ავტორი:

"ელჩის გამოწვევა შეცდომაა, ეს ჩვენი შიდა პოლიტიკაა" - როგორ ეხმაურებიან ზელენსკი და უკრაინელი მინისტრები სააკაშვილის დანიშვნაზე საქართველოს რეაქციას

"ელჩის გამოწვევა შეცდომაა, ეს ჩვენი შიდა პოლიტიკაა" - როგორ ეხმაურებიან ზელენსკი და უკრაინელი მინისტრები სააკაშვილის დანიშვნაზე საქართველოს რეაქციას

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ელჩის კონსულტაციებზე გამოძახების შესახებ, შეცდომად მიიჩნევს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

„ჩვენ ქართველ ხალთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მსგავსი კონსულტაციებიისთვის საკუთარ ელჩს არ გამოვიწვევთ, იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა უფრო დიდი ხნის არის, ვიდრე ქვეყნის ნებისმიერი მთავრობა. მიმაჩნია, რომ ეს შეცდომაა საქართველოს მხრიდან“, - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ კონსულტაციის შემდეგ, მხარეები გაიგებენ, რომ სახელმწიფო საკადრო პოლიტიკა ეხება მხოლოდ მას და მის მოქალაქეებს.

„რომ არავის ეწყინოს: ეს ჩვენი გადაწყვეტილებაა და ჩვენი შიდა პოლიტიკა. ბატონი სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მას უკრაინის პასპორტი აქვს. მე, უკრაინის პრეზიდენტმა, იგი დავნიშნე პრეზიდენტთან არსებული რეფორმების აღსრულების საბჭოს თავმჯდომარედ. სულ ესაა“, - დასძინა ზელენსკიმ.

სააკაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით მწვავე განცხადებას აკეთებს ასევე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრი კულება. მისი თქმით, კიევი ეცდება შეინარჩუნოს სტრატეგიული ურთიერთობები საქართველოსთან მაშინაც კი, თუ ის უკრაინის მისამართით მკვეთრ ნაბიჯებს გადადგამს.

„მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მსოფლიოს ვერც ერთი მთავრობა ვერ მიგვითითებს, სად უნდა დავნიშნოთ ის და სად - არა... თუ საქართველოს მხრიდან გადაიდგმება მკვეთრი ნაბიჯები, რას ვიზამთ, გადავიტანთ და მოგვიანებით აღვადგენთ ყველაფერს, რაც დაიკარგა“, - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, მან სატელეფონო საუბარი გამართა თავის ქართველ კოლეგასთან, დავით ზალკალიანთან.

„ჩვენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ვესაუბრეთ. ეს იყო ძალიან მშვიდი, ზომიერი საუბარი. მან ამიხსნა თავისი მთავრობის პოზიცია, მაგრამ ჩვენ ხომ ძალიან მარტივი თეზისებიდან გამოვდივართ. პირველი: საქართველო-უკრაინის ურთიერთობები იმდენად განსაკუთრებულია, რომ მას ერთი ადამიანის ბედის მძევლად ვერ ვაქცევთ და მეორე, ჩვენ გვესმის საქართველოში არსებული პოლიტიკური კონტექსტი და არ ვერევით მასში, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მსოფლიოს ვერც ერთი სახელმწიფო ვერ მიგვითითებს, სად დავნიშნოთ ან არ დავნიშნოთ ჩვენი მოქალაქე“, - განაცხადა კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებასაც ავრცელებს. როგორც უკრაინის საგარეო უწყებაში აცხადებენ, ორი მეგობრული ქვეყნის ურთიერთობისთვის საქართველოს ამ გადაწყვეტილებაში ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავენ.

„ამ გადაწყვეტილებაში ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავთ ჩვენს მეგობრულ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობისთვის. ჩვენ ბევრი გადაკვეთის წერტილი და საერთო გამოწვევა გვაქვს.

ამავდროულად, ეპიდემიის გადალახვა და ეკონომიკის სტაბილიზაცია ყველას საერთო ამოცანაა. ეს გამოწვევა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან საჭიროებს ახალ მიდგომებსა და არასტანდარტულ გადაწყვეტილებებს. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, აქვს დიდი გამოცდილება და მნიშვნელოვანი მიღწევები რეფორმების განხორციელების მიმართულებით, რომელიც ფართოდაა აღიარებული მსოფლიოში.

ამიტომ, ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს ქართველ მეგობრებსა და პარტიონერს, გაითვალისწინონ წარმოდგენილი არგუმენტები და არ გახადონ ორმხრივი ურთიერთობები დამოკიდებული უკრაინაში მიმდინარე რეფორმების პროცესზე.

უკრაინა - საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება ჩვენი ხალხის ნებაა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის ყველა მხრივ განვავითაროთ.“- ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, 7 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშნა. დღეს საქართველოს საგარეო უწყებამ უკრაინაში საქართველოს ელჩი კონსულტაციებისთვის თბილისში დაიბარა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველო არ განიხილავს უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას, ან სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას, თუმცა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან, საქართველოს სასამართლო სისტემის მიერ მსჯავრდებული და ძებნილი ადამიანის მსგავსი დანიშვნაც შეკითხვებს იწვევს, რის გამოც, ელჩის მონაწილეობით, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა განისაზღვროს, თუ რა ქმედებებია აუცილებელი, რათა შექმნილმა ვითარებამ ნეგატიურად არ იმოქმედოს ორმხრივ ურთიერთობებზე.

"ენტონი ბლინკენმა ლავროვთან საუბრისას, საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის საკითხიც წამოსწია" - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

"ოპოზიცია დენიკინის ჯარივით ვართ, მარტო გენერლები" - გუბაზ სანიკიძე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"