ავტორი:

როგორ მოახერხა თურქეთმა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

როგორ მოახერხა თურქეთმა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

ოფიციალური თურქეთის განცხადებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის ფაჰრეტინ ქოჯას თქმით, სამინისტროსა და მთავრობას ყველა ზომა აქვს მიღებული, რომ COVID-19 თურქეთში არ აღმოჩნდეს. მინისტრის ინფორმაციითვე, მათ შეამოწმეს 2000-მდე მოქალაქე და ვირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდგინდა.

"COVID-19 შესაძლებელია დაფიქსრიდეს თურქეთშიც, თუმცა ჩვენს ხელთაა მისი პრევენცია და შემდგომი გავრცელება" - დაამატა ფაჰრეტინ ქოჯამ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, მათ დროულად დაკეტეს საზღვარი ირანთან და რისკის შემცველ ქვეყნებთან ფრენები აკრძალეს. მისი თქმით, ირანს მომლოცველების ქალაქი ყუმი რომ დაეკეტა, ვირუსი არ გავრცელდებოდა. ასევე ის ადანაშაულებს ევროპას უმოქმედობაში, რამაც კოჯას თქმით, იტალიაში ვირუსის გავრცელება გამოიწვია.

სხვადასხვა მედია საშუალებები თურქეთის მიერ გატარებული პრევენციული ზომების ეფექტურობაზე წერენ. მათ ინფორმაციით, ქვეყანაში ყოველდღიურ რეჟიმში იწმინდება საზოგადოებრვი ტრანსპორტი, ეძლევათ რეკომენდაციები მოსახლეობას, სასტუმროებს, ტურისტულ სეგმენტებს, ასევე ქვეყანაში გამკაცრებულია შესვლა. აეროპორტებში განთავსებულია თერმული მონიტორები, ირანთან და ერაყთან საზღვარზე მოწყობილია საველე საავადმყოფოები. .

თურქეთის მოქალაქეები, იტალიისგან განსხვავებით ასრულებენ თვითიზოლაციის წესებს, ატარებენ ნიღბებს და იცავენ მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაციებს. თურქეთის ვირუსოლოგიის ლაბორატორიის წარმომადგენლის განცხადებით, მათ შექმნეს ვირუსის დასადგენი ტესტი, რომელიც დაახლოებით 2 საათში ადგენს, აქვს თუ არა ადამიანს ახალი კორონავირუსი. რამდენად გამართულია ტესტი, როგორ მოქმედებს, ან დამატებითი სხვა დეტალები მსოფლიო პრესისთვის უცნობია.

სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, თურქეთში მიმდინარე მოვლენებზე ობიექტური, ან კრიტიკული ინფორმაციის მოპოვება საკმაოდ რთული და ხშირ შემთხვევაში ჟურნალისტებისთვის მტკივნეული პროცესია. საპატიმროებში ათასობით ჟურნალისტი სრულიად უსამართლო ბრალდებებითა და მთავრობის მიმართ კრიტიკული ხედვების გამო იხდის სასჯელს.

თურქეთის უსაფრთხოების გენერალური დირექტორატის განცხადებით, ისინი ქვეყანაში კორონავირუსის არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერ ინფორმაციასა და სოციალურ მედიაში გაკეთებულ პოსტებზეც კი გამოძიებას დაიწყებენ.

ფოტო: afp.com - ანკარა

2019 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსში თურქეთი 180 ქვეყნიდან 157-ე ადგილს იკავებს, რაც კარგად ასახავს ქვეყანაში ჟურნალისტებისა და მთლიანად პრესის მდგომარეობას და იმ უმძიმეს წნეხს, რასაც ისინი ხელისუფლების მხრიდან განიცდიან.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თურქეთის მოქალაქეებიც და დანარჩენი მსოფლიოც მხოლოდ ოფიციალური თურქეთის განცხადებების ამარა რჩება, რომელიც ჯიუტად ამბობს, რომ კორონავირუსი ქვეყანაში არ ფიქსირდება. (ასევე ჯიუტად უარყოფდა ირანის ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი, ირანში ჰომოსექსუალების არსებობას.) თუმცა თურქეთის მეზობელ ქვეყნებში - ირანში, ერაყში, საბერძნეთში და საქართველოში კორონავირუსი დაფიქსირებულია.

თურქეთის ეკონომიკის დიდი წილი ტურიზმზე და ზღვისპირა ქალაქებზე მოდის, სადაც დასასვენებლად მილიონობით ტურისტი ჩადის. კორონავირუსის გამოჩენას კი ტურისტების გაქრობაც მოყვება. თურქული ლირა ჯერ კიდევ სავალალო მდგომარეობაშია, სირიის საკითხები ისევ მოუგვარებელია და დიდი შანსია წლებში გაიწელოს, რუსეთთან ურთიერთობები კვლავ დაულაგებელია, ლტოლვილებთან დაკავშირებული სიტუაცია ისევ მძიმე და საერთო ჯამში, თურქეთში კორონავირუსი მასშტაბური შიდა კრიზისის მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს.

ავტორი: გიორგი ლორია

კორონავირუსით გარდაცვლილი პოლიციელები და ჟურნალისტები, ინფიცირებული ექიმები - პერუში უმძიმესი ეპიდვითარებაა

გადამწვარი მანქანები, მოროდიორობა და რეზინის ტყვიებით დაშლილი აქციები - ფოტოები აშშ-დან, რომელსაც პროტესტის ტალღამ გადაუარა

რუსეთი შეშფოთებულია, რომ აშშ-ში მედიის უფლებების კუთხით სიტუაცია დღითიდღე უარესდება