ავტორი:

ვინ არიან ასტრონავტები, რომლებიც SpaceX-ის და NASA-ს მისიას ასრულებენ - ისინი საუკეთესო მეგობრები არიან, ცოლები კი ასტრონავტები ჰყავთ

ვინ არიან ასტრონავტები, რომლებიც SpaceX-ის და NASA-ს მისიას ასრულებენ - ისინი საუკეთესო მეგობრები არიან, ცოლები კი ასტრონავტები ჰყავთ

ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ აგებული კოსმოსური ხომალდი, Crew Dragon ღია სივრცეში წარმატებით გაფრინდა და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს დაუკავშირდა.

ეს ისტორიული მოვლენაა, რადგანაც პირველად მოხდა, რომ კოსმოსში ადამიანები კერძო კომპანიის მიერ აგებული ხომალდით წავიდნენ, გარდა ამისა, 2011 წლის შემდეგ, პირველად წავიდნენ ადამიანები კოსმოსში აშშ-ის მიწიდან.

ეს არის კომპანია SpaceX-სა და NASA-ს ერთობლივი მისია, რომელიც თუ წარმატებით დასრულდება, კოსმოსურ სადგურზე რეგულარული ფრენების დაწყებას ითვალისწინებს.

NASA-მ უმნიშვნელოვანესი მისიისთვის გამოცდილი ასტრონავტები შეარჩია, რომლებზეც უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისტორია დაწერეს. უკეთ გავიცნოთ ისინი.

რობერტ ბენკენისა და დუგლას ჰარლისთვის ეს არ არის კოსმოსში პირველი მოგზაურობა. ისინი ორ-ორჯერ მონაწილეობდნენ წარსულში NASA-ს კოსმოსურ მისიებში. რობერტი და დუგლასი წლებია ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები არიან და აღსანიშნავია, რომ მათ ცოლებიც ასტრონავტები ჰყავთ.

  • დუგლას ჰარლი

ის ნასა-ში 2000 წლიდან მუშაობს და აქამდე კოსმოსში ორი ფრენა აქვს შესრულებული - 2009 და 2011 წელს. ნიუ-იორკელი დუგლასი პროფესიით ინჟინერია, ასევე არის პროფესიონალი პილოტი - მას დამთავრებული აქვს ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების სკოლა, სადაც ამ პროფესიას დაეუფლა. მუშაობდა შტატების საზღვაო ქვეითთა კორპუსში საცდელ ფრენებზე.

ჰარლი 53 წლისაა. ის ნასა-ს ასტრონავტთან გუნდს 2000 წლიდან შეუერთდა.

  • რობერტ ბენკენი

ჰარლის მსგავსად, ბენკენმაც ორჯერ იფრინა კოსმოსში - 2008 და 2010 წლებში. ის მისიების ხელმძღვანელი იყო. პროფესიით რობიც ინჟინერია და ვაშინგტონის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული.

49 წლის ბენკენი მოგვიანებით ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალებს შეუერთდა და მალევე ნასას ასტრონავტთა კანდიდატი გახდა.

"ჩემი პირველი ფრენის დროს მე არ მყავდა შვილი, ახლა კი აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ შევძლებ მისიის შესახებ მას ვუამბო და ყველაფერი გავუზიარო“, - თქვა ბენკენმა კოსმოსში გაფრენამდე.

ჰარლი კი ამბობს, რომ ის ძალიან იღბლიანია, რადგანაც კოსმოსში საუკეთესო მეგობართან ერთად მიდის.

"იღბლიანი ვარ, რომ ჩემს საუკეთესო მეგობართან ერთად მივფრინავ. ვფიქრობ, ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც სურს, რომ იგივეს გაკეთება შეეძლოს“, - ამბობს ჰარლი.

როგორც BBC წერს, ორივე ასტრონავტს ასევე ასტრონავტი ცოლები ჰყავთ. ჰარლის ცოლმა ორჯერ იფრინა კოსმოსში. წყვილს 10 წლის ვაჟი ჰყავს.

ბენკენი ასტრონავტ მეგან მაკარტურზეა დაქორწინებული. კოსმოსის ღია სივრცე არც მისთვისაა უცხო. მან 2009 წლის მისიის დროს იფრინა.

აღსანიშნავია, რომ ის NASA-ს ასტრონავტთა კორპუსის ყველაზე აქტიური წარმომადგენელია და არის პოტენციური კანდიდატი იმისა, რომ გახდეს პირველი ქალი, რომელიც მთვარეზე დადგამს ფეხს. NASA 2024 წლის მთვარეზე დაგეგმილი მისიისთვის მის კანდიდატურას აქტიურად განიხილავს. წყვილს ჰყავს 6 წლის ვაჟი, თეო.

ჰარლი ცოლთან და შვილთან ერთად

ჰარლი, ბენკენი, ნაიბერგი და მაკარტური ასტრონავტის პროფესიას ერთად სწავლობდნენ 2000 წლიდან. მათ ერთმანეთის ქორწილებიც არ გამოუტოვებიათ.

ჰარლი და ბენკენი დროის უმეტეს ნაწილს ერთად ატარებენ. ბენკენმა CNN-ს კოსმოსში წასვლამდე უთხრა, რომ ისინი ისე არიან, რომ შეუძლიათ სხეულის ენით, უსიტყვოდ გაუგონ ერთმანეთს.

"როცა რაიმეს ვაკეთებ, უბრალოდ შევხედავ და მისი სახით ვხვდები, რაიმე არასწორად გავაკეთე, თუ კარგად“ - ამბობს ჰარლი ბენკენის შესახებ. ბენკენის თქმით კი, ამ ორს შორის ყველაზე უფრო ორგანიზებული და მოწესრიგებული ჰარლია.

ორივე მათგანი შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა კორპუსში საცდელ ფრენებზე მუშაობდა. ისინი ბოლო ორი წლის განმავლობაში თანამშრომლობდნენ ილონ მასკის კომპანიასთან, Space X-თან და ემზადებოდნენ მისიისთვის, სწავლობდნენ ყველა დეტალს ახალი თაობის კოსმოსური ხომალდის შესახებ.

  • მისია

მისიის დაწყებიდან 19 საათში ნასამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალი კოსმოსური ხომალდი ნასას კოსმოსურ სადგურს წარმატებით დაუკავშირდა. მისია 30-დან 90 დღემდე პერიოდს მოიცავს. უნდა ჩატარდეს სხვადასხვა ტიპის კვლევები, თუმცა ჯერჯერობით დეტალები უცნობია.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 9 წლის განმავლობაში NASA კოსმოსურ სადგურზე ასტრონავტების გასაშვებად რუსულ Soyuz-ზე იყო დამოკიდებული. Crew Dragon-ის მისიის სრულად წარმატებით შესრულების შემდეგ, კომპანია საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე რეგულარულ ფრენებს დაიწყებს.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე გართულებული ვითარება  რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ვლადიმირ პუტინმა განიხილეს

როგორ სახლებს დადგამენ მარსზე, თუკი მასზე ადამიანისთვის ცხოვრება შესაძლებელი გახდება - სამგანზომილებიანი ფოტოები

COVID-19-ის აფეთქების ახალი ეტაპი ესპანეთში - ბრიტანეთმა ის უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო