ავტორი:

"პლასტელინივით მასაა, რაც ნიღაბს შიგნიდან ეკვრის და დაინფიცირებისგან გვიცავს" - ისრაელში მოღვაწე ქართველი ექიმი ებრაელების ახალ მიგნებაზე

"პლასტელინივით მასაა, რაც ნიღაბს შიგნიდან ეკვრის და დაინფიცირებისგან გვიცავს" - ისრაელში მოღვაწე ქართველი ექიმი ებრაელების ახალ მიგნებაზე

მთელი მსოფლიო ახალ გამოწვევას უმკლავდება. კორონავირუსმა ყველა ქვეყნის დღის წესრიგი შეცვალა. დაინფიცირების მხრივ რთული ვითარება ამერიკაშია. შემდეგ იტალია, ესპანეთი და ევროპის სხვა ქვეყნები მოდიან.

რამდენიმე კვირის წინ ისრაელის ერთ-ერთ უმსხვილეს კლინიკაში განაცხადეს, რომ კორონავირუსი არც ისეთი საშიშია, როგორიც ის დასაწყისში ჩანდა.

"თუკი თქვენ დაინფიცირდებით კიდეც კორონავირუსით, ეს სამყაროს დასასრული არ არის. ამ დაავადებას, რომელიც 84%-ში იოლად მიმდინარეობს, ადამიანთა ნაწილი ვერც კი გებულობს, რომ დაინფიცირებულები არიან" - განაცხადა "შიბა-ტელ-ა-შომერ"-ის უმსხვილესი კლინიკური ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პროფესორმა აფეკ არნონმა.

ამ განცხადების მომენტში ისრაელში დაინფიცირებულთა რაოდენობა 324-ს შეადგენდა, დღეს ეს ციფრი თითქმის გაათმაგდა და ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსის 3340-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.

როგორ ებრძვის ისრაელის ხელისუფლება ვირუსს და როგორია იქ მყოფი ქართველების მდგომარეობა, ამის შესახებ AMBEBI.GE-ს ისრაელის სამედიცინო კლინიკა "ასუტას" ექიმი, ანესთეზიოლოგი ირაკლი კილაძე ესაუბრა:

- დღეს ისრაელშიც იგივე სიტუაციაა, რაც მთელ მსოფლიოში... რასაკვირველია, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალს ვადევნებ და ძალიან დროული იყო ამჯერად საგანგებო მდგომარეობის წესების კიდევ უფრო გამკაცრება! აბსოლუტურად გამართლებული ნაბიჯია, რომ შემცირდეს ვირუსის გავრცელების რისკები. ისრაელიც მაგ კუთხით მიდის და მალე ალბათ აქაც ყველაფერი გამკაცრდება, რადგან ყველგან არიან ადამიანები, რომლებიც წესებს არღვევენ და შემდეგ ამას ძალიან დიდი სირთულეები მოჰყვება. ისრაელში დაინფცირებულთა რიცხვის მატება სწორედ იმ ხალხისგან მოხდა, რომლებიც არ დაემორჩილნენ შემოღებულ რეგულაციებს..

- ისეთ აწყობილ ქვეყანაში, როგორიც ისრაელია, გაოცებას იწვევს დაინფიცირებულთა საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი...

- ახლა, როდესაც ანალიზს აკეთებენ, ჩანს, რომ ბევრი შეცდომა იქნა დაშვებული. მიუხედავად იმისა, რომ საზღვრები ჩაკეტეს, შემოსულები კარანტინში გადაიყვანეს, შიდაგავრცელება მაინც მოხდა. ზოგჯერ საკმარისია ერთი დაინფიცირებული ვერ დადგინდეს და ამან შიდაგავრცელების აფეთქებაც კი გამოიწვიოს. ისრაელში უკვე შემოღებული იყო შეზღუდვები, მაგრამ მაინც ხდებოდა მოსახლეობის თავშეყრა დასაფლავებაზე თუ ქორწილებში. სწორედ ამან გამოიწვა დაინფიცირებულთა მკვეთრი ზრდა. დიდი პოლიტიკური ძვრებიც იყო, სამი არჩევნები ჩატარდა და მეოთხეზეც მსჯელობდნენ. პოლიტიკური კრიზისი იყო, მიუხედავად ამ კრიზისისა, მთავრობა მაინც ეფექტურად მუშაობს პრობლემასთან გასამკლავებლად. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიმართ საყვედურები ხშირად ისმის, შეცდომებიც არის და იქნება, მაგრამ ცოტა სითამამის ბრალიცაა... მოგეხსენებათ, როგორი ავტორიტეტულია ისრაელის მედიცინა...

- ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელში უკვე შეიქმნა კორონავირუსის საწინააღმდეგო წამალი... რეალობა როგორია?

- დიახ, ინფორმაცია ვრცელდება და ეს სიმართლისგან შორს არ არის... უამრავი კვლევა ტარდება და ისრაელშიც მიმდინარეობს მუშაობა წამალზე, ისევე როგორც სხვა ქვეყნებში... ისრაელში ძალიან დაბალია ვირუსით დაინფიცირებულების გარდაცვალების რიცხვი, რაც ამ ქვეყნის ეფექტურობაზე მეტყველებს. როგორც მოგახსენეთ, ძალიან დიდი პოლიტიკური კრიზისი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენი სამოქმედო გეგმა სრულიად გაწერილი იყო, როგორ რა უნდა ყოფილიყო...

მოხდა დაინფიცირებული ადამიანების სატელეფონო კონტროლი და მათი კონტაქტების დადგენა. ამ მხრივ იყო პრობლემები, საუბრობდნენ ადამიანთა უფლებების დარღვევაზე, მაგრამ ვინც შინაგან წესს დაარღვევს და მაინც გარეთ გამოვა, პოლიცია მკაცრად აკონტროლებს. საქართველოშიც ყველაფერი სწორად კეთდება, მეც ქართველი ვარ და ვიცი ჩვენი ხასიათი! შეიძლება ისმოდეს ჯერ მხოლოდ ასი კაცია დაავადებული და ასეთი სიმკაცრე რატომ არისო, მაგრამ ზუსტად ახლა უნდა გაკეთდეს ყველაფერი! დამიჯერეთ, თუ ქუჩაში ერთი დაინფიცირებული მაინც ივლის, ის უამრავ პრობლემას შექმნის. როგორც ვიცი, სამ დაინფიცირებულზე ჯერჯერობით ვერ მოხერხდა წარმომავლობის დადგენა და ეს უკვე ძალიან რთულია! თუ სიტუაცია ასე კარგად არ გაკონტროლდება, ვხედავთ საქართველოზე ბევრად უფრო განვითარებულ და მდიდარ ქვეყნებში როგორ გაუჭირდათ მართვა და კატასტროფა მოხდა...

- როგორც ექიმი, რა რეკომენდაციებს მისცემდით ქართველ მოსახლეობას?

- პირველ რიგში ვიტყოდი, რომ დადგენილია, ვირუსი არ ვრცელდება ჰაერის გზით... როგორც ხშირად გვესმის, აუცილებელია ხელების რაც შეიძლება ხშირად დაბანა! იყო აზრთა სხვადასხვაობა, სამედიცინო ნიღბები ჯანმრთელ ადამიანს არ იცავს ვირუსით დაინფიცირებისგანო, მაგრამ ჩემის აზრით ნამდვილად იცავს! გარეთ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გამოვიდეთ და სასურველია პირბადესთან ერთად სამედიცინო ხელთათმანებიც გვეკეთოს. თუმცა მხოლოდ პირბადეს და ხელთათმანების ტარება არ კმარა, აუცილებლად სწორად უნდა გამოვიყენოთ, ფასი რომ ქონდეს მათ ტარებას.

კაცობრიობა მარსს მიუახლოვდა და რეალურად კი ამ ვირუსმა ყველა დააჩოქა... ამხელა პრობლემებს შესაძლებლობებიც მოსდევს და ყველა მიხვდა, რომ უპირველესი ადამიანის ჯანმრთელობაა. აუცილებლად უნდა გაძლიერდეს სამედიცინო აპარატურა, მთელი მრეწველობა დღეს ამაზე გადაერთო. ხელოვნურ სასუნთქ აპარატებზე დეფიციტია და დღეს არცერთ სახელმწიფოს საკმარისი არ აღმოაჩნდა... სხვათა შორის ისრაელშიც დაითვალეს და დაახლოებით ოთხასამდეა. ახლა მიდის საუბარი იმაზე, რომ აპარატები შემოიტანონ და უზრუნველყონ სამედიცინო დაწესებულებები.

- ისრაელში თუ არის სწრაფი ტესტები და თვლით, რომ საქართველოშიც უკვე უნდა იყოს?

- როგორც მოგახსენეთ, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს თვალს ძალიან აქტიურად ვადევნებ და იდეალურთან მიახლოვებული სიტუაციაა! მიკვირს ასე კარგ შედეგებს რომ ვხედავ და აუცილებელია კიდევ უფრო გაერთიანება! სწრაფ ტესტებს თავისი პრობლემები აქვს და ამირან გამყრელიძის თუ პაატა იმნაძის მოსაზრებებს რომ ვეცნობი, მათ ვეთანხმები. ზოგჯერ ტესტები ძალიან დიდ ცდომილებას იწვევს და როგორც მოგახსენეთ, ერთი დაინფიცირებულიც რომ გაეპაროთ, შემდეგ მან მოსახლეობაში შეიძლება ვირუსის შიდააფეთქება გამოიწვიოს...

- ითქვა, რომ შესაძლებელია მეტია დაინფიცირებული და არც იცოდნენ...

- შესაძლებელია ასეც იყოს! არიან უსიმპტომო პაციენტები ან ისეთები, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებას დროულად არ მიმართავენ. უამრავი მიზეზია და სწორედ ამის ყველაზე ეფექტური გზა იყო ფაქტიურად კომენდატის საათის ამოქმედება. სახელმწიფოს მოსახლეობის მხარდაჭერა ჭირდება, შეცდომები ყველგან იქნება, მთავრობის, ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებიც ადამიანები არიან, მაგრამ ვირუსთან ბრძოლაში მოსახლეობის მხარდაჭერის გარეშე აუცილებლად დავმარცხდებით!

რაც შეეხება სწრაფ ტესტებს, რასაკვირველია ისრაელში არის! აუცილებელია იყოს სწრაფი ტესტები, მაგრამ სრულყოფილთან მაქსიმალურად მიახლოვებული. ისრაელში 24 საათიანი ტესტებია და მათი გამოყენება ოქროს წესად არის მიჩნეული... თუმცა ისრაელშიც კი იყო შეცდომები და სწორედ ამან გამოიწვია დაინფიცირებულთა მკვეთრი ზრდა.

ისრაელმა ნოვაციური მკურნალობის მეთოდებით მოახერხა, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით ძალიან დაბალია ვირუსით დაინფიცირებულთა გარდაცვალების რაოდენობა. საქართველოშიც ძალიან ეფექტურად ხდება დაინფიცირებული ადამიანების მკურნალობა, ჩვენ უძლიერესი სპეციალისტები გვყავს და მათ ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ! შეიძლება იდეალური ჯანდაცვის სისტემა არ გვქონდეს, მაგრამ ზუსტად ასეთ პირობებში ამ ექიმების გმირულ თავგანწირვას მივესალმები და მათზე მხოლოდ საუკეთესო შეფასება შემიძლია. მთელ მსოფლიოში ცდილობენ მალე გამოიგონონ წამალი და მათ შორის საქართველოშიც.

ისრაელმა ახალი რაც შექმნა, ეს არის მცდელობა, რომ მედიკოსებს თავიდან ააცილონ დაინფიცირების საფრთხე. ნანოტექნოლოგიებით შექმნილი პლასტელინივით მასაა, რომელიც ნიღაბს შიგნიდან ეკვრის და დაინფიცირებისგან დაგვიცავს... მოგეხსენებათ მსოფლიოში რამდენი ექიმი დაინფიცირდა და ბევრი გარდაიცვალა.

სამედიცინო პერსონალი არის ვირუსის ყველაზე მეტად გამავრცელებელი კერა და ამიტომ ისრაელში ამაზე უკვე იზრუნეს. ექიმებს დღეს ყველაზე მეტად სჭირდება გაფრთხილება, მსოფლიოს ყველაზე დიდ პრობლემასთან გამკლავება რომ შეძლონ. უკვე დაიწყო წარმოება და ერთ-ერთ საავადმყოფოში მიდის გამოცდა... ეს მეთოდი თუ გაამართლებს, დარწმუნებული ვარ, საქართველოშიც მალე შემოვა.

- როგორია ისრაელში მყოფი ქართველების მდგომარეობა?

- ისრაელში მყოფი ქართველების მდგომარეობა ისეთივეა, როგორც მთელი ისრაელის - ბევრი მათგანი უმუშევარი დარჩა, ბევრმა ვერ გადაწყვიტა დაბრუნებულიყო საქართველოში თუ არა, ნაწილმა სამსახური შეინარჩუნა. რაც შეეხება მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამ მხრივ მინდა დავამშვიდო ყველა, მათ ყველანაირი პირობა და მკურნალობის ისეთი საშუალება ექნებათ, როგორც ისრაელის მოქალაქეებს.

დანარჩენი შემდგომ გაირკვევა, რატომ და როგორ აღმოჩნდნენ ისრაელში, ამის გარკვევას მხოლოდ შემდგომ დაიწყებენ. მინდა გითხრათ, რომ ვინც ოფიციალური ნებართვით იმყოფება ისრაელში, მათ ვიზები ავტომატურად გაუგრძელდათ. საქართველოს საელჩოში მუშაობს ცხელი ხაზი, საელჩოს საიტზე მუდმივად არის მოქალაქეებისათვის საჭირო ინფორმაცია. მინდა ყველა დავამშვიდო და ვურჩიო გაითვალისწინონ ისრაელის მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს მითითებები.

როგორია კორონავირუსით ინფიცირებული 2 ფეხმძიმე ქალის მდგომარეობა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

საჩხერის მერის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა