ავტორი:

მკვლელობა თუ თვითმკვლელობა? - ბურუსით მოცული საქმე, რომელშიც სავარაუდოდ, პოლიციელები ფიგურირებენ

მკვლელობა თუ თვითმკვლელობა? - ბურუსით მოცული საქმე, რომელშიც სავარაუდოდ, პოლიციელები ფიგურირებენ

სამი წელია ზურაბ ხუციშვილის გარდაცვალების საქმე ბურუსით არის მოცული. 2016 წლის შემდეგ, გამოძიებამ ჯერ ვერ გასცა პასუხი მთავარ კითხვას - რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის სიკვდილის მიზეზი?

ხუციშვილი გარდაცვალებამდე წლების განმავლობაში ოჯახთან ერთად საფრანგეთში ცხოვრობდა და პერიოდულად ჩამოდიოდა საქართველოში. 2016 წლის პირველ აგვისტოს, ღამის 2 საათზე იგი საკუთარი ავტომობილით სოფელ გლდანიდან თბილისის აეროპორტისკენ მიდიოდა, რათა დედასა და ძმას დახვედროდა. სავარაუდოდ, სიჩქარის გადაჭარბების გამო, ხუციშვილს საპატრულო ეკიპაჟი დაედევნა და გაჩერება მოსთხოვა. ეს აღბეჭდეს მტკვრის სანაპიროზე დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმა.

თუმცა, როგორც საქმის ადვოკატები აცხადებენ, კამერების ჩანაწერები დამონტაჟებულია და იქედან უმნიშვნელოვანესი ნაწილებია ამოჭრილი, რომლებიც ნათელს მოჰფენდა ხუციშვილის გარდაცვალების საქმეს. გამოძიების ვერსიით, ხუციშვილი არ დაემორჩილა პატრულის მოწოდებას, გააჩერა ავტომობილი და ფეხით გაიქცა მტკვრის მარჯვენა სანაპიროსკენ. პატრულის ორი თანამშრომელი მას ფეხდაფეხ, რამდენიმე მეტრის მოშორებით მისდევდა, თუმცა ვერ დაეწივნენ და ზურაბ ხუციშვილი მათ თვალწინ გაუჩინარდა.

შემთხვევიდან სამი დღის შემდეგ, მტკვარმა ხუციშვილის გვამი გამორიყა. გარდაცვალების მიზეზად ექსპერტიზამ ასფიქსია დაადგინა. ცხედარზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაში ნათქვამია, რომ გარდაცვლილს სხეულზე სიცოცხლეში მიყენებული დაზიანებები აღენიშნებოდა, მათ შორის მუხლებზე, წვივებზე და თავის არეში. დადგინდა ისიც, რომ ეს დაზიანებები სიკვდილის მიზეზი არ შეიძლებოდა გამხდარიყო.

ოჯახის წევრები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ. გარდაცვლილის დედის ნაამბობის მიხედვით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი ხუციშვილის დაკავება, იცოდნენ მისი გადაადგილების მარშრუტი და მისთვის ნარკოტიკის ჩადებას აპირებდნენ. ხუციშვილის მიმართ ძალოვანების ასეთ დაინტერესებას, მანანა ელიბაშვილი იმით ხსნის, რომ მათ ირგვლივ ყველას მიაჩნდა, თითქოს ზურა ძალიან მდიდარი იყო და სურდათ მისთვის თანხის გამოძალვა.

გარდაცვლილის დედა ტრაგიკული ღამის დეტალებს აღწერს და იმ საეჭვო გარემოებებზე მიუთითებს, რაც მისი თქმით, სამართალდამცველთა ბრალეულობაზე მეტყველებს.

"ბელიაშვილის ქუჩაზე "ფორდის" მაღაზიის მიმდებარედ ჩემი შვილი ვეღარ იმორჩილებს მანქანას, აჩერებს და მტკვრის მიმართულებით გარბის. მას ორი წამის ინტერვალით მოსდევს პატრულ-ინსპექტორი გ.კ. და ოთხი წამის ინტერვალით მისი მეწყვილე მ. ხ. ოთხ წუთში ადგილზე გროვდება შვიდი საპატრულო ეკიპაჟი და მათი ჩვენებით, მათ თითქოს ვერ დაინახეს სად წავიდა ჩემი შვილი.

ცნობისთვის, იქ 200 კვ.მ მინდორია და იქეთ მტკვარია. ფიზიკურად ვერ შეძლებდა ზურა ვერსად წასვლას, მხოლოდ ერთი ვარიანტი რჩებოდა - მტკვარში გადავარდნა, რაშიც დაეხმარნენ პატრულის თანამშრომელები. დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოში ყველა მტკიცებულება გააქრეს და შეგნებულად არ გამოითხოვეს ყველა იმ კამერის ჩანაწერი, სადაც გამოჩნდებოდა, რა მოხდა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე და რამ აიძულა ჩემი შვილი მიმართულება შეეცვალა.

1-ელი აგვისტოს ღამით, მაღაზიის სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებში ხუციშვილი ჩანს

დაკითხვისას გ. კ-მ აღნიშნა, რომ სამი მეტრის მოშორებით მისდევდა ჩემს შვილს და საით გაიქცა ვერ დაინახა, ასევე ამბობს, რომ ჩემი შვილის გადავარდნისა და დაცემის ხმა ვერ გაიგო. მტკვარი რომ იყო იქ, ისიც არ სცოდნიათ. საინტერესოა, ასეთებს რა უნდათ საპატრულო პოლიციაში?! ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, თუ რამდენად შეეძლოთ პატრულებს დაენახათ ჩემი შვილი, რომელსაც უკან მისდევდნენ 3-5 მეტრის დაშორებით, მაშინ როდესაც ეს მინდორი განათებული იყო. აშკარად გამოჩნდა, რომ ისინი იტყუებოდნენ, რომ თითქოს ვერ დაინახეს საით წავიდა ჩემი შვილი" - ამბობს შვილმკვდარი დედა.

ადვოკატი ლია ხუციშვილი, რომელიც გარდაცვლილის ოჯახის ნათესავიცაა, საქმესთან დაკავშირებით თბილისის პროკურორისა და ყოფილი გენერალური პროკურორის (შალვა თადუმაძე) საეჭვო კომუნიკაციაზე საუბრობს:

"ბოლო წელიწადნახევარია საქმეს ერთი ფურცელიც არ დამატებია, ამბობენ ვიძიებთო. საქმეში ჩართულია სახალხო დამცველი, წერს წერილებს პროკურატურას და იქედან იღებს სტანდარტულ პასუხს - "მიმდინარეობს გამოძიება".

ეს საქმე არის ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე თეთრად შეკერილი საქმე. გამოძიება თითქმის დასრულებულია, სავარაუდო დამნაშავეები გამოკვეთილები არიან, მაგრამ არ ხდება ბრალის წაყენება. მივმართავ ქალაქის პროკურორს, ყოფილ გენერალურ პროკურორს, ნუ მიგვიყვანენ იქამდე, რომ გავახმაუროთ მათი კომუნიკაცია ამ საქმესთან დაკავშირებით. მათ კარგად იციან რაზეცაა საუბარი!

მივმართავ პრემიერს, შს მინისტრს, რომელმაც ეს საქმე კარგად იცის: გჭირდებათ პოლიციის რიგებში ისეთი პატრულ-ინსპექტორი, რომელიც ჩვენებაში ამბობს - თვალში ვერ ვიხედები, ყურში არ მესმის, თბილისში რომ მტკვარი იყო, არ ვიცოდიო?! გჭირდებათ ასეთი პატრულები?! ვითხოვთ მხოლოდ იმას, რომ დროულად წაუყენონ ბრალი ამ სამართალდამცველებს. უნდათ საქმის გაჭიანურება და ბოლოს ხანდაზმულობის გამო, თაროზე შემოდებენ“ - ამბობს ადვოკატი.

ოჯახის კიდევ ერთი ადვოკატის დავით გერმანოზაშვილის თქმით, საქმეში მაღალჩინოსნები არიან გარეულები და მათი დავალებით არ ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.

უფლებადამცველი აცხადებს რომ, არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ გამომძიებლების მიერ პროფესიულ საქმიანობაში ჩადენილ დანაშაულზე:

"ეს საქმე თავიდანვე არ იქნა გამოძიებული. არა არცოდნის, ან გულგრილი დამოკიდებულების გამო, არამედ შეგნებულად. პირადად ვესაუბრე გამომძიებელს და მივუთითე კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებებზე, მაგრამ მან ეს არ გააკეთა შეგნებულად. გარდაცვალების მიზეზი რომ დადგენილიყო, ეს არ იყო რთული. ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოიღეს ნაწილობრივ და ყველაზე მთავარი, ჩანაწერები, რომელიც ნათელს მოჰფენდა გარდაცვალების დეტალებს, სპეციალურად არ ამოუღიათ.

საქმეში არის უტყუარი მტკიცებულებები, რომლებითაც დგინდება გამომძიებლების შეგნებული დანაშაული პროფესიულ საქმიანობაში. გამოძიებამ გააკეთა ყველაფერი, რომ არ გახსნილიყო საქმე. იკვეთება როგორც გამომძიებლის, ისე პატრულ-ინსპექტორების დანაშაული. რას ითხოვს გარდაცვლილის დედა ისეთს, რომ ვერ გაკეთდეს? სამი წელია ითხოვს შვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენას. რადგან მალავენ, გამოდის რომ სისტემური დანაშაულია" - აცხადებს AMBEBI.GE-სთან დავით გერმანოზაშვილი.

ზურაბ ხუციშვილის გარდაცვალების საქმეში ჩაერთო "ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი". ორგანიზაციის ადვოკატის განცხადებით, საქმე კლასიკური მაგალითია იმისა, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს სისტემას იმ დანაშაულების გამოძიების მიმართ, სადაც სავარაუდოდ, სამართალდამცველთა ბრალეულობა იკვეთება:

"ეს არის გამოსაყოფი საქმე, მაგალითი იმისა, როგორ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და მუშაობა ისეთ დანაშაულებზე, სადაც ფიქსირდება ძალოვანების მიერ ჩადენილი, სავარაუდო დანაშაულის ფაქტები. საქმეზე არსებობს მტკიცებულებები, რაც ადასტურებს, რომ პოლიცია ხუციშვილს სდევნიდა, შვიდი ეკიპაჟია იდენტიფიცირებული, მაგრამ სამი წლის განმავლობაში არც ერთს არ წარდგენია ბრალი.

რამ გამოიწვია დევნის დაწყება და როგორ აღმოჩნდა მტკვრის ერთი სანაპიროდან მეორეზე უსაბურავო ავტომობილი? ელემენტარულ კითხვებსაც კი არ აქვს გაცემული პასუხები სამი წლის თავზე. სამართალდამცველები არ ახორციელებდნენ საგამოძიებო მოქმედებებს, ან იმდენად დაგვიანებით ახორციელებდნენ, უკვე ეფექტი არ ჰქონდა. საქმეში ფიგურირებენ საკმაოდ ცნობილი მაღალჩინოსნები, რის გამოც სავარაუდოდ ჭიანურდება გამოძიება" - აცხადებს ნესტან ლონდარიძე.

მესამე წელია პროკურატურა ამ საქმეს სისხლის სამართლის 115-ე მუხლით იძიებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რა ეტაპზეა გამოძიების პროცესი და იკვეთება თუ არა ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი - ამ კითხვებით AMBEBI.GE -მ პროკურატურას მიმართა, თუმცა პასუხი ჯერ არ მიგვიღია.

საქმის ადვოკატები "ადამიანის უფლებათა ცენტრის" დახმარებით ამზადებენ დოკუმენტებს სტრასბურგის სასამართლოში წარსადგენად, რადგან მიიჩნევენ, რომ საქართველოში გამოძიება შეგნებულად იბლოკება...

"მისი და ეჭვობს, რომ სხვაში აერიათ..." - რას ჰყვებიან თურქეთში მოკლული ქართველი ქალის ახლობლები

ლევან ხაბეიშვილზე ძალადობის ფაქტზე, თბილისის საკრებულოს სამ წევრს ბრალი წარედგინათ

რა კავშირი აქვს ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტ ვატო ყიფიანს ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადების საქმესთან?