ავტორი:

დაინფიცირებული 31 წლის ქალის შვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა - მარინა ეზუგბაია

დაინფიცირებული 31 წლის ქალის შვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა - მარინა ეზუგბაია

დაინფიცირებული 31 წლის ქალის შვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა. 31 წლის ქალის შვილს კორონავირუსზე გამოკვლევა იაშვილის კლინიკაში ლუგარის ლაბორატორიის ექსპერტებმა გუშინ ჩაუტარეს.

"მას ჩვეულებრივი რესპირატორული ვირუსული ინფექცია აქვს და მკურნალობას და მეთვალყურეობას იაშვილის კლინიკაში განაგრძობს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

რაც შეეხებათ, კორონავირუსით დაინფიცირებული ორ პაციენტის, ეზუგბაიას თქმით, მათი მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ის განმარტავს, დღეს დილით კვლევა კიდევ 20 პაციენტს ჩაუტარეს.

„ამჟამად 31 პაციენტი გვიწევს, ამ 31 პაციენტიდან დღეს დილას 20 პაციენტზე აღებული იქნა კვლევა. გუშინ დღის განმავლობაში ჩატარდა 24 პაციენტზე კვლევა და 24-ვეში პასუხი უარყოფითი იყო. ეს პაციენტები გადაიყვანეს საკარანტინო სივრცეში. ორი ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია“, - აცხადებს ეზუგბაია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის ორი შემთხვევაა დაფიქსირებული. პირველი, საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც 50 წლამდე მამაკაცია და ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა, მეორე კი გამოუვლინდა 31 წლის ქალს, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა. როგორც ცნობილი გახდა, ის "საქართველოს ბანკის" თანამშრომელია.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 31 წლის ქალს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, მჭიდრო კონტაქტები არ ჰქონია.

"მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია, მას ტესტის პასუხი უარყოფითი აქვს. ის მეუღლესთან ერთად მოვიდა თვითდინებით ჩვენთან. მასთან ერთად ვინც იმგზავრა, ის პირები ჯერ ჩვენთან არ არიან. ახლა მოჰყავთ, როგორც კი გათავისუფლდება ადგილები შემოვიყვანთ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიერ შემოწმებულია და ეპიდემიოლოგიური ისტორიის მხრივ განხილულია მასთან კონტაქტში მყოფი პირების ისტორია, ხდება მათი დამუშავება. რომელიც მოითხოვს თავისი კრიტერიუმებით სტაციონარში მოთავსებას და კვლევის ჩატარებას, ყველა მოყვანილი იქნება და კვლევა ჩაუტარდება", - განაცხადა ეზუგბაიამ.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"