ავტორი:

სეტიელი, კვიტინი, ბაბადიში, გალოგრე... - გაქრობის პირას მყოფი უიშვიათესი გვარები და სახელები საქართველოში

სეტიელი, კვიტინი, ბაბადიში, გალოგრე... - გაქრობის პირას მყოფი უიშვიათესი გვარები და სახელები საქართველოში

საქართველოში არაერთი იშვიათი სახელისა და გვარის მქონე ადამიანი ცხოვრობს. მილიარდი, ვებერთელა, მხედარი, ვინარი, კუკუშა, ედემი, ფუჩქი, ფიზიკა, პელე, გარინჩა, ნიუტონი, სევდაგულ, ფემისტოკლე, კეკლუცა, ნექტარი, ლამაზი, ვარგისო, მოქეიფე - ეს მხოლოდ სიტყვები არ გეგონოთ, ამ შემთხვევაში მათ საკუთარი სახელების ფუნქციაც აქვთ შეძენილი, რასაც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზის იშვიათ სახელთა ჩამონათვალში ამოიკითხავთ და ამ სახელის მქონე ადამიანები საქართველოში რეალურად არსებობენ.

იქვეა იშვიათი გვარების ჩამონათვალიც - ავგაროზაშვილი, თერძიშვილი, კბილიანაშვილი, ზეცაშვილი, ზურმუხტაშვილი, კრიჭინაშვილი, ვარვარიძე, სურვილაძე, შავთვალიშვილი, უფროსაშვილი, თევდორიკაშვილი, ნამზითიშვილი, ბუჩუხიშვილი, ელკანაშვილი, სასურქინაშვილი, კვიტინი, ღვლიღვაშვილი, მონავარდიშვილი.

ამ გვარ-სახელებზე, ან სხვა იშვიათ გვარებზე ცნობები თითქმის არ არსებობს, ან მწირია.

იშვიათ და მცირერიცხოვან გვარად ის მიიჩნევა, რომლის წარმომადგენელთა რაოდენობა 20-ზე ნაკლებია, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ გვარი გაქრობის პირასაა.

გვარი პიროვნების მახასიათებელი მთავარი ატრიბუტია. ქართული გვარი არაერთი მეცნიერის, მკვლევარის სამუშაო თემა ყოფილა, თუმცა ისინი ბოლომდე მაინც არ არის სრულად აღნუსხული.

ავთანდილ სილაგაძისა და ანზორ თოთაძის წიგნი - ,,გვარ-სახელები საქართველოში“, რომელიც ეკონომიკური რეფორმებისა და პრივატიზების პროცესში მოპოვებულ მასალას ეყრდნობა, საქართველოს მოსახლეობას მოიცავს, მაგრამ წიგნში იშვიათი და პატარა გვარები არ არის შეტანილი, რომელთა წარმომადგენლების რაოდენობა ოც სულზე ნაკლებია. აღნიშნულ წიგნში მხოლოდ 13.600 გვარამდეა შესული.

ცნობილია, რომ ყველაზე მრავალრიცხოვანი გვარი ბერიძეა, რომლის წარმომადგენელთა (თანამოგვარეთა) რიცხვი 20.000-ზე მეტია. შემდგომ მოდის კაპანაძე (18 550), გელაშვილი (17 995), მაისურაძე (16 516), გიორგაძე (14 582), კვარაცხელია (13 618), ლომიძე (12 949), შენგელია (12 764), წიკლაური (12 499), ხუციშვილი (11 062), ბოლქვაძე (11 059), ნოზაძე (10 784), აბულაძე (10 438).

რაც შეხება მცირერიცხოვან გვარებს, მათ შორის არის ეშქერიძე. ამ გვარის ერთადერთ წარმომადგენელზე სტატია 2005 წლის თებერვალში გაზეთ „თბილისში“ გამოქვეყნდა.

მზეგულ ეშქერიძე შვედეთში დაბადებული და გაზრდილი ქართველია, რომლის წინაპრები ტაო-კლარჯეთიდან ყოფილან. ბაბუა მზეჭაბუკ ეშქერიძე მენშევიკების წინააღმდეგ იბრძოდა, რის გამოც იძულებული გახდა, ოჯახით ემიგრაციაში თურქეთში გადახვეწილიყო...

„მცირერიცხოვან გვარებში არის გვარი - ბაბადიში. ეს კახელი თავადების გვარია, რომელიც კახეთში სპარსელების ბატონობისას დაწინაურდა. მათ რწმენა შეცვლილი ჰქონიათ და რამდენიმე ცოლის ყოლის უფლება ჰქონდათ. გადმოცემით, ბაბადიშები მესამე თუ მეოთხე ცოლის შთამომავლები იყვნენ. სიტყვა "ბაბა" საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ბაბუას ნიშნავს, ზოგან - მამას ეძახიან. "ბაბა დიდი" კი "დიდ მამას" ანუ - "პაპას" ნიშნავს. XX საუკუნის დამლევს, კახეთში სულ რამდენიმე ბაბადიში ცხოვრობდა, უმეტესად - ქალები“, - აღნიშნავს ჟურნალ „გზასთან“ (2015 წელი) ინტერვიუში თსუ-ს პროფესორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ზურაბ ჭუმბურიძე.

იმავე ინტერვიუში იშვიათ გვართა შორის ახსენებს - "ჯოლბორდს", რაც ძველად ისრის მსროლელს ნიშნავდა, რომელიც უცხოდ ჟღერს, მაგრამ ქართული გვარია. „უცხოდ ჟღერს გალოგრეც, თუმცა, ეს ქართული წარმოშობის გვარია. ისინი წარმოშობით გურიიდან არიან.

ძალზე იშვიათი გვარია ჯაკონიაც, ის "დიაკვნისგან" მოდის. გადმოცემით, ჯაკონიები დიაკვნის შთამომავლები არიან. იშვიათი გვარია - სეტიელიც. სეტიელები ამჟამად სვანეთში არ ცხოვრობენ, მაგრამ მათი გვარის მიხედვით შეიძლება დავასკვნათ, რომ ისინი სვანები უნდა ყოფილიყვნენ. სეტი - ასე ჰქვია მესტიაში ერთ-ერთ უბანს. სეტი - იგივეა, რაც სვეტი, სადაც განდგომილი ბერი ცხოვრობდა. ამჟამად სეტიელების გვარიდან სულ რამდენიმე ადამიანია დარჩენილი...

იშვიათი გვარია ქალანთარი. ეს სიტყვა სომხურში "კალანტარის" ფორმით გვხდება და ქალაქის მეთაურს ნიშნავს. რაც შეეხება ტარყაშვილებს, მათი გვარი "ტარუღასაგან" მოდის, ეს სპარსული სიტყვაა და "ქალაქის მოურავს" ნიშნავს“ - განმარტავს ზურაბ ჭუმბურიძე ინტერვიუში.

მისი თქმით, იშვიათ გვართა შორისაა, ენაკოლოფაშვილი. კოლოფაშვილების წინაპარი საიდანღაც ყოფილა ჩამოსახლებული, ბევრი ენა სცოდნია, ამის გამო დაურქმევიათ ენაკოლოფა. ახლა ეს გვარი გამქრალია... ცალქალამანიძეს აზნაურული წარმოშობა აქვს. ისეთი გაჭირვება ყოფილა, რომ მაყრები ქორწილშიც კი ფეხშიშველები მიდიოდნენ, ამიტომ, ვიღაცას ცალი ქალამანიც რომ სცმოდა, ეს შეძლებულად მიაჩნდათ. ასე გაჩენილა გვარი ცალქალამანიძე.

მეცნიერის თქმით, საკმაოდ ცნობილი გვარია გვერდწითელი, რომლის ეტიმოლოგია სარგის ცაიშვილს აქვს ახსნილი: ქარელის რაიონში არის სოფელი - გვერძინეთი, რომელიც ციციშვილების საკუთრება იყო. როგორც ჩანს, ამ გვარის წარმომადგენელს თავდაპირველად გვერძინეთელს ეძახდნენ, მერე კი, ამ სიტყვამ თანდათან იცვალა ფორმა და ასე წარმოიშვა ჩვენში კარგად ცნობილი გვარი - გვერდწითელი.

„არსებობს ადგილმდებარეობის მიხედვით წარმოქმნილი გვარებიც - სრესელი, სხიერელი, მეტეხელი, ხირსელი, მათურელი. ასევე ბევრია რაიმე უარყოფითი თვისების გამომხატველი გვარებიც, რომლებიც მეტსახელების მიხედვით შეიქმნა, მაგალითად: კელენჯერიძე - წარმოქმნილია სიტყვისაგან "კელენჯერი", რაც ჯიუტს ნიშნავდა. "ლოჩო" მშვიდსა და წყნარს ნიშნავს, აქედან წარმოიშვა გვარი ლოჩოშვილი. ლაფაჩი თურქული წარმოშობის სიტყვაა და სუსტს, დონდლოს ნიშნავს. ასევეა მძინარიშვილი, საძაგლიშვილი... დოლენჯიშვილი სულაც არ არის ცუდი გვარი, მაგრამ "დოლენჯი" თურქულად მათხოვარს ნიშნავს. დაახლოებით ასეთივე ძირი აქვს ლუტიძეს: "ლუტი - კაცი უსახლკარო და უქონელი" - ასეა განმარტებული ლუტიძის ძირი ძველქართულად. კიკნაძე - "კიკნა" პატარას ნიშნავდა, მნიშვნელობით ეს იგივე პატარიძეა... ძალიან იშვიათი გვარია კიუტი, რომელიც სამეგრელოში გვხვდება. "კიუტი" მეგრულად ანგარებას ნიშნავს...

საკმაოდ იშვიათი გვარებია - პატარძლიშვილი, დედაბრიშვილი, ასევე - ქალის სახელისაგან მიღებული გვარები - ეთერია, ელისაბედაშვილი, მარიამული, მზექალაშვილი, შუშანაშვილი.

სამეგრელოში ბაბო და გოგო კაცებსაც ერქვათ და სწორედ აქედან მოდის გვარები - ბაბუციძე, გოგოძე, გოგობერიძე, გოგოხია“ - ვკითხულობთ ზურაბ ჭუმბურიძის ინტერვიუში.

ფაქტია, რომ ყველა ქართული გვარი თავისებური და განუმეორებელია, თითოეულ მათგანს განსაკუთრებული გაფრთხილება და მეტი შესწავლა უნდა, რომ არ გაქრეს!