ავტორი:

კორონავირუსთან ბრძოლის "შვედურმა მოდელმა" არ გაამართლა - შეზღუდვების გარეშე ცხოვრებამ, ინფიცირებულთა სიკვდილიანობა 12%-მდე გაზარდა

კორონავირუსთან ბრძოლის "შვედურმა მოდელმა" არ გაამართლა - შეზღუდვების გარეშე ცხოვრებამ, ინფიცირებულთა სიკვდილიანობა 12%-მდე გაზარდა

შვედეთი იმ მცირე ქვეყნებს შორისაა, სადაც კორონავირუსის პანდემიის გამო კარანტინის მკაცრი რეჟიმი არ დაუწესებიათ. COVID-19-თან ბრძოლის შვედური მოდელი განხილვის საგანი გახდა და მას როგორც ადგილობრივ დონეზე, ასევე, გლობალური მასშტაბით ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა.

კორონავირუსთან ბრძოლის "შვედური მოდელი“ გულისხმობს, რომ ადამიანებმა ნებაყოფლობით შეინარჩუნონ სოციალური დისტანცია. ხელისუფლება ნებას რთავს ბიზნესს, რესტორნებს, ბარებსა და სკოლებს იფუნქციონიროს.

მაშინ, როცა მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში, მილიონობით ადამიანი, კორონავირუსის საფრთხის გამო, სახლებში იყო გამოკეტილი, შვედეთში ადამიანებს არ ეკრძალებოდათ გარეთ გასვლა, მეგობრებთან ერთად კაფეებში თავშეყრა, არც სალონები დახურულა. ხელისუფლების წარმომადგენლები კი ვირუსთან გასამკლავებლად მოქალაქეების პირად პასუხისმგებლობაზე საუბრობდნენ. მათ არ დაუწესებიათ შეზღუდვები, მხოლოდ რეკომენდაციებს გასცემდნენ.

როგორც Business Insider წერს, კვლევა აჩვენებს, რომ ასეთი მიდგომა, შესაძლოა, დამღუპველი იყოს და შვედეთს დიდი საფასურის გადახდა მოუწიოს. სტატისტიკის მიხედვით, შვედეთში ერთ სულ მოსახლეზე დაანგარიშებით, სხვა ქვეყნებთან შედარებით, კორონავირუსით სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

შევედეთის მოსახლეობა 10.23 მილიონს შეადგენს. COVID-19-ით კი გარდაცვლილია 3 698 პაციენტი. ეს რიცხვი გაცილებით მცირეა მაგალითად, აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილებთან შედარებით, სადაც ვირუსს 91 981 პაციენტი ემსხვერპლა, მაგრამ შვედეთის მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, ის იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც პანდემიამ ყველაზე მძიმე ფორმა მიიღო.

"ბიზნეს ინსაიდერი" აქვეყნებს სტატისტიკურ მონაცემებს, რომელიც ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის კვლევას ეყრდნობა. მონაცემების მიხედვით, კორონავირუსით დაავადებულ პაციენტთა შორის გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელით, შვედეთი მსოფლიოს მეოთხე ქვეყანაა. კონკრეტულად კი, COVID-19-ით ინფიცირებულთა 12.4 % გარდაიცვალა (აღსანიშნავია, რომ მონაცემები გამოქვეყნებულია 14 მაისს და ამ დროისთვის ის მცირედითაა შეცვლილი).

  • COVID-19-ით ინფიცირებულთა შორის გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელი

ასევე, შვედეთში ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით მაღალია ინფიცირებულთა რაოდენობაც. სტატისტიკის მიხედვით, ყოველ 100 000 მოქალაქეს შორის 273 ინფიცირდება. ამ მონაცემებით კი, შვედეთი მსოფლიოს მეხუთე ქვეყანაა და ის მხოლოდ ესპანეთს, აშშ-ს, იტალიასა და დიდ ბრიტანეთს ჩამორჩება.

  • COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველ 100 000 მოსახლეზე

შვედეთის მთავარმა ეპიდემიოლოგმა, ანდერს ტეგნელმა, თავის ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში The Daily Show-ში თქვა, რომ მისთვის ქვეყანაში სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი მოულოდნელი იყო.

კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც ყურადღებას იპყრობს ისაა, რომ შვედეთში კორონავირუსით გარდაცვლილ ხანშიშესულთა ნახევარზე მეტი ზრუნვის სახლში ცხოვრობდა. აღნიშნულთან დაკავშირებით BBC წერს.

შვედეთში მცხოვრები ლილი პერსპოლისი ჰყვება, რომ მისი მამა სტოკჰოლმის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ზრუნვის სახლში კორონავირუსით გარდაიცვალა. ლილის თქმით, გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე ინფიცირებულს მორფინი გაუკეთეს, არც სასწრაფოში დაურეკავთ და მისთვის არც ჟანგბადი მიუციათ.

"ისე გარდაიცვალა, რომ მასთან არავინ იყო, ეს უსამართლობაა”, - ამბობს ლილი.

კორონავირუსით გარდაცვლილთა მემორიალი სტოკჰოლმში

BBC-ის ცნობით, შვედეთში COVID-19-ით გარდაცვლილი 3 698 ადამიანიდან უმეტესობა 70 წელს გადაცილებულია და ეს მოხდა მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ვირუსის საწყის ეტაპზევე რისკ ჯგუფების დაცვა პრიორიტეტად გამოაცხადეს.

ჩვენ ვერ მოვახერხეთ ყველაზე დაუცველი ადამიანების დაცვა, ჩვენი სურვილის მიუხედავად, - განაცხადა გასულ კვირას შვედეთის პრემიერ-მინისტრმა შტეფან ლევენმა

დღეს შვედეთში ბევრი ადამიანი აკრიტიკებს ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლების მიერ შედგენილ პროტოკოლს, რომლის მიხედვითაც, ზრუნვის სახლების მუშაკებს არ აქვთ უფლება იქ მაცხოვრებლები საავადმყოფოებში გაგზავნონ, ასევე არ აქვთ უფლება ჟანგბადი მისცენ ინფიცირებულს სპეციალისტის თანხმობის გარეშე. ისინი იძახებენ ე.წ. კოვიდ-ჯგუფებს, რომლებიც ადგილზევე აღმოუჩენენ დახმარებას პაციენტებს.

შვედეთის პრემიერი ამბობს, რომ მოხუცები ვირუსისგან ვერ დაიცვეს

ინტენსიური მედიცინის შვედი სპეციალისტის, მიკაელ ფჟალიდის თქმით, სჯერა ბევრი სიცოცხლის გადარჩენა შეიძლებოდა უფრო მეტ პაციენტს რომ ჰქონოდა საავადმყოფოში მკურნალობის შესაძლებლობა, ან ზრუნვის სახლების თანამშრომლებს უფლება რომ ჰქონოდათ, საჭიროების შემთხვევაში, ჟანგბადი მიეცათ იქ მყოფი პაციენტებისთვის და არ დალოდებოდნენ COVID-19-ის მკურნალობაზე პასუხისმგებელ ჯგუფებს.

ბოლო ინფორმაციით, შვედეთში კორონავირუსით 30 377 ადამიანი დაინფიცირდა, 3 698 გარდაიცვალა, ხოლო 4 971 გამოჯანმრთელდა.

"ვირუსმა არც მის ოჯახს აუარა გვერდი..." - როგორ ცხოვრობს კადიროვი 10 შვილთან და მეუღლესთან ერთად, რომელიც მოდის ბიზნეშია ჩართული

პაკისტანში ჩამოვარდა სამგზავრო თვითმფრინავი, რომელშიც 107 მგზავრი იმყოფებოდა

კარანტინის გამო სოფელში ჩასულმა ბავშვებმა, ბებიის ზეწრებში ოქროს ზოდები იპოვეს - დაუჯერებელი ამბავი საფრანგეთიდან