ავტორი:

მერი სამშენებლო კომპანიებს - კეთილი ინებეთ და ვალდებულებები შეასრულეთ - ხალხის გამოგზავნა და თხოვნა, რომ არ დაგვაჯარიმოთ, არ გამოვა

მერი სამშენებლო კომპანიებს - კეთილი ინებეთ და ვალდებულებები შეასრულეთ - ხალხის გამოგზავნა და თხოვნა, რომ არ დაგვაჯარიმოთ, არ გამოვა

მინდა მოვუწოდო სამშენებლო კომპანიებს, კეთილი ინებეთ და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულეთ. ხალხის გამოგზავნა და თხოვნა, რომ არ დაგვაჯარიმოთ, იქნებ დაგვეხმაროთ - ეს არ გამოვა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ ისაუბრა გლდანის რაიონის ორ ქუჩაზე: ბოჭორიშვილის, (ხიზაბავრის) და ხარაძის ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოებზე, რომელსაც მისივე განმარტებით, გლდანის გამგეობა ახორციელებს. როგორც კალაძემ აღნიშნა, ამ ქუჩებთან დაკავშირებით პრობლემები მდგომარეობდა შემდეგში:

„როდესაც საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა და ჩვენი ზედამხედველობის სამსახური, ლაბორატორია შევიდა იმისათვის, რომ პროექტი ჩაებარებინა, შესრულებული სამუშაოები უხარისხო იყო. შესაბამისად, ამას ჩვენი მხრიდან რეაგირება მოჰყვა. ჩვენ თვალს ვერ დავხუჭავთ უხარისხობაზე, არასწორად შესრულებულ სამუშაოებზე. შესაბამისად, ამ კომპანიას დაევალა, რომ თავისივე ხარჯებით მოაწესრიგოს საგზაო ინფრასტრუქტურა. ლაბორატორიამ ელემენტარულად, სინჯების აღება ვერ მოახერხა, იმდენად ცუდად იყო მოასფალტებული ეს კონკრეტული ქუჩები. ჩვენ მოვისმინეთ განცხადებები ოპონენტების მხრიდან საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობის თვალსაზრისით, რომ აი, ამდენ ხანს ახორციელებენ სამუშაოებს, დააგეს, ახლა, თავიდან თხრიან. არა, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავხუჭავთ თვალს უხარისხობაზე და შეუსრულებელ ვალდებულებებზე. სამწუხაროდ, არსებობენ ასეთი კომპანიები, რომლებიც ვერ თუ არ ასრულებენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ ამ ყველაფერზე თვალი დავხუჭოთ. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო სამშენებლო კომპანიებს, კეთილი ინებეთ და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულეთ. ჩვენ სხვას არაფერს გთხოვთ. ჩვენ გვინდა, რომ ხარისხობრივად მაღალ დონეზე იყოს შესრულებული და დროულად მორჩეს სამუშაოები, რომლებიც ზოგადად, დისკომფორტს წარმოადგენს. ხალხის გამოგზავნა, თხოვნები, რომ არ დაგვაჯარიმოთ, იქნებ, დაგვეხმაროთ, ეს არ გამოვა მეგობრებო. ჩვენ, ყველა, ჩვენს ქალაქს და ხალხს ვემსახურებით. შესაბამისად, კეთილი ინებეთ ყველამ და შეასრულეთ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები. ჩვენ არ ვაპირებთ თავი დავუხაროთ ასეთ გადაცდომებს და ასეთ უხარისხოდ წარმოებულ სამუშაოებს. შესაბამისად, ამ კონკრეტულ კომპანიას თავისვე ხარჯებით მოუწევს ორივე ქუჩის მოწესრიგება. ჩვენ თქვენგანაც გვჭირდება მხარდაჭერა და თანადგომა. მარტო ჩემი, თქვენი, მთავრობის წევრების არ არის ეს ქალაქი, ყველასია. გთხოვთ, თანადგომას და მხარდაჭერას, მოვაწესრიგოთ და გავალამაზოთ ჩვენი ქალაქი. ყველა აქ ვცხოვრობთ ჩვენი ოჯახებით და შვილებით. მე დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ძალიან მალე ეს ორივე ქუჩა მოწესრიგდება და ეს თემა სალაპარაკო არ გახდება“, - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გლდანის რაიონის გამგებელს დაავალა, რომ სამუშაოები დროულად შესრულდეს.

„ჩვენი მხრიდან რაც არის გასაკეთებელი, ეს იქნება ჯარიმა თუ სხვა სანქციები, ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ ასეთმა კომპანიებმა მეორედ არ მიიღონ მონაწილეობა. (კომპანიას) თუ არ გაქვს შესაძლებლობა და იმის თავი, რომ შეასრულო სამუშაოები, თავი დაანებე და ტენდერში ნუ მიიღებ მონაწილეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, გლდანში, მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ხიზანიშვილის და ვეკუას ქუჩების მონაკვეთი დაახლოებით, 3 კვირაში გაიხსნება.

როგორც ბენდელიანმა ადგილზე სამუშაოების დათალიერების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სამუშაოები მიწის ქვეშ, 8 მეტრის სიღრმეში კომუნიკაციების აღმოჩენის გამო გაჭიანურდა.

„ამ ეტაპზე აქ ინტენსიურად მიმდინარეობს სამუშაოები. ჩვენ აქ რამდენიმე კვირის წინ ვიყავით დედაქალაქის მერთან ერთად და დავაანონსეთ მიწისქვეშა გადასასვლელის გადახურვა, სადაც წლების განმავლობაში პრობლემა იყო. იქ განთავსებულ სავაჭრო ფართებს წყალი ჩასდიოდა და შეწუხებული იყო მოსახლეობა. ახლა ეს პრობლემა აღარ არსებობს, გაკეთდა შესაბამისი ჰიდროიზოლაციები, მოეწყო ახალი გადახურვის ფილები. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ მიწის ესკალაციის სამუშაოების დროს დაახლოებით, 8 მეტრის სიღრმეზე აღმოჩნდა ძველი კომუნიკაცია, რაც თავდაპირველ პროექტში არ იყო გათვალისწინებული და ვერც იქნებოდა, რადგან აქამდე არ ჩანდა. შესაბამისად, ამან გამოიწვია სამუშაოების დაახლოებით, 2 კვირით გაჭიანურება. დაახლოებით, 2-დან 3 კვირამდე ვადაში ეს სამუშაოები დასრულდება და აღნიშნული ლოკაცია გაიხსნება“, - განაცხადა ბენდელიანმა.

რა ღონისძიებებს გეგმავს შსს კორონავირუსის შესაძლო გავრცელების საწინააღმდეგოდ - უწყების განცხადება

სალომე ზურაბიშვილი საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირებაზე: "მშვიდად შევხვდეთ ამ მდგომარეობას"

"2008-ში, ომის დროსაც კი არ ხდებოდა ასეთი რამ, მაშინ ნდობა იყო..." - რას ამბობს სააკაშვილი ქართველებზე, ვინც კორონავირუსის შიშით პროდუქტებს იმარაგებს