მოსკოვის კარნეგის ცენტრის დირექტორი დიმიტრი ტრენინი სამხრეთ ოსეთის დაბრუნების, ცხინვალის რეგიონში საერთაშორისო პოლიციის განლაგებისა და გალის რაიონის დაბრუნების სანაცვლოდ საქართველოს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას სთავაზობს.
ამის შესახებ თავისი მოსაზრებები დიმიტრი ტრენინმა რუსეთში გამომავალ ინგლისურენოვან გაზეთ "The Moscow Times"-ის 10 აგვისტოს ნომერში, სათაურით "როგორ შევრიგდეთ საქართველოსთან" გამოაქვეყნა.
ტრენინის აზრით, მაშინ როცა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუსეთთან მიმართებაში გადატვირთვის პოლიტიკა გამოაცხადა, ხოლო მედვედევმა ევროპის ქვეყნებთან "სამოდერნიზაციო ალიანსების" შექმნის შესახებ განცხადებები უკვე გააკეთა, თეთრ სახლსა და კრემლს შორის საქართველოს საკითხზე კონსესუსი უნდა იქნას მოძებნილი. მისივე თქმით, მოსკოვი არ უნდა დაელოდოს 2013 წელს სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლას, მითუმეტეს რომ, თუ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ქვეყნის კონსტიტუცია შეცვალა, იგი ისევე როგორ რუსეთში პუტინი, საქართველოს ძლევამოსილი პრემიერ-მინისტრი იქნება.
"მანამდე რუსეთის სახელმწიფომ საქართველოს საკითხში კურსი ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ უნდა შეცვალოს და ქართველ ხალხთან ტრადიციულად კეთილი ურთიერთოები აღადგინოს", - დასძინა დიმიტრი ტრენინმა. მისივე თქმით, იმის გარდა, რომ რუსეთმა საქართველოსთან უნდა აღადგინოს საავტომობილი და საჰაერო მიმოსვლა და გაამარტივოს სავიზო მიმოსვლა, სერიოზულად უნდა იფიქროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარებაზე.
ამისათვის, ტრენინის აზრით, საქართველოს სერიოზულ დათმობებზე წასვლა მოუწევს, მაგრამ ეს უკეთესი იქნება, ვიდრე კონფლიქტის გაურკვეველი ვადით გადადება.
ტრენინის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ აფხაზეთს განსაკუთრებული გეოგრაფიული მდებარეობა და რესურსები აქვს და ჰყავს ელიტა, რომლის გამოყენება სახელმწიფოს მშენებლობისათვის შეიძლება და რომელიც აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებას არ დაუშვებს, მაგრამ მათ თბილისს მიწის, კერძოდ გალის რაიონის დაბრუნება, აფხაზეთის დანარჩენი ტერიტორიის დამოუკიდებელ სახელმწიფოს აღიარების სანაცვლოდ შეთავაზება შეუძლია. მისივე თქმით, ასეთ ვითარებაში აფხაზეთში რუსული ჯარების ყოფნის საკითხი ნაკლებად აქტუალური იქნება და მისი შემცირება შესაძლებელი იქნება.
რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს, იმის გათვალისწინებით, რომ ამ რესპუბლიკას სიცოცხლისუნარიანობის პერსპექტივა არა აქვს, და თუ იგი ჩრდილოეთ ოსეთს შეუერთდა, ეს რუსეთისთვის კატასტროფა იქნება, ამ საკითხისადმი შემოქმედებითი მიდგომის გამოყენება იქნება საჭირო. იგი ასეთ მიდგომად ანდორის მოდელის გამოყენას ასახელებს. რაც პრაქტიკულად სამხრეთ ოსეთის საქართველოსათვის დაბრუნებას ითვალისწინებს, მაგრამ რეგიონში საერთაშორისო საპოლიციო ძალები უნდა განლაგდნენ და რუსეთს სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების დაცვის უფლება უნდა ჰქონდეს.
ტრენინის შეფასებით, ვითარებაში, როცა რუსეთი თავის ჯარებს როკის გვირაბს იქეთ გაიყვანს, ეს საქართველოს გარდა იმისა, რომ საშუალებას მისცემს კანონიერად იყოს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, "დაიცავს საქართველოს მის დედაქალაქზე მოულოდნელი თავდასხმისაგან".
"ამით საქართველო გარდა იმისა, რომ ძალიან მოიგებს, მოაწესრიგებს ურთიერთობას თავის ჩრდილოელ მეზობელთან და თავის ძალისხმევას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისაკენ მიმართავს", - დასძენს კარნეგის ცენტრის დირექტორი დიმიტრი ტრენინი.