ავტორი:

"საქართველოში ამ ვირუსის გავრცელების რისკი მინიმალურია, მაგრამ მაინც არის" - ამირან გამყრელიძის რეკომენდაციები ახალ კორონავირუსზე

"საქართველოში ამ ვირუსის გავრცელების რისკი მინიმალურია, მაგრამ მაინც არის" - ამირან გამყრელიძის რეკომენდაციები ახალ კორონავირუსზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ მსოფლიოში ახალი კორონავირუსის ეპიდსიტუაციის მიმდინარეობისა და დაავადებასთან დაკავშირებით მოსახლეობისთვის რეკომენდაციების შესახებ ისაუბრა.

დაავადება ჩინეთში, ქალაქ ვუჰანში გაჩნდა და ამიტომ ამირან გამყრელიძემ სწორედ მოსახლეობის იმ ნაწილისთვის რეკომენდაციებზე ისაუბრა, რომელიც ვუჰანში მიემგზავრება ან იქ უკვე იმოგზაურა. მისი თქმით, აღნიშნული რეკომენდაციები ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრიდანაა აღებული.

„ვინც მიდის ქალაქ ვუჰანში (ხაზს ვუსვამ, არა ყველა ჩინეთში წამსვლელისთვის):

  • მოერიდეთ ავადმყოფ ადამიანებთან კონტაქტს, ცხოველებთან კონტაქტს, ცხოველთა ბაზრებსა და ფერმებს, ცხოველურ პროდუქტებს, თერმულად არასაკმარისად დამუშავებულ ხორცს;
  • ხშირად დაიბანეთ ხელები საპნით და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, მათზე ხელმისაწვდომობის არქონის შემთხვევაში გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სადიზენფექციო საშუალებები;
  • ხანშიშესულმა და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მოგზაურებმა ვუჰანში გამგზავრებით შესაძლოა, მეტი რისკი შეუქნან თავიანთ ჯანმრთელობას. ხოლო, თუ უკვე იმოგზაურეთ ვუჰანში და გაქვთ მაღალი ტემპერატურა, ხველა ან სუნთქვის გაძნელება, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებს, აცნობეთ ექიმს მოგზაურობისა და სიმპტომების შესახებ;
  • მოერიდეთ სხვა ადამიანებთან კონტაქტს, არ იმოგზაუროთ ავადმყოფობის პერიოდში, დაიფარეთ პირისა და ცხვირის მიდამო ცხვირსახოცით, ტანსაცმლის სახელოს ნუ გამოიყენებთ ცემინების და ხველების დროს;
  • სამედიცინო დაწესებულებებში საჭიროა გაძლიერდეს ინფექციის კონტროლის სტანდარტული ღონისძიებები, განსაკუთრებით საავადმყოფოებსა და გადაუდებელი დახმარების განყოფილებებში;

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ატიპიური პნევმონიის არავითარი სპეციფიკური მკურნალობა არ არის და აღნიშნული დაავადება სიმპტომურია, სიმძიმის მიხედვით. ასევე გამყრელიძის თქმით, მასთან მიმართებაში ჩვენი ექიმები, ინფექციონისტები კარგად არიან გათვიცნობიერებულები.

მან ისაუბრა მსოფლიოში ახალი კორონავირუსის ეპიდსიტუაციის მიმდინარეობის შესახებ და აღნიშნა, რომ ის ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში, ქალაქ ვუჰანში გაჩნდა და აღინიშნება 31 დეკემბრიდან.

„დღევანდელი ინფორმაციით, ოფიციალური მონაცემებით (ხაზს ვუსვამ, რადგან ვოპერირებთ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ევროპის დაავადებათ კონტროლის ცენტრის მონცემებით) დაფიქსირებულია დაახლოებით 300-მდე შემთხვევა და აქედან 6 იყო ლეტალური. დაავადება აღინიშნა ვუჰანის ნაწილში, სადაც თევზეულით მოვაჭრეთა ნაწილია განთავსებული. დღევანდელი რიცხვით შემთხვევები ექსპორტირებულია უკვე რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის: ტაილანდში, იაპონიაში, სამხრეთ კორეასა და აშშ-ში. დადგინდა ასევე, რომ ხდება გადაცემა ადამიანიდან ადამიანზე და ძირითადი კლინიკური გამოხატულება ამ ვირუსის მიერ გამოწვეული დაავადებისა არის ანალოგი ნებისმიერი რესპირატორული ინფექციით გამოწვეული დაავადების - ხველა, თავის ტკივილი, ცხელება და სუნთქვის გაძნელება. ამას გარდა, მიმდინარეობს ხშირად გართულებით, როგორიც ფილტვების ანთებაა. დღევანდელი მაჩვენებლით სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 2%-ია, 300-იდან 6-ში იყო ლეტალური“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ლეტალური მაჩვენებელი 50 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფშია და თითქმის ყველა შემთხვევაში ადგილი აქვს თანმდევ მძიმე ქრონიკულ დაავადებას.

როგორც გაყრელიძემ აღნიშნა, დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში იქნება საგანგებო კომიტეტის სხდომა, სადაც გაანალიზდება არსებული მონაცემები და კომიტეტი მიიღებს რეკომენდაციებს ქვეყნებისადმი.

„რაიმე სახის მოგზაურობებზე ამ ქვეყნებში ან ქვეყნებიდან, არც სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით დღეს არ არსებობს არავითარი აკრძალვა, გარდა ჩრდილოეთ კორეისა. დღევანდელ სხდომაზე ალბათ ბევრი სხვა რეკომენდაციები გაჟღერდება. ალბათ, ხვალ გვეცოდინება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები, რომელსაც გაგიზიარებთ. ყურადსაღებია აუცილებლად ეს დაავადება, დიდი იმედი გვაქვს, რომ სწრაფად მოხდება კუპირება. თუმცა მზადყოფნა გლობალურადაც და ჩვენს ქვეყანაშიც უნდა იყოს. ჩვენ გვაქვს უკვე შიდა კონსულტაციები და შიდა სამუშაო გეგმა, თუ რა უნდა განხორციელდეს, რა უნდა გააკეთოს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და რა უნდა გაკეთდეს მთლიანად ქვეყანაში. ხვალ, 10 საათზე, სამინისტროში დანიშნულია თათბირი მინისტრთან და სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, სადაც წარვდგებით ჩვენი წინადადებებით და სამინისტროს სტრუქტურებთან ერთად იქნება კოორდინირებული მუშაობა და პასუხი, გადავწყვეტთ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ. საქართველო შორსაა ამ პროვინციისგან და არაა პირდაპირი ფრენები. იქ, სადაც პირდაპირი ფრენებია, დღეს უკვე მიიღება შესაბამისი ზომები აეროპორტებში, ძირითადად, საინფორმაციო, ჩვენც ალბათ ხვალ გადავწყვეტთ და შესაბამის ზომევს დავგეგმავთ.

ჩვენ ვხელმძღვანელობთ ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ე.წ. ალგორითმით, რომელიც მოიცავს მწვანე, ყვითელ და წითელ ზონებს. ჯერჯერობით ვართ მწვანე ზონაში, ანუ, რისკი მინიმალურია, მაგრამ თეორიულად მაინც არის. დაახლოებით ვიცით რამდენი ჩინელი და ჩინეთის მოქალაქე შემოდის საქართველოში, გვყავს მუშახელი, დასაქმებული სხვადასხვა დიდ მშენებლობაზე. ამ და ყველა სხვა საკითხზე შიდა კონსულტაციები მიმდინარეობს და გეგმის მონახაზი ხვალ სამინისტროში შეთანხმების შემდეგ გახდება ცნობილი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამერიკელი მეცნიერების ვარაუდით, წითურას ვაქცინას შეუძლია ადამიანი კორონავირუსისგან დაიცვას - რას ამბობენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში ვირუსზე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის გამო, გლობალურ საგანგებო მდგომარეობას აცხადებს - რა განმარტებას აკეთებენ საქართველოში

LIVE "ნიუსრუმიდან": ელის თუ არა საქართველოს საფრთხე კორონავირუსის გამო? - ინფექციონისტის რეკომენდაციები