დაიწყე?

- ხატვისადმი ინტერესი ცხოვრების პირველივე წლებიდან შემამჩნიეს, 3-4 წლის ასაკში უკვე ვაკეთებდი პატარა ბავშვურ ჩანახატებს. ძალიან მიყვარდა ფანქრებით და ფუნჯებით თამაში, ამიტომ დაბადების დღეებზე ხან ფლომასტერებს, ფუნჯებს, საღებავებს და ხანაც ფერად ფანქრებს მჩუქნიდნენ... საწყის წლებში დიდი გავლენა იქონია დედამ, რომელიც ყოველთვის მაგულიანებდა და სტიმულს მაძლევდა, რომ რამე დამეხატა.

პირველი პროფესიონალური ნაბიჯები 20 წლის ასაკში გადავდგი. ქართულის წიგნში ვნახე პრომეთეს ნახატი, რომლის დახატვაც ძალიან მომინდა. დავიდე ტილო და გადავხატე. ძალიან ლამაზი გამომივიდა და ეს გახდა სტიმული რომ შემდგომში კიდევ უფრო მეტი ნახატი შემექმნა. მას შემდეგ დავიწყე ჩემი ფანტაზიით სხვადასხვა ნახატების შექმნა. განსაკუთრებით მიყვარდა ისტორიული და რელიგიური თემები.

- ნიკო ფიროსმანის სოფლიდან ხართ, რაც უკვე დიდი პასუხისმგებლობაა... გვიამბეთ, რამდენად დიდი გავლენა მოახდინა უდიდესი მხატვრის შემოქმედებამ თქვენზე?

- ჩემს შემოქმედებაზე ძალიან დიდი გავლენა ნიკო ფიროსმანის ნახატებმა იქონია. ბავშვობაში ხშირად დავდიოდი მის სახლ- მუზეუმში და ვათვალიერებდი მის ნახატებს, შემეძლო საათობით დავკვირვებოდი მათ და ეს საერთოდ არ მღლიდა... პირიქით, ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. რაც შეეხება ჩემს ნახატებს, შემიძლია ფიროსმანის პორტრეტები უსასრულოდ ვხატო, რადგან ეს პროცესი ისეთ ბედნიერებას მანიჭებს და ისეთ ამაღლებულ განწყობაზე მაყენებს, რომ ამის აღწერა სიტყვიერად შეუძლებელია. ძალიან მიყვარს ნიკალა და ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ყველაზე ახლობელი ადამიანია ჩემთვის. დღესდღეისობით ნიკალას უკვე ოთხი პორტრეტი მაქვს შექმნილი და დარწმუნებული ვარ, რომ ცხოვრების მანძილზე მის კიდევ ბევრ პორტრეტს შევქმნი, სხვადასხვა კუთხით...

- თქვენი ნახატებით უკვე არაერთი წიგნია გაფორმებული...

- ჩემი ნახატებით გაფორმებულია 6 წიგნი... ძირითადად ესენია ლექსების კრებულები! არის მოთხრობების წიგნიც, სამომავლოდ ჩემი ნახატებით იგეგმება საბავშვო ლექსების კრებულის გაფორმება. ძალიან მიყვარს ისტორიული თემები და ისტორიული ფიგურების ხატვა ისე. ჩემს შემოქმედებაში დიდი ადგილი სწორედ ისტორიულ თემატიკას უკავია. დახატული მყავს სხვადასხვა ისტორიული პირები, რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს საქართველოს გაძლიერებაში. მაგალითად ილია ჭავჭავაძე, გიორგი ჭყონდიდელი, დავით აღმაშენებელი, შოთა რუსთაველი, გიორგი სააკაძე და სხვები... ზოგადად ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანია გამოჩენილი ისტორიული ფიგურების ნახატებში გადმოცემა, რადგან მსურს რომ ის გმირები რომლებმაც საქართველო დღემდე მოიყვანეს ისე გადმოვცე როგორც ჩემს წარმოსახვაში არიან.

- გამოფენებს ხშირად აწყობთ?

- გამოფენები ბევრი არ მქონია, სულ ოთხი გამოფენა მქონდა. სხვადასხვა დროს გამართული მაქვს პერსონალური გამოფენები საჯარო ბიბლიოთეკაში, სამების სააქტო დარბაზში, ასევე ფიროსმანის სახლ-მუზეუმში. მინდა გითხრათ, რომ გამოფენების მოწყობაში დიდად აქტიური არ ვარ და რაც კი გამოფენა მქონია, ყველა ჩემი მეგობრების დაჟინებული თხოვნით ჩამიტარებია. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ყველა ჩემს მეგობარს, ვინც დამეხმარა ამ გამოფენების მოწყობაში. ბევრი ოფიციალური შემოთავაზებაც მქონია, თუმცა გარკვეული სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო უარი მითქვამს გამოფენის გამართვაზე. ხშირ შემთხვევაში გამოფენის მოწყობის სურვილი არ მქონია და ამიტომ მითქვამს უარი. გარდა ამისა დიდი ფორმატის ნახატების ტრანსპორტირებისთვის ცალკე სატვირთოა საჭირო (იცინის) ეს ხუმრობით... ისე, საბედნიეროდ, გამოფენებთან დაკავშირებით შემოთავაზებები მაქვს როგორც თბილისში, ასევე საზღვარგარეთ ჩასატარებლად. რა თქმა უნდა, ყველა წინადადებას ვერ დავთანხმდები, თუმცა ჩემთვის საინტერესო შემოთავაზებები მაქვს და კიდევ ბევრი საინტერესო გამოფენის მოწყობას ვაპირებ. ვნახოთ, მომავალი გვიჩვენებს.

- ამჯერად სად მოღვაწეობთ?

- ამჯერად ვმუშაობ გალერეა-კაფეს პროექტზე, რომელიც ჩემი დის ინიციატივით და ევროკავშირის დაფინანსებით, ჩემს სახლში - მირზაანში ხორციელდება. ჩამომსვლელ სტუმრებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ ჩემი და სხვა მხატვრების ნამუშრვრები. ასევე მიირთვან ქართული ტრადიციული კერძები. გარდა ამისა გეგმაში მაქვს, კერძო სამხატვრო სკოლის გახსნა, რომელიც ადგილობრივად მცხოვრები ბავშვების ხატვაში მომზადებისთვის იქნება განკუთვნილი. პარალელურ რეჟიმში რა თქმა უნდა ვაგრძელებ აქტიურ სამხატვრო მოღვაწეობას, ვიღებ შეკვეთებსაც და ვხატავ საკუთარ ტილოებსაც. ამ ეტაპზე რამდენიმე დიდ ტილოზე ვმუშაობ.

- რამდენად ხელსაყრელი პირობებია დღეს მხატვრისთვის საქართველოში?

- საქართველოში სამხატვრო სფეროში, ისევე როგორც სხვა ბევრ სფეროში დიდად სახარბიელო მდგომარეობა არ გვაქვს. იმისთვის რომ მხატვარმა წარმატებას მიაღწიოს, დიდი მნიშვნელობა ენიჭება აქტიურობას ამ სფეროს ყველა მიმართულებით, თუმა მაქსიმალური აქტიურობის შემთხვევაშიც კი მხატვარი ვითარდება გარკვეულ დონემდე და უფრო წინ წასვლა უჭირს. რა თქმა უნდა ფინანსური მხარდაჭერის გარეშე ამ სფეროში ფეხის მოკიდება რთულია... აღსანიშნავია ისიც, რომ ფინანსები ხშირად ნიჭიერებას გადაწონის ხოლმე. თუმცა უნდა ითქვას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ნიჭიერება არ ფასდება - ადამიანების სიყვარულის და პატივისცემის მოპოვება მაინც ყოველთვის შესაძლებელია. მიმაჩნია, რომ მხატვრისთვის ყველაზე დიდი მიღწევა და წარმატება სწორედაც რომ ადამიანების მხრიდან გამოვლენილი სიყვარული, დაფასება და პატივისცემაა. პირადად მე ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობ ამ პატივისცემას და სიყვარულს. თუნდაც ჩემი მეგობრების მხრიდან გაწეული დახმარების სახით! ასევე ზოგადად სხვადასხვა ჩემთვის უცხო ადამიანების მხრიდანაც, რომლებიც ხშირად მწერენ და უბრალოდ გამოხატავენ თავიანთ მოწონებას და თბილ დამოკიდებულებას ჩემს მიმართ. ჩემთვის ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა. აქვე მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ყველა ჩემს მეგობარს და იმ ადამიანს, რომელიც ოდესმე დამხმარებია წინსვლაში და წარმატების მიღწევაში.

ჩემი ყველაზე დიდი სურვილი და სამომავლო გეგმაა, რომ დავეხმარო მომავალ თაობას! განსაკუთრებით ჩემს სოფელში მცხოვრებ ბავშვებს, რომლებიც ძალიან მონდომებულები არიან მხატვრობა შეისწავლონ. ვიმედოვნებ, რომ ჩემს მიერ გახსნილი სკოლა ამ საქმეში ძალიან დამეხმარება. ასევე გეგმაში მაქვს მოვაწყო გამოფენები თბილისში, გავაცნო ჩემი ნამუშევრები ფართო საზოგადოებას - პირველ რიგში საქართველოში, შემდგომ ეტაპზე კი მსურს ჩემი ნახატების საზღვარგარეთ გატანაც. იმედი მაქვს, ჩემი გეგმების განხორციელებას წარმატებით მოვახერხებ.

"2015 წლის შემდეგ, ორი ივლიტა გაჩნდა ჩვენს ოჯახში..." - რას ყვება ტრაგედიიდან ხუთი წლის შემდეგ, 13 ივნისს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის მამა

გიორგი გახარია მზიურის გახსნაზე ცოლ-შვილთან ერთად მივიდა

მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი დაქორწინდა - ვინ არის სპორტსმენის რჩეული