ავტორი:

"მეშინია, სასწრაფომ რომ ვერ მომისწროს... ორმხრივი პნევმონიით შინ წოლა ადვილი არ არის" - რას ჰყვებიან რუსეთში მცხოვრები ქართველები

"მეშინია, სასწრაფომ რომ ვერ მომისწროს... ორმხრივი პნევმონიით შინ წოლა ადვილი არ არის" - რას ჰყვებიან რუსეთში მცხოვრები ქართველები

მთელი მსოფლიო ებრძვის პანდემიას, კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი ყოველდღე იზრდება. ამ მხრივ უმძიმესი მდგომარეობაა რუსეთშიც, სადაც უკვე ისე გადაიტვირთა კლინიკები, რომ პაციენტებს უადგილობის გამო ვერ იღებენ. მხოლოდ ბოლო 24 საათში ინფიცირების 4000-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა.

უკვე პრეზიდენტი პუტინიც არ მალავს, რომ სიტუაცია ყოველდღე მძიმდება, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი გადაწყვეტილებით, 9 მაისს სამხედრო აღლუმი აღარ გაიმართება. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა მოსკოვში, საავადმყოფოებთან სასწრაფო დახმარების მანქანების რიგებია და საათობით ელოდებიან ექიმები პაციენტის კლინიკაში შეყვანას. თუ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული არ არის, ფაქტობრივად, ის სახლიდან სასწრაფოს არც გამოჰყავს...

მოსკოვი თვითიზოლაციის რეჟიმში ცხოვრობს, უკვე რამდენიმე დღეა ქალაქში გადაადგილებაც სპეციალური საშვით ხდება. დაცლილია ქუჩები და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გამოდის ხალხი ქუჩაში, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მოსკოვი დატოვა და აგარაკებზე წავიდა. სკოლებში კარგა ხანია სწავლება ონლაინრეჟიმში მიმდინარეობს. ერთადერთი ქალაქში მხოლოდ მიტანის სერვისის მანქანები და მოტიციკლეტები მუშაობს.

მოსკოვში მცხოვრები ქართველი ცოლ-ქმარი, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა კორონავირუსულ ინფექციაზე ჩატარებული ტესტის პასუხს ელის, შექმნილ ვითარებაზე "კვირის პალიტრას" ესაუბრა:

თამუნა გაგუა:

- რამდენიმე დღის წინ სიცხე მქონდა, მაციებდა, ყელიც მტკიოდა. რაც დრო გადიოდა, ვგრძნობდი ძალა აღარ მქონდა, ოფლიანობას და საშინელ სისუსტეს ვგრძნობდი. თავიდან მეგონა გავცივდი, რადგან ცუდი ამინდები იყო, ტემპერატურა ხან მიმატებდა, ხან - იკლებდა. რომ არ გამიარა, პოლიკლინიკაში მივედი. შესასვლელთან პაციენტებს სიცხეს უზომავდნენ, რომ გამიზომეს, 38 გრადუსი მქონდა, ამიტომ შენობაშიც არ შემიშვეს. სხვა მხრიდან ჰქონდათ შესასვლელი სიცხიანებისთვის და იქ გამიშვეს, სადაც უკვე სპეციალურად ეკიპირებული ექიმები დამხვდნენ. ჯერ იმაზე გაბრაზდნენ, აქ რატომ მოხვედიო. ერთ-ერთმა მათგანმა მოისმინა ფილტვები და მითხრა, ფილტვებში არაფერი გაქვსო, წამლები გამომიწერეს და შინ გამიშვეს. ვთხოვე, კორონავირუსზე ანალიზი აეღოთ, მაგრამ კატეგორიული უარი მითხრეს, - თუ საზღვარგარეთ არ ყოფილხარ, ვერ აგიღებთ ანალიზს, პროტოკოლით ეს აკრძალული გვაქვსო. ფულიც შევთავაზე, რადგან მინდოდა დაზღვეული ვყოფილიყავი, მაგრამ უარით გამომისტუმრა.

სასწრაფო დახმარების მანქანების რიგი მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკასთან

2 დღეში სიცხემ ისევ ამიწია, სასწრაფო გამოვიძახე, რომ გაიგო 38,8 მქონდა, მითხრა, ოჯახის ექიმს დაელოდეთო, ოჯახის ექიმები საღამოს 8 საათამდე მუშაობენ, იმ დღეს ვერ მოახერხა მოსვლა. მეორე დღეს მოვიდა, იმანაც ისევ მომისმინა ფილტვები და იგივე მითხრა, ფილტვებში არაფერი გაქვსო. ანტიბიოტიკი დამინიშნა, სახლში ვაგრძელებდი მკურნალობას.

ჩემი ავადმყოფობიდან მეხუთე დღეს უკვე ჩემს მეუღლეს მისცა მაღალი ტემპერატურა, იგივე სიმპტომები ჰქონდა მასაც, რაც მე - ყელის ტკივილი, საერთო სისუსტე... განსხვავება ის იყო, რომ ახველებდა და მასზე სიცხის დამწევიც არ მოქმედებდა.

ძალიან შევშინდი, ვცადე სასწრაფო გამომეძახა, მთელი სამი საათი ვრეკავდით ოჯახის წევრები სხვადასხვა ნომრით, მაგრამ ვერ დავრეკეთ, როგორც იქნა, აიღეს ყურმილი, მითხრეს დაელოდეთო, მაგრამ მას მერე კიდევ ერთი საათი უშედეგოდ ველოდით სასწრაფოს მოსვლას. მერე მოვიფიქრე, ფასიანი სასწრაფოს ბრიგადის ნომერი მომეძებნა... გამოვიძახე, სადღაც ერთ საათში მოვიდნენ, გადაიყვანეს ჩემი მეუღლე, რომელსაც მეც გავყევი. მიგვიყვანეს ფასიან განყოფილებაში, ძალიან დიდი ხანი ველოდით ჩვენს რიგს, სასწრაფოს ექიმმა მითხრა, დღეს 9 საათი მყავდა პაციენტი მანქანაში და ძლივს შევიყვანე ერთ-ერთ კლინიკაშიო. სადაც მიგვიყვანეს ეს არ იყო ჩვეულებრივი კლინიკა, სადაც საწოლებია, იყო ამბულატორია.

იქაც დიდი რიგები დაგვხვდა, როგორც იქნა გადაგვიღეს ორივეს "კატე", აღმოჩნდა, რომ ორივეს ორმხრივი პნევმონია გვქონდა, ამ დასკვნის შემდეგ აგვიღეს ანალიზი კორონავირუსზე, ყელიდან, ცხვირიდან და ასევე ჩავაბარეთ სისხლის ანალიზი. გვითხრეს, გადატვირთულია ლაბორატორიები და 5 დღეზე ადრე თქვენი პასუხები არ იქნებაო... მიუხედავად იმისა, რომ ორმხრივი პნევმონია გვაქვს ორივეს, საავადმყოფოში არ გადაგვიყვანეს, რენტგენის შემდეგ ექიმმა ანტიბიოტიკი გამოგვიწერა და სახლში გამოგვიშვეს. თუ სუნთქვა გაგიძნელდებათ მაშინ დარეკეთ სასწრაფოში და გადმოგიყვანენ კლინიკაშიო. ორივეს ორმხრივი პნევმონია გვაქვს და ვართ სახლში. ახლა ერთი სული გვაქვს როდის იქნება ანალიზის პასუხი. ექიმების ვარაუდით, ეს არის კორონავირუსი და დასკვნაშიც კი ჩაწერეს დიაგნოზად ვირუსული პნევმონია...წაიკითხეთ სრულად

უკრაინის  მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური - "დარჩით სახლში აღდგომას"

უხანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა - ჩინეთი დამალულ ინფორმაციას თანდათან აქვეყნებს

ლონდონში COVID-19-ით გარდაცვლილი 13 წლის ბიჭის დაკრძალვას, ოჯახი ვერ დაესწრო - მშობლებმა ცერემონიას პირდაპირ ეთერში უყურეს