ავტორი:

"ბუნიათიშვილს მამსგავსებენ, ხატიათიც მოუმართავთ" - გაიცანით "დიდი სცენის" კონკურსანტი, რომელსაც ცნობილი პიანისტის ორეულს უწოდებენ

"ბუნიათიშვილს მამსგავსებენ, ხატიათიც მოუმართავთ" - გაიცანით "დიდი სცენის" კონკურსანტი, რომელსაც ცნობილი პიანისტის ორეულს უწოდებენ

"ოჯახში ყველანი მელომანები არიან, მაგრამ პროფესიული კუთხით, მე მომღერალი ვარ" - გვეუბნება კონკურსანტი თიკო ღაჭავა მუსიკალური პროექტიდან "დიდი სცენა", რომელსაც ყველა მუსიკოს ხატია ბუნიათიშვილს ამსგავსებს.

"დავიბადე ქალაქ ზუგდიდში... ბებიამ 4-5 წლის ასაკში ჩემში მუსიკალური მონაცემები აღმოაჩინა და ადილობრივ სტუდია "რიბი-რაბოში" შემიყვანა. იმ ასაკიდან მოყოლებული, სცენიდან არ ჩამოვსულვარ, რადგანაც საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მუდმივად კონცერტებში, ფესტივალებსა და კონკურსებში ვმონაწილეობდი. ყველგან წარმატებული ვიყავი... მუსიკამ ჩემში იმდენი ქნა, რომ დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ჯაზ-ვოკალის მიმართულებით" - გვეუბნება თიკო, რომელიც ბავშვობიდან მოყოლებული, მუსიკის გარეშე ერთი დღეც არ ყოფილა.

"მუსიკით იმდენად მოცული ვარ, რომ ინსტრუმენტებზე დაკვრასაც ვცდილობ, დავეუფლე გიტარას, ახლა ფორტეპიანოს მიმართულებით ვდგამ პირველ ნაბიჯებს" - აღნიშნავს თიკო.

- რატომ მოხვედი პროექტში "დიდი სცენა"?

- როდესაც მცირე აუდიტორიის წინაშე გამოვდიოდი, ყოველთვის მქონდა სურვილი, რაღაც უფრო მასშტაბურისთვის მიმეღწია, დიდ სცენაზე ვმდგარიყავი, ჩემი ნამღერი ხალხს შეეფასებინა, ამის სხვადასხვა მცდელობაც მქონია, მაგრამ ეკრანზე გამოჩენა ჩემთვის მაინც პირველი იყო...

- "დიდმა სცენამ“ შენი მოლოდინი გაამართლა?

- კასტინგზე რომ მივედი, მეშინოდა, არც ისე პატარა ასაკი მაქვს, 23 წლის ვარ და არ მინდოდა, უარი მიმეღო და იქიდან ისე წამოვსულიყავი. ამისთვის წლები ვემზადებოდი და სურვილი მქონდა, ჩემი შრომა დაფასებულიყო. მთელი ძალისხმევა ჩავდე იმაში, რომ ჟიურის წევრებს პირველ ტურში მოვწონებოდი და მათთვის ჩემი თავი დამენახვებინა.

- დაანახე კიდეც და არა მარტო ჟიურის, მაყურებელსაც დაამახსოვრდი...

- ვცდილობ, ყოველი კვირის ჩემი ახალი სიმღერა რთულად შესასრულებელი, ჟანრობრივად, სტილისტურად, აბსოლუტურად განსხვავებული იყოს. მინდა, ყველაფერს შევეხო და მოვერგო. ჟიურის წევრების აზრი ჩემთვის უპირველესია. ჟიურის თითოეული წევრი მომწონს, რადგანაც ყველა ერთმანეთისგან განსხვავდება, მუსიკისადმი ყველას სხვადასხვა გემოვნება და დამოკიდებულება აქვს...

- როგორც ჩანს, მაქსიმალისტი ხარ, მიზანს ბოლომდე მიჰყვები. მგონი, არც იმას დამალავ, თქვა, რომ გამარჯვება გინდა...

- ამ ეტაპზე ვცდილობ, მაქსიმალური სიამოვნება მივიღო ჩემი ნამღერით და ხალხს მივაწვდინო ის ენერგია, რაც მაქვს. ჩემი მიზანია ფინალში ყოფნა, ოღონდ, დამსახურებულად.

- პროექტში სიმღერაზე მუშაობა რას განიჭებს?

- საოცრად მეგობრული გარემოა, კარგი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან პედაგოგებსა და მთლიანად ჯგუფს. ერთობლივად ვარჩევთ სიმღერებს, პედაგოგები კარგად გვიცნობენ, იციან ჩვენი მონაცემები და ვფიქრობ, ზუსტად ისეთ სიმღერებს გვაძლევენ, რაც ჩვენზეა მორგებული. რაც შეეხება კონკურსანტებთან ურთიერთობას, ვიტყვი, სხვა კონკურსებს თვალ-ყურს რომ ვადევნებდი, მიკვირდა, ასეთი მეგობრულები როგორ არიან-მეთქი, მაგრამ როცა უკვე თვითონ აღმოვჩნდი ამ სიტუაციაში, დავრწმუნდი, რომ ნამდვილად ასეა... ჩვენ შორის, უმთავრესი მეგობრობაა.

- როგორც კი "დიდ სცენაში" გამოჩნდი, ყველამ ხატია ბუნიათიშვილს მიგამსგავსა...

- სანამ პროექტში მივიდოდი, მანამდეც უთქვამთ, რომ ხატია ბუნიათიშვილს ვგავარ. თუმცა საჯაროდ ეს კომპლიმენტი უკვე "დიდი სცენის"“ კასტინგზე მითხრეს. არასდროს ცუდად არ მიმიღია, მოგეხსენებათ, ხატია წარმატებული და ნიჭიერი ადამიანია პროფესიაში, უხდება სცენას, ეკრანს და ჩემთვის ასეთი შედარება ნამდვილად სასიამოვნო კომპლიმენტია.

- ხომ არ იცნობ?

- სამწუხაროდ, არა, მაგრამ სიამოვნებით გავიცნობდი... ისე მხოლოდ კი არ მივუმსგავსებივარ, ხატიათიც მოუმართავთ... მაგრამ რომ გამიცნობენ, უკვე ხვდებიან, რომ მე სხვა ვარ, მკვეთრად განსხვავებული თვისებებით, ხასიათით, თან ფორტეპიანოს მიმართულებით პირველ ნაბიჯებს ახლა ვდგამ.

- პროექტის მიღმა რა გეგმები გაქვს?

- როგორც არ უნდა წარიმართოს ამ კონკურსში ჩემი ამბავი, ნამდვილად ვიცი, რომ მუსიკა ჩემი მომავალია, სხვა სფეროში ჩემს თავს ვერც ვხედავ.

- რას ეტყვი შენს გულშემატკივარს, მაყურებელს?

- ფაქტია, რომ მათ დიდ ყურადღებას, სითბოს ვგრძნობ, ისეთი უცხო ხალხი მირეკავს და მწერს, გაოცებული ვარ და აქვე ძალიან სასიამოვნოა. კომენტარებს რომ გადავხედე, ცუდი არაფერი შემხვედრია. ამისთვის დიდი მადლობა მათ!

რა დეტალები ხდება ცნობილი მაჩაბლის ქუჩაზე დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით

თბილისში, მაჩაბლის ქუჩაზე, ორი ადამიანი დაჭრეს

ამირან გამყრელიძე - ბოქსირებულ პალატებში 3 დამიანია დაკვირვების ქვეშ, რომელთა კლინიკური სურათი სრულად დამაკმაყოფილებელია