ავტორი:

კორონავირუსით ინფიცირებულ მეოთხე პაციენტს 25 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი - "ის არ იყო სამსახურში და მდგომარეობა ამით უკეთესია"

კორონავირუსით ინფიცირებულ მეოთხე პაციენტს 25 ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი - "ის არ იყო სამსახურში და მდგომარეობა ამით უკეთესია"

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებულ მეოთხე პირთან კონტაქტში 25 პირი იმყოფებოდა.

როგორც ტიკარაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მეოთხე დაინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების მოძიება დასრულებულია და ისინი დეტალურად იქნებიან გამოკვლეული.

"რაც შეეხება ფრენებს, ჯანდაცვის სამინისტრო, ჯერჯერობით არ იძლევა რეკომენდაციებს ფრენების შეჩერებასთან დაკავშირებით, ვინაიდან, ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ შეგვიძლია სიტუაციის კონტროლი და ყველა არსებული შემთხვევა ჩვენი აქტიური მუშაობით გამოვლინდა.

ამ მუშაობის გამო მადლობას ვუხდი, ყველა იმ პირს, რომლებიც მუშაობენ საზღვარზე, ესენი არიან მესაზღვრეები თუ ჩვენი პერსონალი, რომელიც ადგილზე გვყავს მივლენილი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა ჯანდაცვის სფეროსთვის, რასაც საქართველოს ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ კარგად ართმევს თავს.

ეს პაციენტი რეკომენდაციით იმყოფებოდა თვითიზოლაციაში და შემდგომში მასთან კომუნიკაციის გამო გახდა მისი სტაციონარიზაცია და დამატებითი კვლევების ჩატარება საჭირო. ეს ადამიანი არ იყო სამსახურში და შესაბამისად, მდგომარეობა ამით გაცილებით უკეთესია“, - განაცხადა ტიკარაძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ბოლო შემთხვევასთან დაკავშირებით სამუშაო გაადვილდა, რადგან საქართველოში დაბრუნების შემდეგ ინფიცირებული პირი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

"ძალიან გაგვიადვილა სამუშაო, იმიტომ, რომ თვითიზოლაციაში იყო. თვითმფრინავის კონტაქტები მოგეხსენებათ, რომ დადგენილია. დანარჩენი, ადამიანი თვითშეგნებით იყო, ჩამოვიდა თუ არა, სახლში იყო, თვითიზოლაციაში. მადლობა მას ასეთი თვითშეგნებისთვის”, - განაცხადა იმნაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა. პაციენტი 44 წლის მამაკაცია. ის იტალიაში იმყოფებოდა და საქართველოში პირველ მარტს დაბრუნდა. რამდენიმე დღის შემდეგ კი ინფექციურ საავადმყოფოს მიმართა მაღალი ტემპერატურით. ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებულმა ტესტებმა აჩვენა, რომ პაციენტს კორონავირუსი აქვს.

ამჟამად, ქვეყანაში სულ 4 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან ორი ირანიდან, ორი კი იტალიიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს დაუდგინდათ.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"