ავტორი:

"ღამის 4 საათზე მოვიდა პასუხი... საერთოდ ვეღარ დავიძინე" - ქართველი გოგონა პენსილვანიის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით მოხვდა

"ღამის 4 საათზე მოვიდა პასუხი... საერთოდ ვეღარ დავიძინე" - ქართველი გოგონა პენსილვანიის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით მოხვდა

კომაროვის ყოფილი მოსწავლე, 18 წლის თინათინ ქოქოშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ფილადელფიაში, პენსილვანიის უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით მოხვდა. პენსილვანიის უნივერსიტეტი ქართველ ახალგაზრდას სწავლას სრულად 4 წლის განმავლობაში სრულად დაუფინანსებს.

თინათინ ქოქოშვილი AMBEBI.GE-ს საკუთარი წარმატების შესახებ ესაუბრა:

- 2019 წლის ოქტომბერში პენსილვანიის უნივერსიტეტში აპლიკაცია ნაადრევ მიღებაზე გავგზავნე, დეკემბერში კი მომივიდა პასუხი, რომ სრული დაფინანსებით მიმიღეს, რომელიც წელიწადში დაახლოებით 73 000 დოლარს უტოლდება. გამოდის, რომ 4 წელიწადში ეს დაახლოებით 290 000 დოლარია. ვაპირებ, ვისწავლო ფიზიკაზე და ინჟინერიაზე, ალბათ, ამას მერე გადავწყვეტ. კომაროვის სკოლა 2019 წელს ოქროს მედალზე დავამთავრე. ყოველთვის მინდოდა, ამერიკულ უნივერსიტეტში ჩამებარებინა და რამდენიმე წელია, სკოლაში ფაქტობრივად, ამისთვის ვემზადებოდი...

მიუხედავად იმისა, რომ ეს ოცნებასავით მქონდა და თითქმის შეუძლებლად მეჩვენებოდა. არც ეროვნულ გამოცდებზე გავსულვარ, რადგან ეს მქონდა გეგმაში.

ნაადრევ მიღებაზე აპლიკაცია ოქტომბერში, მხოლოდ ერთ უნივერსიტეტში იგზავნება, ჩვეულებრივ მიღებაზე აპლიკაციის გაგზავნის ბოლო ვადა დეკემბერშია და ბევრ უნივერსიტეტშია საბუთების შეტანა შესაძლებელი. თუ ნაადრევად შეავსებ აპლიკაციას და იმ ერთ უნივერსიტეტში მიგიღებენ, უარს შემდგომ ვერ ეტყვი. არ ვიცოდი, სად გამეგზავნა, ასე რომ, ასეთი დონის უნივერსიტეტში საბუთების გაგზავნა გარკვეულწილად რისკი იყო.

საბოლოოდ, ეს უნივერსიტეტი იმიტომ ავირჩიე, რომ ძალიან მაღალი დონის განათლებას იძლევა, არაჩვეულებრივი პროფესორები ჰყავს, ხელს უწყობს სტუდენტებს განვითარებისა და დასაქმების კუთხით. აღსანიშნავია, რომ ნაადრევ მიღებაზე საქართველოდან წელს მხოლოდ მე მოვხვდი.

ასევე, ის Ivy league-ის სკოლაში შედის, რაც ნიშნავს, რომ ამერიკაში 7 საუკეთესო უნივერსიტეტია, სადაც მოხვედრა ყველაზე ძნელია, ვინაიდან კონკურენცია ძალიან მაღალია, მიღების რეიტინგი კი სხვა უნივერსიტეტებთან შედარებით საკმაოდ დაბალი.

ცხადია, საერთაშორისო სტუდენტებისთვის მოხვედრა კიდევ უფრო რთულია, რადგან დაფინანსება რთული მოსაპოვებელია და მაშინ, როდესაც ამერიკელებს სახელმწიფოსგანაც შეუძლიათ მისი მოპოვება, საერთაშორისო სტუდენტები მხოლოდ უნივერსიტეტის დაფინანსებაზე არიან დამოკიდებულნი. როგორც ვიცი, საქართველოდან პენსილვანიის უნივერსიტეტში მხოლოდ მე მოვხვდი.

ცხადია, ძალიან გამიხარდა, როდესაც დადებითი პასუხი მომივიდა - 16 დეკემბერი იყო, ღამის 4 საათი, ჯერ ხომ ძალიან ველოდებოდი და მერე საერთოდ ვეღარ დავიძინე.

- როგორ ფიქრობ, კიდევ რამ განაპირობა ის, რომ შეგარჩიეს?

- აქტიური ცხოვრება მქონდა... ბოლო წლებია, ყოველთვის ძალიან დაკავებული ცხოვრების სტილი მაქვს, ბევრ სხვადასხვა აქტივობაში ვიყავი ჩართული. ნიშნების გარდა, უნივერსიტეტში მოსახვედრად საჭირო იყო სხვადასხვა კლასგარეშე აქტივობა, ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება, მოხალისეობა, ლიდერობა, თუ გაგიმარჯვია რამე ოლიმპიადასა თუ ტურნირში... მე საერთაშორისო ახალგაზრდა ნატურალისტთა ტურნირზე (IYNT) ორჯერ ვიყავი და ორივეჯერ ბრინჯაოს მედალი მოვიგე, ერთი, 2017 წელს ჩინეთში, ნანკინში ტარდებოდა, მეორეს კი 2018 წელს თბილისმა უმასპინძლა. ასევე, 2018 წელს ევროპის გოგონათა მათემატიკის ოლიმპიადაზე, ფლორენციაში ვიყავი, მაშინ საქართველოში 4 საუკეთესო გოგო აგვირჩიეს ნაკრებისთვის.

ერთადერთი და პირველი ქართველი მონაწილე ვიყავი ვოთერლუში, კანადაში, საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში ახალგაზრდა ფიზიკოსებისთვის (ISSYP). ამ საზაფხულო ბანაკში 20 საერთაშორისო და 20 კანადელ მოსწავლეს ირჩევენ, რომელიც ფიზიკითაა დაინტერესებული, მიღების რეიტინგი კი 2-3%-ია.

2019 წელს მონაწილეობა მივიღე პოჟეგაში, ხორვატიაში მეცნიერების საზაფხულო სკოლაში, სადაც ასევე ერთადერთი და პირველი ქართველი მონაწილე გახლდით. ეს და კიდევ ძალიან ბევრი აქტივობა იყო, რომელიც პენსილვანიის უნივერსიტეტში წარვადგინე, ყველაფერი ძირითადად ფიზიკასა და მათემატიკასთან იყო დაკავშირებული. ასევე, ვიყავი ინგლისურის მასწავლებელი, ხშირად ვიღებდი მონაწილეობას დებატებში. კომაროვის სკოლაში კი ფიზიკის კლუბი ჩამოვაყალიბე და როგორც მოხალისე, ფიზიკას მერვეკლასელებს ვასწავლიდი.

- რას ურჩევდი იმ მოსწავლეებს, ვისაც საზღვარგარეთ რომელიმე ქვეყანაში, ან სწორედ ამერიკაში სურთ სწავლის გაგრძელება?

- როდესაც ბევრს მუშაობ, ცდილობ, საქმე ბოლომდე მიიყვანო და არ გაჩერდე. მე არ გავჩელებულვარ. საკუთარი თავის რწმენა და ოჯახის მხრიდან გამხნევება ძალიან დამეხმარა. თითქოს, როგორც საფეხურებზე, ისე ავდიოდი, ერთ წარმატებას შემდგომი ნაბიჯი მოჰყვებოდა.

ნელ-ნელა განვვითარდი და არასდროს ჩამიქნევია ხელი. ვფიქრობ, რომ თუ მოსწავლე მოტივირებულია, ყველაფერი შესაძლებელია და თუ უკვე ამას აპირებს, არ არის აუცილებელი, გამორჩეული მოსწავლე იყოს, არამედ მთავარია, ჰქონდეს მოტივაცია, არაფერზე დაიხიოს უკან, ჩაერთოს აქტივობებში, მოიძიოს ინფორმაცია და ასევე, თუ ვინმე ჰყავს გარშემო, ვინც ამ მხრივ გამოცდილია, ეცადოს, რაც შეიძლება, მეტი ინფორმაცია გაიგოს მისგან - ამ ყველაფერს თუ ეცდება, აუცილებლად გამოუვა.

მეც მეშინოდა, გამოვიდოდა თუ არა, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ადამიანი თუ საკმარისად იშრომებს, შედეგს აუცილებლად მიიღებს. კიდევ, მე ძალიან დამეხმარა ორგანიზაცია Education USA, სადაც არიან მრჩევლები, ვისთანაც კონსულტაციების გავლა უფასოდაცაა შესაძლებელი. ორგანიზაციას აქვს ლიდერობის აკადემიაც, სადაც აშშ-ში სწავლით დაინტერესებულ მოსწავლეებს შეუძლიათ უფასოდ გაწევრიანება. ეს აკადემია მოსწავლეებს ყველაფერში ეხმარება - როგორ უნდა მოიძიონ ინფორმაცია უნივერსიტეტზე, გააგზავნონ აპლიკაცია, დაწერონ ესეები და ა.შ.

"ბავშვებს მსუბუქი სიმპტომები აქვთ, პროგნოზი კეთილსაიმედოა" - როგორია ინფექციურში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა

"არ მალავს, რომ აქვს ვირუსი" - კორონავირუსით ინფიცირებულებს შორის ბიზნესმენი ბენო ქაშაკაშვილი და მისი მეუღლე არიან